ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2014


მომნატრებიხარ

მომნატრებიხარ

დილა წამოენთო ჰორიზონტთან,
ღამე მარნის უკან მიილია,
მიმინოს ირაო შორით მოსჩანს,
არღვევს ცის სილურჯის იდილიას.

დილას ნაკადულთან შევეგებე,
წყარომ არაკები მომიმღერა,
ხტუნვით ჩავუყევი ღელე-ღელე,
ჩავუასკინკილე ხტომით ვენახს.

მერე ჭალა ორად გადავსერე,
თავი შევაფარე მუხის ჩრდილებს,
ჩემი სიმღერები გაჰყვა ღელეს,-
როცა მოვეფერე ჭურისპირებს.

მომნატრებიხარ და მერე როგორ
ჩემო სოფელო და იავნანავ,
მინდა აქაურებს მივეტოლო,
მინდა ძველებურად ვთოხნო ყანა.

მინდა მომეფეროს ბებია და
ბაბუმ ჩემი მოსვლით იამაყოს
მაგრამ...

დღე მთის მწვერვალიდან გადიპარა,
ღამე გაბატონდა ქარაფებთან,
ვხვდები, განშორებით დავღლილვარ და
ვზივარ, წინაპრების საფლავებთან...

23.04.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები