ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
12 ივნისი, 2013


შეგრძნებები

წინაღამეგანათევი მოთხრობის გადაბეჭდვა უნდოდა.
აღმოჩნდა, შუქი არ იყო და ვერ გადაბეჭდავდა...
მხოლოდ ის იცოდა ამ მოთხრობაში, ქალი წერილს კიტხულობდა, იცოდა ინტერიერი, სადაც ქალი ცხოვრობდა, იცოდა ბაღი რომელსაც ქალი ფანჯრიდან უყურებდა და იცოდა წერილის ავტორი... სხვა არაფერი...
ხანდახან იმასაც კი ფიქრობდა ეს მოთხრობა ბუხარში შეეყარა და დაევიწყებინა... ვერ კი იმეტებდა.
... ციდან ფურცლები ცვიოდა.
არა, კი არ ცვიოდა მაგიდაზე და იატაკზე იყო მომიფანტული, და ჭუჭყიანი, ტალახიანი წვიმა დასდიოდა.
„... ბუხრის ალი ანათებდა ბარათს, რომელსაც ქალი ათვალიერებდა.
ოდესღაც, ვიღაცის მიერ ქალის მისამართით დაწერილ ბარათს.
ფანჯრიდან ვერცლისფერ წვიმაში გაპარული ცეცხლის შუქი ძლივს სწვდებოდა ყვითელ ვარდებს.
ქალს წერილის კითხვისას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ოდესღაც რაღაცაზე გაკვირვებულა და ასე გაკვირვებული გაქვავებულა აწეული წარბებით და წერილით ხელში.
ათასჯერ ტკივილით წაკითხული ამ წერილის ხელმეორედ გადაკითხვა უბრალოდ ცხოვრებისეულ აუცილებლობად ჰქონდა გადაქცეული, ან უბრალოდ მის ცხოვრებას ეს ერთადერთი დანიშნულება-ღა ჰქონდა. კიდევ ერთხელ წაეკითხა...
... და ეს ყველაფერი ქალსაც სახეზე ეწერა და წერილსაც...“
იატაკზე მიმოფანტული ფურცლები ისევ სველდებოდა ჭუჭყიანი წვიმით...
გაუკვირდა „საიდან წვიმა?!“
ზევით აიხედა და ... ოთახს სახურავი გადახდილი ჰქონდა... წვიმაც პირდაპირ ასხამდა.
მერე თანდათან იმასაც მიხვდა, წვიმა კი არ ჩამოდიოდა, სახლის სახურავზე დატანებული ღია სარკმლიდან ვიღაც ასხამდა ტალახიან წყალს...
„რატომ?! “
- იმიტომ, რომ გალაკტიონი „კაგებეშნიკი“ იყო და სამშობლოს მოღალატე, შენ კიდევ გიყვარს - უთხრა სახურავზე მჯდომმა უცნობმა და ვედროში დარჩენილი ტალახიანი წყალი პირდაპირ ზედ ჩამოასხა ქალს...
- ნუ აბინძურებთ ყველაფერს - თქვა სასოწარკვეთილმა და  იატაკზე დაყრილი ფურცლების აკრეფა უნდოდა...
ფურცლები აღარაფრად ვარგოდა, აღარც ნაწრი ემჩნეოდა...
-„კაგებეშნიკი“ იყო, „კა-გე-ბეშ-ნი-კი!“ - თქვა უცნობმა და ქალი სახრით წინ გაიგდო...
შუა მინდორში იდგა დედიშობილა. სახე, თმები და სხეული ტალახიანი ჰქონდა.
უცნობი შორიახლო დადგა და ქვების სროლით ერთობოდა...
მარტო ის უცნობი არა...
ყველამხრიდან ესროდნენ ქვებს...
„რატომ?“
- რაგინდათ გალაკტიონისაგან?! - ძლივს ამოღერღა.
სცხვენოდა საკუთარი სიშიშვლის. არ იცოდა, ხელებით სიშიშვლე დაეფარა, თუ სახე ნასროლი ქვებისაგან.
-არაფერი,... სიმართლე უნდა ითქვას, დიდი პოეტი კი არ იყო, კომუნისტური პოეტი იყო და დიდად მონათლეს...
გალაკტიონი შორიდან უყურებდა ყველაფერს, შორიდან და ეღიმებოდა... ორივეზე ეღიმებოდა...
უცნობს მობეზრდა ქვისროლით გართობა, გაჩუმდა გაიღიმა და წავიდა...
...წვიმდა!...
ფურცლებზე თავისი მოთხრობების დიალოგებს მოჰკრა თვალი...
კარებზე დააკაკუნეს.
გამოერკვა.
დამძიმებული იყო.
კარი გააღო და...
დიდმკერდიანი და ლამაზთვალებიანი ქალი შეწუხებული და მბრძანებლური სახით შინაურულად შემოვიდა...
- ძლივს გიპოვე! ვრეკავ, ყურმილს არავინ არ იღებს - სავარძელში ფუნდამენტალურად მიკალათდა.
...ისევ გაექცა ფიქრი...
- ჰოოო! - თქვა უაზროდ.
- შენ თუ არ გითხარი, ვის უნდა ვუთრა - სევდიანი, ლამაზი თვალებითა და ძალიან  „გულწრფელი“  სახით უყურებდა თვალებში.
თვითონ კი არ იცოდა სად წაეღო თვალები, იმდენად არ უნდოდა ამ არაგულწრფელობის დანახვა.
„რას კითხულობს ამნაირს იმ წერილში, ან რა ჰქვია?!“
დიდმკერდიან ქალს კი უკვე თმებით ეჭირა.
„რატომ?!“
- ვისთან არ დავრეკე, იმდენი გეძებე! - უთხრა და წყალში ჩააყოფინა თავი - შენ ჩემი მეგობარი ხარ და უნდა გამიგო...- წყლიდან თავი ამოაყოფინა - უნდა გამიგო...
... ბუხრის წინ მჯდომარე ქალმა ოდნავ შეიცვალა მდგომარეობა...
დიდმკერდიანმა კი ისევ ჩაავლო თმებში ხელი და ისევ წყალში ჩააყოფინა თავი...
ამჟამად უფრო დიდხანს.
სული შეეხუთა...
„ნეტავ თევზი ვიყო“ , გაიფიქრა.
- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შენზე ახლობელი არავინ არ მყავდა - ამოაყოფინა წყლიდან თავი - ჩვენ ისეთი მეგობრები ვიყავით...
„კარგია, რომ ბუხართან ოდნავ შეიცვალა მდგომარეობა, ახლა ცოტა უკეთესად ჩანს “...
- ჩვენ ისეთი მეგობრები ვიყავით - გაიმეორა დიდმკერდიანმა და ისევ უნდოდა წყალში თავი ჩაეყოფინებინა, მაგრამ გაიბრძოლა და ხელიდან დაუსხლა...
... ქალი ბუხართან ისევ იმ დგომარეობაში იჯდა...
...ფანჯრიდან ვერცხლისფერ წვიმაში გაპარული ცეცხლის შუქი ისევ ძლივს ანათებდა ყვითელ ვარდებს...
„რა დაემართა?!... გადაიღოს მაინც წვიმამ... ან ქალი ადგეს სავარძლიდან... როგორ შეუძლია სულ ასე ჯდომა“... გაიფიქრა და გაიქცა.
მირბოდა.
უნდოდა დიდმკერდიან და ლამაზთვალებიან ქალს როგორმე გაქცეოდა...
...ბუჩქებზე ფეხები ეკაწრებოდა... ხეებს ეჯახებოდა... გზას ვერ პოულობდა ტყეში.
ფეხში ეკალი შეესო...
უნდოდა ეკალი გამოეცალა, მაგრამ დიდმკერდიანი მეგობარი ძუძუების ხათქა-ხუთქით ფეხდაფეხ კუდში მისდევდა...
ფეხში სესობილი ეკალი წარმოუდგენელ ტკივილს აყენებდა...მაინც გარბოდა...
სადაც იყო გაექცეოდა... დაემალებოდა. წყალში თავის ჩაყოფასაც ასცდებოდა... და ისევ ბუხართან მჯდომარე ქალთან მივიდოდა სტუმრად...
ცოტაც და...
არავითარი ცოტაც!...
ჩიხში მოექცა...
ყველა მხრიდან კედელი...
„რა უნდა ტყეში კედელს?!“
დაინახა კედელს ფანჯრები ჰქონდა დატანებული... კარიც...ეს კედელი სასახლის კედელი აღმოჩნდა... ტყეში...
გაუკვირდა...
„მიშველეთ!“
- მიშველეთ! - კარზე ორივე ხელით აბრახუნებდა - მიშველეთ!
კარში დატანებული სარკმელიდან კარისკაცმა გამოიხედა...
- მიშველეთ, ხომ მიცნობთ! მე ვარ, გამიღეთ!...მომდევენ!
კარისკაცს თეთრი ხელთათმანებ ეკეთა და შავი ფრაკი ეცვა.
- ვინ არის?!
გაისმა კარისკაცის ზურგიდან ხმა.
- გთხოვთ!
– ეს ის... - კარისკაცმა წინადადება ვეღარ დაამთავრა კარის სარკმელში ქალი გამოჩნდა.
- შენ აქ რა გნდა?!
- შემომიშვი, მომდევენ!
- ვინ მოგდევს?!
- ჩემი...ჩემი...ჩემი მეგობარი!
- მეგობარს ემალები?
- არა, არ ვემალები...შემომიშვი! ძალიან გთხოვ!
- ვერ შემოგიშვებ!... აქ შენი ადგილი აღარ არის...
ქალმა სიმწრისაგან ტირილი დაიწყო:
- შემომიშვი! შენ მაინც მიშველე!
- მეც მასე ვითხოვდი შველას, როცა აქ გამომკეტე - უთხრა ქალმა სარკმლიდან - გამომკეტე და წახვედი, ვიღაც... ვიღაც...
- მაპატიეე!
სასწაულებრივ იმოქმედა ქალზე:
- შენ შეცვლილხარ, ან მართლა ძალიან გიჭირის. გაუღე კარი! - უბრძანა კარისკაცს.
კარისკაცმა კარი გააღო.
შევიდა.
უცნაური სახლი იყო, გარედან თითქოს დიდი ჩანდა. 
„რა პატარა ყოფილა შიგნიდან“...
- საპატიმროსავით არის - უთხრა დიასახლისმა - კატა კუდს ვერ მოიქნევს. როგორც დატოვე ისეთია, მხოლოდ მე უკვე შევეჩვიე.
დიასახლისს დახვეწილი მანერები ჰქონდა.
- რა მინდოდა ამ სახლში?! შენ იდეალურ ურთიერთობებს ეძებდი, მე რა შუაში ვიყავი?!  მე ჩემი ცხოვრება მქონდა, რომელიც შენ ვერ დაინახე.
- ნუ მადანაშაულებ, ახალგაზრდა ვიყავი.
- ახალგაზრდა!... - ქედმაღლური ირონიით გაიცინა დიასახლისმა - სიმართლე გითხრა, აღარც მინდა რამე შეიცვალოს, კაცმა რომ თქვას, ვეღარც შეძლებ რაიმეს შეცვლას, ვარ და მორჩა. გინდოდა, მე რომ მგვანებოდი, არ გამოვიდა მე არასოდეს ვითხოვ  პატიებას,...არასოდეს!... შენ კი!... როცა მინდა მაშინ გაგაგდებ!...
– რატომ ?! - გაუკვირდა.
- რატომ - გაიმეორა დიასახლისმა - იმიტომ ! რაღაც სისულელებში ამომაყოფინე თავი.
– არ შეგაწუხებ, ამ ოთახში შევალ – თქვა და კარის შეღება უნდოდა.
– მანდ არ შეხვიდე – შეჰკივნა დიასახლისმა– მანდ ჭაობია გველებითა და ყვავილებით სავსე.
– რა უნდა აქ ჭაობს – გაუკვირდა ავტორს.
– შენ უნდა გკითხოს კაცმა – ირონიულად გაიცინა დიასახლისმა – შენ გინდოდა მასე. შენ წერდი სიყვარული ყვავილებითა და გველებით სავსე ჭაობს ჰგავსო... როცა იძირები, როცა გველები გგესლავენ და მაინც იმაზე ფიქრობ, რა ლამაზი ყვავილებია და რა ლამაზია ეს ჭრელი გველებიო... რა სისულელეააა! ამას შენს გარდა ვერავინ მოიფიქრებდა! .. სულელი ხარ და ამიტომ !.. გეგონა რაღაც ჭკვიანურს ამბობდი...– კარისკაცს დაუძახა – შეიძლება ნორმალურმა სიყვარული იმ სისულელეს შეადაროს, რაც მაგ ოთახშია?! – მარაოთი მიუთითა ოთახის კარზე.
კარისკაცმა ჩაიხითხითა:
– ეტყობა, სიყვარულზე წარმოდგენა არა აქვსო – და წავიდა.
– მაშინ იმ ოთახში შევალ – სხვა კარზე მიუთითა ავტორმა.
– ააჰ!  არც გაბედო, მანდ ის გოგოა, თვითმკვლელობის აზრამდე რომ მიიყვანე და დატოვე.. როგორც კი მიუახლოვდები, მაშინვე თავს მოიკლავს... ახლა ჯერ ისევ ფიქრობს.
– რატომ მივიყვანე თვითმკვლელობამდე?!
– აბა რა ვიცი...
– იქნებ გადავაფიქრებინო?!
– ღმერთო ჩემო, რა სულელი ხარ! რა უნდა გადააფიქრებინო ?!  ისე აურიე ცხოვრება, უკან დასახევი გზა არ დაუტოვე!.. თავი დაანებე !
– მესამე კარი?
– მანდ თვითონაც ძლივს ეტევიან, ძალიან ბევრნი არიან და სახე არავის აქვს. შენ ასე დატოვე.
– მაშინ აქ შევალ.
– მანდ არაფერია. არ ჭერია, არც იატაკი, არც კედლები.
– რატომ ?!
– იმიტომ, რომ მანდ ის სიყვარულია, შენ რომ ვერ დაინახე. ახლა დაინახავ და სამაგისოდ ნამდვილად ცოდვა ხარ, სიცარიელეში დარჩები, მრგვალ, ნაცრისფერ სიცარიელეში– სიბრალული გაერია ხმაში დიასახლისს.
– მაშ რა ვქნა?! მომდევენ. – იკითხა სასოწარკვეთით ავტორმა.
– მე რა ვიცი, რა უნდა ქნა ?! რაც გინდა ის ქენი, აქედან კი წადი, წადი... – გაშლილი მარაო აუქნია და გასასვლელ კარზე მიუთითა.
კარისკაცმა კინწისკვრით გააგდო გარეთ.

ჩიხში მოექცა.
ვეღარ მოახერხა გაქცევა...
მეგობარმაც სქელი ძუძუების ხათქა-ხუთქით მოირბინა...
- მაინც დაგიჭირე! - უთხრა სევდიანი თვალებით...
- რატომ გარბოდი?! ხომ იცოდი, მაინც დაგიჭერდი!
- სტუმრად მინდოდა წასვლა... სულ ბუხართან ზის და ისევ იმ წერილს კითხულობს...
- ერთად წავიდეთ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ - უთხრა. კუდში ხელი მოჰკიდა და კუდით დაკიდა.
- დაფრთხება შენთან ერთად რომ მივიდე, წერილს დამალავს... არა და ყველაფრის გასაღები იმ წერილშია... ბუხრისაც, წვიმისაც, ვარდებისაც - და მიხვდა, რომ ვირთხად იყო გადაქცეული, ვირთხად, რომელიც მეგობარს კუდით ეჭირა.
- ვარდები რა შუაშია?! - გაუკვირდა მეგობარს.
- ხომ შეიძლება ვარდები ყვითელი კი არა, წითელი ყოფილიყო, ან თეთრი... მაგრამ ყვითელი იყო... ყვითელი და თან წვიმდა...
- რატომ იყო ყვითელი და რატომ წვიმდა?!
- მაგის პასუხია იმ წერილში და მეც მაინტერესებს... გამიშვი, მინდა გავიგო!
- მეც მინდა გავიგო და ამიტომ ვერ გაგიშვებ - უთხრა მეგობარმა და კუდით უფრო მაგრად დაიჭირა - ერთად წავიდეთ.
ჯერ გაირინდა... გაიბრძოლა,... და გაიქცა...
დიდმკერდიან მეგობარს კუდი შერჩა ხელში...
თვითონაც გამწარდა. ნაკუდარ ადგილზე ტკივილები მოება...
...მაგრამ გაიქცა...
...ქალი ფანჯარასთან იდგა და ვერცხლისფერ წვიმაში მოქანავე ყვითელ ვარდებს ათვალიერებდა...
...სირბილისგან დაღლილი სავარძელში ჩაჯდა.
მეგობარი წასულიყო...
„მცირე ხნით დავისვენებ და წავალ... რაღაც უნდა შეიცვალოს. მე ვერაფეში მივეხმარები... თვითონ უნდა შეცვალოს...
მოთხრობა სანტიმენტალურია და ბანალრი...და...და...ძალიან სუსტი...სუსტი სანტიმენტალური მოტხრობების წერა ჯობია, ყოველდღიურობის ყურებას...გაქცევაში გშველის...სინამდვილიდან გაქცევაში.“
ქალი ისევ წერილს კითხულობდა. ბუხარს შეშა მიუმატა და ისევ იმ პოზაში ჩაჯდა სავარძელში...
მოსაწყენი იყო და დამღლელი ქალის ამ პოზაში ყურება, მაგრამ ავტორმა უკვე აღარ იცოდა, რა ექნა...
სამაგიეროდ სტუმარმა იცოდა...
- გუშინ კი გამაგდე, მაგრამ მაინც მოვედი - ჭინკამ მუნდშტუკში გარჭობილი სიგარეტი საფერფლეზე დაფერთხა... - აი ბაბუაჩემი...
- შენ რომ ახლა ისევ ბაბუაშენზე დაიწყო!...
... მაგრამ დაიწყო...
...ქალი დაიღალა სავარზელში ჯდომითა და წერილის კითხვით.
ჭინკა ბაბუადან გადავიდახაჭაპურზე, ხაჭაპურიდან პიკასოზე, პიკასოდან სახელოსნოს კანალიზაციის გაყვანილობაზე, სახელოსნოს კანალიზაციის გაყვანილობიდან სალვადორ დალიზე, სალვადორ დალიდან თავის ბოზ ცოლზე, ცოლიდან ჰოლანდიურ მხატვრობაზე...
ლაპარაკობდა მოსაწყენად, მონოტონურად, კრინში... ათასჯერ და ნაამბობს ათას მეათედჯერ ყვებოდა...
...ლამის გაგიჟდა...
...ჭკუაზე გადავიდა...
...უნდოდა გაეჩუმებინა...
...ვერ გაააჩუმა...
...და უნებურად დაიწყო ფიქრი... უფრო სწორად, ფიქრმა თავისით დაიწყო მოქმედება...უკვე აღარ უსმენდა...უკვე იქ იყო და წერილს ათვალიერებდა...
მაგრამ კითხვა არ დააცადა, უკან გამოუძახა...
უკან დაბრუნებულს საშინელი სცენა დახვდა.
ჭინკა სცენაზე იდგა და ეჭყანებოდა... გრძელ, წითელ ენას უყოფდა და წითელ თვალებს ატრიალებდა...
არ უნდოდა ჭინკის მოსმენა და დანახვა. შებრუნდა...
...და რას ხედავს...
...ჭინკა სცენაზე დგას და ეჭყანება... გრძელ, ჭითელ ენას უყოფს და წითელ თვალებს ატრიალებს...
სცენას ზურგს აქცევს. უნდა სარკეში ჩაიხედოს ... სხვაგან ყველგან ჭინკაა... სარკეს ეძებს, უნდა სარკესი ჩაიხედოს ... სხვაგან ყველგან ჭინკაა... სარკეს ეზებს უნდა საკუთარ სახეს შეხედოს... სარკე მოძებნა, ჩაიხედა და რას ხედავს...
...ჭინკა...სცენაზე დგას...
არ იცის რა ქნას ცოტაღა უკლია სიგიჟემდე...
ჭინკა კი...
გრძელ წითელ ენას უყოფს და წრიპინით მონოტონურად უამბობს: ...
- ბებიაჩემი გენიალურ ხაჭაპურებს აცხობდა, აი ასე, ერთ მოქნევაზე ერთ ხაჭაპურს ვჭამდი...
...და...
- გაჩუმდი!!!-ყავის საფქვავი ესროლა სარკეს და ნამსხვრევებად აქცია...
სარკე ზრიალით დაიმსხვრა იატაკზე და...
ჭინკები!...
თითო ნამსხვრევიდან თითო ჭინკა...
სცენაზე დგას და იჭყანება. ყურებზე ხელს იფარებს, თვალებს ხუჭავს და არანორმალური ხმით ყვირის:
- გაჩუმდი!!! ცოტახნით გაჩუმდი...
ჭინკა მოჩვენებითი თანაგრძნობით უყურებს:
- შენ ფსიქიატრთან ხარ სამკურნალო...აუცილებლად მიდი...
- წაეთრიე აქედან! წაეთრიე!...
- მე შენთვის იმდენი კარგი გავაკეთე,...უმადურად იქცევი...
- წაეთრიე!- ჭინკას ხელი მოკიდა და კარისკენ უბიძგა, წაეთრიე!
ჭინკა წაეთრია.
არ იცის როგორ ამოიღოს თავიდან დღის ეს მონაკვეთი...
აღარც ქალი ჩანს ბუხართან...გაქრა...წვიმაც გაქრა...ვარდებიც...
„დავისვენებ, დავისვენებ და წავალ. შეიძლება წვიმამ გადაიღო, ან უკვე გათენდა. წავალ, წავალ იმიტომ, რომ მელოდება, არ შეიძლება ამდენ ხანს ფანჯარასთან დგომა...რაღაც უნდა შეიცვალოს... ცეცხლი ნერვებს ამშვიდებს!...“
...მაიმუნი თოკზე გადის და გამოდის, თითს უქნევს, მგონი მთვრალია:
- რა გინდა მაგით, რომ თქვა, რაც სხვები მთელი ცხოვრება მოუნდნენ შენ ერთი ხელის მოსმით ახერხებ?!
- დაუშვათ ვახერხებ, მერე რა?!
- რის თქმა გინდა, გენიოსი ხარ?
- მაგის თქმა რად გინდა, ეგ შენ უთქმელადაც იცი _ იცინის ავტორი.
- მეზიზღებიან დილეტანტები.
- დილეტანტები სიტყვამ მოიტანა და ჩეხოვი ექიმი იყო, ჩაიკოვკი-იურისტი და თარჯიმანი, ჩაიკოვსკის ძმა «Пиковая Дамма» -ს ავტორი ასევე იურისტი, ლეონარდო დავინჩი - ბიოლოგი, ექიმი, ინჟინერი და ა.შ. გალაკტიონი-თეატრის რეჟისორი და, შენ წარმოიდგინე არც „ვეფხისა და მოყმის“ ავტორს არ დაუმთავრებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი... - იცინის.
- შენ მაგათ თავს უტოლებ?! - მაიმუნი თოკზე გადის და გამოდის, გადის და გამოდის. ქალი, თითქოს პარტერში ზის ისე უყურებს მაიმუნს...და რატომღაც გონია, რომ სადაც არის მაიმუნი თოკიდან ჩამოვარდება.
- მე თავს არავის არ ვუტოლებ, არც მაგათ და არც შენ.
მაიმუნი ისევ გადის და გამოდის თოკზე.
ქალი დაიღალა მაიმუნის და ცირკის ყურებით.
ისევ ჭინკა აგონდება:
„-ბებიაჩემის გამომცხვარ ხაჭაპურს...“
უსიამოვნებისაგან აჟრჯოლებს.
- გაქრი აქედან! - ეუბნება მაიმუნს - საკუთარ სიძულვილში და შურში დაიხრჩობი.
მაიმუნი გაქრა.
გაქრა, მაგრამ გაქრა ქალიც ბუხართან, გაქრა ვერცხლისფერი წვიმაც...
...დარჩა ტალახში არეული ფურცლები და დარჩა არაფერი.
და ისევ არაფრისგან გასაქცევ გზას ეძებს უნდა გაექცეს ტალახიან წვიმას, ჭინკას, სევდიან თვალებიან მეგობარს, მაიმუნს...
გარბის...
ლაბირინთში გზას ვერ იგნებს...ერთი და იგივე გზა...
გზაჯვარედინზე გადის...
არ იცის რომელი გზა არის სწორი...
ლაბირინთი გადახურულია და ჭერი დაბალი...
წელში ვერ იმართება...მუხლებზე დამდგარი ეძებს გასასვლელს.
სული ეხუთება.
ჰაერის ჩასუნთქვა უნდა...
ჭაობის სუნი ახრჩობს...
ყვითელი ლორწოს საშინელი შეგრძნება...
დაგუბებული და მძიმე ჰაერი შმორის სუნით...
დასრესილი ლოკოკინებით „მოფარდაგებული“ გზა.
ზოგი ლოკოკინა ცოცხალია და ფეხზე აცოცდება...
ისევ ცოტა უკლია სიგიჟემდე მისვლას...
ლაბირინთში სადღაც ტელეფონი დალანდა.
ტელეფონამდე მისასვლელ გზას ეძებს, ვერ პოულობს.
წებოვანი თმები სახეზე ეკვრის...
როგორც იქნა მივიდა ტელეფონამდე.
გამორთულია.
უფრო სწორად გაფუჭებული.
არა, სადენია გაწყვეტილი.
ხელის კანკალით აერთებს სადენს.
ხელის კანკალით კრებს ნომერს...
- გისმენთ - ყურმილში სასიამოვნო და მშვიდი ხმა ესმის.
- მიშველე!
ვერ იგებს, არ ესმის.
ეტყობა ჩურჩულით ამბობს
...ზღვის მცენარეებში ხელებით და ფეხებითაა გახლართული
ცდილობს გათავისუფლდეს...
არაფერი გამოდის.
- მიშველე! - ჩასძახის ყურმილში.
- ნუ გეშინია! - ესმის პასუხად - ამოხვალ!
უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებს. ვიღაც ეხმარება, თორემ მარტო რას გახდებოდა...
როგორც იქნა ის ვიღაც წყალმცენარეებისაგან ანთავისუფლებს.
ცოტაც და უჰაერობისაგან გული გაუსკდება...
ცოტაც და უკვე ზღვის ზედაპირზეა...
ამოვიდა!...
მოგეხმარა, მოგეხმარა, თორემ მარტო რას გახდებოდა...
ჰაერი ჩაისუნთქა და მზეს შეხედა...
მზე!...
უცბად იგრძნო ერთად ზღვის სიგრილე და მზის სითბო.
მზემ ორთქლთან ერთად აიწოვა მოკრიალებულ ლურჯ ცაში...
აიწოვა და ცისარტყელად გადაიქცა.
მიხვდა, რომ გადარჩა...
უუნაგირო ცხენს თეთრსამოსელიანი ქალი თავაწყვეტილი მიაქროლებს სანაპიროზე...
განიერი თეთრი სამოსელი დროშასავით ფრიალებს ცხენის ზურგზე.
„გაქცეულა... გაქცევია წვიმას და წერილს... და მარტოობას...
... მადლობა ღმერთს, გაქცეულა!“
მზისგან გახურებულ ქვებზე დაწოლილი გველი ცივ სხეულს ითბობს...
...და კიდევ ერთხელ გრძნობს, რომ გადარჩა...
და ბედნიერი უყურებს ცას...
და იცის, რომ თვითონ არის...
... თვითონ არის
ზღვაც...
მზეც...
სანაპიროზე მქროლავი გაგიჟებული ცხენიცა და ცხენზე მჯდომი გაგიჟებული მხედარიც...
...თვითონ არის მოკრიალებულ ცამდე ასული ორთქლი, მზისგან გავარვარებული ქვებიცა და ქვებზე გაწოლილი გველიც... და მიზანიც, მხედარი ქალი რომ უყურებს... ჭინკაც და მაიმუნიც...
და მადლობა ღმერთს,  ამ ყველაფერს ჯერ  კიდევ სიცოცხლის სიყვარული ჰქვია !

„ხელოვნება ეგოისტია „უცხოს“ ვერ იტანს.“

...ბუხართან, ქალი აღარ იჯდა სავარძელში. სავარძელი ცარიელი იყო, წერილის ფერფლი ჯერ ისევ ეყარა ბუხარში ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები