ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2013


დაძველებულა ეს აპრილი...

დაძველებულა ეს აპრილი, ვით ჩითის კაბა,
რეცხვისგან  გამოხუნებული  ლაბლაბოებით,
აწმყოს უფერულს,  ვით გარღვეულ დუმილებს ვლამბავ,
ცოტა იმედით, უფრო მეტი ამაოებით.
ძველია ფარდაც, ძველი სარკმლის სიშიშვლეს ფარავს,
ძველია ჭერიც, იატაკიც, კედლების ღრიჭოც,
მაინც სახლია და რაღაცით ჯობია კარავს,
მე მისი ვიწრო აივანი  დარბაზებს მიჯობს...
არ არის მამა, დედის  მაჯა, ვით ხმელი ტოტი,
მიჭირავს ხელში და პულსების დათვლა ძნელია,
ძილი დამფრთხალა, შუაღამის სრულდება ოთხი,
(თუ გამთენიის) წლებს სცოდნიათ, რა საწყენია.
დამზრალან ყინვამორეული ჭარმაგი ძვლები,
თენდება დილა, განთიადი მოდის ზმორებით,
სადღაც გარდავლილს იგონებენ ბაბუა ძმები
და დარდებს ცლიან, ღვინიანი ძველი დორებით...
გახუნებულა ეს აპრილი, ვით ძველი ფატა,
სნეული დილა ყვითელია, როგორც ბაია,
გობელენებზე, მოწყენილი ძველ აპრილს ხატავს,
ბაბუა ძმებო, უკვე თქვენი ბებო დაია...
დაღლილი გული, ისევ ისე გულობას  ჩემობს,
იანუსივით მზერა ვერ თმობს ძველ სიდიადეს,
მოსასვლელ დღეებს  დაჰკარგვიათ  სუნი და გემო,
როგორც მარილი ნაკვერჩხლებზე დამცხვარ ხმიადებს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები