"ეძიე ადამიანში სამი თვისება: ინტელექტი, ენერგიულობა და პატიოსნენა.თუ მესამე არ აქვს, დანარჩენ ორზე აღარც იდარდო'
წარმოსახვა
ახლა ჩემი ხმა რომ მოგენატროს...
ახლა უეცრად რომ დამირეკო...
ზეცას ახედო და დაინახო
ჩემი სევდიანი ანარეკლი...
ადგე, მიატოვო ყველა საქმე
და გზას გამოუყვე გამალებით...
უცებ მოგინდეს, რომ გააცოცხლო
ტრფობის გადამწვარი ტრამალები...
ახლა ჭიშკართან რომ აილანდოს
ხსოვნას შერჩენილი შენი სახე...
მითხრა, უჩემობის ასი წელი
თუ რა ტკივილებით გადალახე...
ახლა რომ ადგე და დამირეკო...
მერე ჩემს ჭიშკართან რომ მოხვიდე...
მარიამ კოზმანაშვილი.
,,ვოინიჩის მანუსკრიპტთან" დაკავშირებით მგონი მართლაც ღირებულს მივაკვლიე.
დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ოთხი ასო ნამდვილად გავშიფრე, ხუთი სიტყვაც, მათ შორის გუშინ კიდევ ერთი დამატებით, ქართულად დაფნა - ,,ლავრ", რომელიც ტექსტში რამდენიმე ადგილზე გვხვდება.
ახლა ვეძებ ისეთ სამეცნიერო საიტს, სადაც ამ ,,ნაშრომს" დავდებ და სპეციალისტები შეაფასებენ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ჩემამდე ,,,მანუსკრიპტის" გაშიფვრა ვერავინ შეძლო და ,,ურაკი" ზუსტ დროსა და თარიღსდამიდასტურებს, ვერავინ შეძლებს ჩემი აღმოჩენის მითვისებას.
მადლობა ურაკს!
ჩვენ შორს გავრბივართ....შორს, შორს, დიდ ქალაქებში, თითქოს ვიღაც გვეძახის, სინამდვილეში კი ეს ხმები ჩვენშია
მივდივართ სევდის მოსაკლავად,ყველაფრისგან ან არაფრისაგან დევნილნი, გვინდა გავიგოთ რისთვის მოვდივართ დედამიწაზე
სევდა კი რჩება, ის ჩვენში იყო, ისევე როგორც ყველაფერი.
ვერ ვაღწევთ მიზანს, არსადაა სიმშვიდე
კიდევ ვფიქრობთ, კიდევ ...კიდევ ....
მერე თითქოს ვხვდებით....
ვხვდებით რომ
ხანდახან უნდა წავიდეთ, რომ დავრჩეთ
ხანდახან თურმე დუმილი უნდა შევწყვიტოთ,
მაგრამ ხმა არ უნდა ამოვიღოთ
რომ სიყვარული თურმე უბრალოდ გრავიტაციული ველი ყოფილა და მეტი არაფერი, მარტივი მიზიდულობაა
და ისევ ბოლო, ყველაზე მტკივნეულ საკითხს ვუღრმავდებით, თუმცა ვხვდებით რომ ვერ ამოვხსნით
რისთვის მოვდივართ დედამიწაზე
თუ ისევ უნდა წავიდეთ
გადაღლილნი და გულგატეხილნი....
-ქეთოო!!! წინა სახლიდან გადმოსძახებდა ბებიაჩემს ცისანა.
-ჰოო!!!
-გადმოი ირა გირეკაავს!!
ბებიაჩემის პადრუგა იყო ცისანა და ასე ატყუებდნენ ბაბუაჩემს,კოფეს დალევა და ჭორაობა რომ მოუნდებოდათ.ხაზის ტელეფონი ჩვენ არ გვქონდა და ვითომ მამიდაჩემი ცისანასთან რეკავდა.მიაყუდებდა ბებიაჩემი ცოცხს სადმე კუთხეში,დეიფერთხავდა კაბას და გაცუნცულდებოდა ჭიშკარს იქეთ.
მშვენივრად იცოდა ბაბუაჩემმა,რაცხა მაფია ქონდათ პადრუგებს და ბებიაჩემს მიაყოლებდა უკან
-წევიდა ახლა კოფეზე...
-ბაბუა,თხილი გინდა? ვკითხავდი და პასუხს არც ველიდებოდი,ბებიაჩემის სამალავიდან გასაღებს დავაძვრენდი და კარადაში დამალულ თხილს დიდ ჯამში გადმოვყრიდი.
ვისხედით და ვაკნატუნებდით.
მოვიდოდა ქეთო კოფეპიწიედან და
-მიაგენით ხომ?
-არაბიჯოს! ეტყოდა ბაბუა და ჩააკნატუნებდა თხილს..
ჩემი ბავშვობის პასტორალური დღეები....
როგორი უცნაურია ზოგიერთი ადამიანი, შეიძლება ის ეწყინოს, რომ შენ რაღაც გეწყინა.
ნ.ტ.
ერთი ნემსით და ერთი ყუნწით,
როგორ ხართ ახლა მეგობრებო?
ჩვენ ხომ ოდესღაც გავიწურძეთ,
ჩვენ ხომ დავკარგეთ მეგობარი.
გაყოფილია მიწა წყლისგან,
ხიდი აიწონა_დაიწონა,
არასდროს გინახავს მსგავსი ჟანრი,
შენ ხომ არასდროს არ გინახავს_
თაგილონი და ხალხის ჭერა.
აფერუმ,რა არის სათქმელი და
ჭიქაში მისხია მზის წყალი,
სიზმრების ერთი თაიგული,
გაგიყავი და გინაწილე.
უკვირს აფრენილს უგზო_უკვლოდ
გულზე გულწითელა მასხია,
სწორედ ასეთია ჩემი ღილი,
მე რომ დავკარგე აივნებთან.
აღარც სასმელი,აღარც დედა,
ვენახი.საფერფლე.წამლის ყუთი.
მერე ალუდა ოცნებების
მერე ალუდა კამლის ლესვა.
ერთი კოცონი სადმე ენთოს,
კოცონი ფანრიდან გაპარული,
უცებ სახლიდან გაპარული
კააცი კი და თავზე დაგადგება.
შენი მავთული ,შენი შუქი შენი სახლამდე,
შენი და შენი ყველაფერი რაც კი შენია,
არაფერია მხოლოდ შენი შენ ის მასწავლე,
ამდენ მავთულებს სად აქვს სათავე,სად არს მშიერი?
ერთი წისქვილი ნინოშვილზე სადაც ყოველ დღე
წამლებს ყლაპავენ, ვეღარ გაკადრებთ,
ატრიალებს და ღმერთა უწყის ძმაო სადამდე.
ყვავილი უყვარდა მეგობარს,
მწვანე ჭიქა და სასთუმალი.
დაიწვა უცებ ღიმილივით
როგორც გაკიდული ბალიში.
ორნი ვიყავით ცვარი,მდელო
ორნი ვიყავით მზის ნამი,
მაგრამ თავს ვიკლავდით სხვის წყენებზე,
ზღვაში ვიყავით მეწყერივით
წყალში უყვარდა ყვავილი.
- ფიქრს ნუ ენდობი! -
თავად ამბობდი,
თუმცა, შენს ფიქრში
არ მაქვს დანდობა.
როგორი სიჩუმეა აქ....
სევდის ანატომია...
მზე სხეულიდან ღელვით გავიდა,
დროა, ვარსკვლავთა ენას ვიგებდე...
რატომ მეგონა, სემირამიდას
დაკიდულ ბაღებს მეც ამიგებდნენ...
ხომ ვერ მოვირგე ის ბროლის ქოში,
ვერც დავიმშვენე ეს მხრები ჩინით,
და სასოებით ძლივს ნაპოვნ დოქში
აღარ აღმოჩნდა ზღაპრული ჯინი...
არ გვწყალობს ჟამი- გობსეკი, ძუნწი,
და გზამრუდებზე ეკლებს გვახვედრებს,
ტერფზე აკრული ფოთოლი ძურწის,
შორი წარსულის ცაში მახედებს...
ახლა, სხეულში სული ებმება,
დედამიწაზეც მწუხრი თავშალობს,
აღარ ეგების, რომ ოცნებებმა
ამ ქარიშხლებში ფრთები გაშალოს...
თითქოს, მევსება სული ნემსებით,
ფიქრებიც ცხელ შუბლს ღელვით
სწყდებიან,
და უბინაო სევდის ლექსები
მელნის წვიმებში მისველდებიან..
ღამე პროზაულ თვალებით მიმზერს,
მზეც ცის დარბაზში ისევ გვიანობს,
გავთენდები და,
თოკზე ვფენ სიზმრებს,
ქმარმა რომ აღარ იეჭვიანოს...
შეაბარბაცებს ღამეს ჩრდილები,
ქარი ბალახზე ცის ნამით ლოთობს,
ო, ეს ჩიტები- უფლის შვილები,
ხეებს კაბაზე აქსოვენ ფოთოლს...
მეც ქართლის მინდვრის საკაბეს ვარჩევ,
მაგრამ ვიღაცა მპარავს ამ
ჩითებს,
ვკითხულობ თრთოლვით სამშობლოს სარჩევს,
და მავთულხლართი მიკაწრავს თითებს...
ჟამს მზის და ბინდის ცვალება ახლავს,
კოკის წვიმებსაც მზეებს აბოდებთ,
და აპრილშემჭკნარ თითებზე ახლა,
ვერცხლის ბეჭდებიც უარს ამბობენ...
ვინ არის, ნეტავ, ამ წვიმებს რომ სცრის,
ან ობოლ ხეებს ქარგავს ურვებით?
ცად მივუყვებით კიბეებს ლოცვით,
და, კვლავ გვიტყდება საფეხურები...
ო, ახლა ყველგან ქართა შტორმია,
სიმშვიდე, ალბათ, მხოლოდ ცად სუფევს,
და ჩემი სევდის ანატომიას
ეს უხერხული დრო უპასუხებს...
...მაინც, ვერ ვჰგიებ, ვინ ვარ და, რა ვარ,
სულს ხემის ნაცვლად ვაწვდი სტრადივარს,..
ჩვენ დედამიწის კიდეზე ვდგავართ,
ერთი ნაბიჯი, და....გადავდივართ!....
ლეილა სიჭინავა
მადლობა ყველას, მოლოცვისთვის!
30 მაისი. მწერალთა სახლში გაიმართა ,,ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის" გამარჯვებულების დაჯილდოება. გადმომეცა წმინდა ნინოს ჯვრის მედალი.
გული დამწყდა, გამახსენდა ,,ლილეს" კონკურსი, ერთქულიანი შეფასება და ჩემი ვითომდა გამასხარავება, ჩული ქილიკი, აი ეს არის მაგის პასუხი - გამარჯვება და წინსვლა!
ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ, თხუთმეტი სხვადასხვა ჯილდო მაქვს აღებული,
მათ შორის საერთაშორისოები, დიდი კონკურენციის პირობებში და ,,ლილეს" ორგანიზატორებისაგან ასეთ მიკერძოებას არ ველოდი.
|საინტერესოა, ესენი ჩემს ლექსს რამდენი ქულით შეაფასებდნენ? ალბათ მინუს ერთით, რადგან ნაწარმოები ერთი ქულით შემიფასეს ...
,,სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს".
ვინც პირველივე წყენისას გტოვებს, იცოდე, რომ ის ამ წყენას ელოდებოდა.
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
რა უნდა თვალების დახუჭვას?!
მაგრამ...
მზეს რა ამომფხეკს თვალებიდან,
ამდენ მზეს?
ყველაფერი მაღიზიანებს, რაც პროფესიას ემსგავსება -
პოეზიაც, სიყვარულიც, ადამიანიც.
ვგრძნობ, როგორ მახრჩობს სამუშაო, მჭიდრო გრაფიკი,
დილიდან გვიან საღამომდე, ან - გადაწვამდე.
მინდა, ყოფილი მეგობრების დღე დავაწესო,
მათი ხსოვნის სიმბოლური დღესასწაული.
რა მშვიდად დავთმეთ ერთმანეთი, რა ცივილურად,
ამხანაგურად ერთმანეთსაც გადავეხვიეთ.
დღე დასრულდება, სამუშაო საათებიც გავა ბოლოში,
ნაყოფიერად ჩაივლის და მომგებიანად,
შეგეძლება, შვებით ღრმადაც ამოისუნთქო,
როგორც დაღლილმა მეეზოვემ, ნაგავიც კი გადახვეტო ტროტუარიდან.
პოზიცია: ქალი. შენ ვერ ამოირჩევ, როდის მოვლენ, როდის წავიდნენ -
გრაფიკი მუდამ მცოცავია, პროფესიონალ მუშაკების პატივსაცემად
და ყველაფერი კვლავ გულს აგირევს, რაც რეჟიმში უნდა მოექცეს,
რაც ბავშვობის ტრავმებს უნდა გადაუმალო.
თუმცა, ჩასახვის ცერემონიალს რა შეედრება,
თეთრი მუხლების მესაკუთრედ ყოფნის უფლებას?!
შენ მხოლოდ უნდა აკონტროლო საკუთარი ფერტილურობა,
შეათანხმო სხვების გულისრევის განრიგთან.
„მაინც არასდროს დამავიწყდება, რომ ყველანი საზიზღრები ვართ" -
თეთრ საცვალზე გაჟონილი ბორდოსავით ჩაგაკვდება მისი სიტყვები,
ვეღარასოდეს ამოირეცხავ მისი ენის მოტკბო სისველეს.
რა მარტივია ყველაფერი, თუ პროფესიას ემსგავსება,
მჭიდრო გრაფიკში გამომწყვდეულ სიყვარულს და ადამიანებს,
საწოლის კიდეზე გადაწოლილს ოდნავი ზიზღით რომ აგახედებს:
„წყალობა თქვენდა, ნაბიჭვრებო!“
ნანა ქელეხიძე.
რა შეიძლება იყოს სიცოცხლე?
სულ რაღაც ორი მძაფრი სიზმარი, -
მდგომარეობა,
სადაც სხვა,
უფრო სადა სიზმრები ტივტივებენ,
ამ ორ სიმძაფრეს შორის მოქცეულები.
ისევ დაიწყო მტანჯველი უძილობა. მტანჯველი პირდაპირი გაგებით.
სიარული ოთახში, სიგარეტი, ისევ სიარული, თვლა ნაბიჯების, ისევ სიგაარეტი, ისევ სიარული და თვლა.
არანაირი ფიქრი, გარდა იმის რომ დავიძინო. ხვალ ბევრი სამუშაოა.სამუშაო ხო ყველა სიკეთეზე, ხატზე და ბერზე წმიდათა წმინდაა, + ორი შაბათ-კვირაც ვიმუშავე. თვალებს ვერ ვხუჭავ, გონება ჰიპერაქტიურია, მაგრამ არანაირი ფიქრი. ყველაფერი ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
27 თებერვლიდან 2 ღამე მეძინა დაახლოებით 7-7 საათი, დანარჩენი წუთებით, ხან არც წუთებით.
მგონი, ადამიანი აღარ ვარ???? ხო არაფერში გაინტერესებთ, მაგრამ ჩამოვჯექი ახლა და კარგა თანმიმდევრულად გწერთ, ესეც საქმეა.
რო გავამძაფრო ჩემი "არაადამიანურობა",დავამატებ, რომ წყალს არ ვსვამ საერთოდ. სულ საერთოდ. კიდევ შემიძლია გავამძაფრო რაღაცეებით, მაგრამ ახლა ის დროა, როცა არაფერია მძაფრი. ომმა სულ ბოლო მომიღო. არადა ვის რაში გამოადგება ჩემი ბოლოს მოღება. გამოუსადეგარობა კიდევ ზემოდან.
მოკლედ, ხვალ ამას ალბათ წავშლი. წაშლაში მაგარი ვარ, მაგრამ ამ გაუფასურებულ დროშიც კი უძილობა მაინც მტანჯველია, რომ იცოდეთ. თან უმიზნოდ და უსარგებლოდ უძილობა. სინდისის ქენჯნის უძილობაც საქმე იქნებოდა ახლა, მაგრამ არა ჩემო კარგებო და ლამაზებო.უსინდისოდ მღვიძავს.
მოკლედ, დააფასეთ ძილი, მით უფრო ტკბილი და კიდე მით უფრო ტკბილი გაღვიძება????
ანა ჯავახიშვილი
სანამ წაშლიდეს ))
დაგხატავ
დაგხატავ,
ბუტია შტრიხებით სახეზე,
თვალებში
მყვირალა სიჩუმის დუღილით...
ქალი ხარ,
ბუნება სადედოდ გაქეზებს
და შენში
ჩატეულ ანგელოზს ვუღიმი.
ბრაზობ
და ცის ტილო ხაზებად იხევა...
ვინთები
წარბებს რომ მოზიდავ სამშვილდეს,
მე შლეგი
რითმების ქავი და ციხე ვარ
და შენი სისუსტე
მამღვრევს და მამშვიდებს.
მსუბუქი
მონასმით დავხატავ ჩუმ ფრაზებს
(მეც მიკვირს,
ეს ფონი ნეტავ რამ დაბადა)
ღიმილით
გაწყობილ სიცოცხლის სუფრაზე,
როგორ ზის
სიკვდილი -- უცვლელი თამადა.
ეს კონტრაპუნქტია
(უბრალო შემთხვევა)
ან ყოფნა
რა არის, არყოფნა რომ არა...
ნიავით
სამკალი კულული გეხვევა,
შეგეხო ტუჩზე
და ღიმილი მოგგვარა.
დავბრუნდეთ
ტილოსთან ზაფხულის მზის დარო,
დათრაშულ
ღამეთა ძოწო და აქატო...
ღიმილი
დამალე, რატომღაც მინდა რომ
სახეზე
ბუტია შტრიხებით დაგხატო.
საშა გველესიანი
აქ კი ახალი არაფერი გარეთ ქალაქი
ღამდება ზოგი სახლში მიდის ზოგი სახლიდან
შენი დამღლელი დუმილებით მელაპარაკე
რას ვიფიქრებდი მასზე უფრო რამე დამღლიდა
ახალი თითქმის არაფერი მხოლოდ ლოლიტას
გულის ყრები და მზერამკვდარი დონ კიხოტები
შენს წერილს დღესაც გულნაცარა მტრედი მომიტანს
წერილში ისევ ეწერება როგორ ვშორდებით
ამ თეთრ კედლებში არაფერი ავტობუსების
განათებები გარეთ ყოფნის სურვილს მიმძაფრებს
და ჩემს გამომშრალ სურვილებში შევიბუზები
და რომ შემომყვე აღარასდროს არ დაგიძახებ
ჩემთან ახალი არაფერი მხოლოდ ღერები
სიგარეტის და თავმომწვარი სველი ასანთის
და სანამ მეტყვი ვერ ისწავლე ბედნიერება
ბოლო სიმღერა წამიმღერე ბოლო წასვლამდე
მივდიოდით მხარდამხარ...
ნ.ელიაშვილი
ტკბილი ტრიოლეტი
/ელის/
იმ ერთი ცალი აბილილით ისე მომშაქრე
და პოეზიით ავსებული წინწანაქარით.
ტანმრუდეს აღარ მემწარება ჩემი დოშაქი,
იმ ერთი ცალი აბილილით ისე მომშაქრე.
ისე მომშაქრე, მზეჭამია ერთი ლოქაფი,
ლექსის ლერწმიდან გებნეოდა თითქოს შაქარი.
იმ ერთი ცალი აბილილით ისე მომშაქრე
და პოეზიით ავსებული წინწანაქარით...
***
ჩვენ შორის დარჩეს
ის ამბავი,
რაც არ მომხდარა,
რომელიც მხოლოდ
დავუშვი
ან
წარმოვიდგინე.
მაგრამ ისეთი მძაფრი იყო
ეს წარმოსახვა,
რომ სინამდვილემ, ჩვეულებრივ, იჭვიანა,
თავისი ყოვლად გაცვეთილი
ულტიმატუმით:
"აირჩიე!
ან მე ან ის!" -
და შენც...
შენც
სინამდვილეში
ის
აირჩიე...
გიორგი ლობჟანიძე.
მიყვარდი, მაგრამ ჩემს გარშემო თოვლი მოვიდა .
ვერ შეამაგრა ნაადრევი ყინვა ჯავშანმა,
წელს რა განწყობაც დამიტოვა ღამემ - თოვიდან,
ისეთნაირად მომაბეზრა თოვლი შარშანაც.
ჩვენ ავხდით, მაგრამ ყველაფერი ამით დამთავრდა,
დამთავრდა ის, რაც არასოდეს არ დაგვიწყია,
ვერ გამოვძებნეთ სასაუბრო ენა - ზამთართან,
ვეღარ შევძელი მოგხვეოდი თოვლში სიცხიანს.
უცებ დავკარგე გადარჩენის ყველა რეცეპტი...
დღეს ნაფლეთებად გადაქცეულ რუკას მივტირი,
რომლითაც ქუჩებს აღვნიშნავდი და ტურისტივით,
შენი ოთახის აღმოსაჩენ გვირაბს ვეძებდი.
მიყვარდი, მაგრამ არასოდეს არ შეგსწრებივარ,
არც მიფიქრია, შეგხვედროდი სადმე - ფერმიხდილს,
მიყვარდი, მაგრამ ამ სიყვარულს თავად ვერ მივხვდი,
და უშენობის ანაბარა ვცხოვრობ წლებია.
არ მიკვირს, თუ კი ვერ შევავსე გრძნობის ასლებით
შენი უწყვეტი არსებობის ვრცელი არქივი,
წავედი, ვითომც არ ვყოფილვარ და გასასვლელში
შეგროვებული სიყვარული დამრჩა ბარგივით
და მაინც, შენი შეყვარება ისე მინდება,
როგორც ნახატში გაშეშებულ პეპლებს - აკრილი,
მინდა ვისმენდე - შენს სიჩუმეს და გარინდებას,
და არ ვმალავდე მარადიულ გრძნობას ნაკლივით.
მიყვარდე მინდა! თეთრი ფიფქის თითო ნამცეცით,
მინდოდე მინდა! გათოვების ყველა გრანულით,
სულს არ მიჭამდეს არც ტკივილი, არც სინანული,
ამხელა თოვლით შეფხიზლებულს და თმებგაწეწილს.
წადი! და სიტყვაც არ წამოგცდეს ჩემზე, ოღონდაც...
ოღონდაც არ თქვა, რომ გესმოდა ჩემი აქცენტი...
არ თქვა, რომ შენთვის უდაბნოში წყალი მომქონდა
და ვიდრე პირთან მოგიტანდი ჭიქას - ვაქცევდი.
წადი და რიცხვი ჩაინიშნე, რადგან რიცხვია -
ის, რაც ოდესმე მიგაბრუნებს სულის დავთართან,
მერე დამთავრდეს - რაც არასოდეს არ დაგვიწყია,
ანუ რაც ჩვენგან უკითხავად - უკვე დამთავრდა.
გურამ ჯახუტაშვილი
"გახსოვდეთ რომ მხოლოდ თქვენი მოლოდინები გაყენებენ ტკივილს, და არა სამყარო რაშიც ცხოვრობთ. რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში ეს რეალურია, რასაც თქვენ ფიქრობთ რომ უნდა მოხდეს, ეს არარეალურია. ადამიანები იტანჯებიან საკუთარი მოლოდინებით."
ჟაკ ფრესკო
ცხოვრებაში ღმერთი აუცილებლად გამოგიზავნის ისეთ ადამიანს,
რომელიც ტელესკოპით ჩაიხედავს შენში, დაახლოებით ისე, როგორც ასტრონომები აკვირდებიან ვარსკვლავებს...
მთავარია შეგეძლოს მისი შემჩნევა...
ერთხელაც ადგები და თუნდაც ძვლებში გამტვრევდეს, ყველაფერს მოუყვები შენზე
და რასაც ვერ მოახერხებ,
თვალებით ეტყვი...
ასეთ დღეებს შეუძლია დაიტიოს სიყვარული...
არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ განუცდია საკუთარი თავის სულიერი სიშიშვლე მეორის წინაშე...
ზოგჯერ შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოს,
მარტო დარჩენილს, ასეთი რაღაცები, მაგრამ გულს მაინც იმ პურის ნამცეცივით ჩამოფერთხილი იმედით იმშვიდებ,
რომ რაღაც უსათუოდ შეიცვლება... სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია...
გაგა ჩაფიძე.
ნეტა, ეს პეიზაჟი ნახეთ? მოკლედ, წერილები აღარ იგზავნება და ამის თქმა მინდოდა... <3
*. *. *
მე არც ეს ხმა ვარ,
არც -- თვალები,
არც -- ეს სხეული,
მე ის ვარ, როცა სულ
მარტო ხარ და იღიმები...
საშა გველესიანი
გწერ იმ ქუჩებზე,სადაც ახლა მხოლოდ გზებია,
მხოლოდ გზებია და ამ გზებზე მარხვას იცავენ.
მე ვწერდი სხვებზე და სხვებისთვის და შემრჩა მხოლოდ
ღრმა ნაჭდევები, ზოგიერთი სიხლად მდინარი
(ჯერაც) ჭრილობა. არაფერი, უბრალოდ ბოლოს
ვხვდები, რომ მხოლოდ მარტოობის ცივი მდინარის
ფსკერზე დაშვების გამომიტანს წლები განაჩენს.
ალბათ ეს იყო ჩემი ბედი, ბედი უბედო.
მხოლოდ იმედი... ქარი ცამდე აშლის დანარჩენ
გრძნობებს, პირობებს, წარსულ დღეებს და უიმედო
ნაწერებსაც კი. კვამლად ქცევის ძველი სურვილი
ისევ ძველივე თავმდაბლობით ავსებს აივნებს.
მე რა ჯანდაბა უნდა გითხრა? რაღა გირჩიო,
როცა ჩემივე თავისაც კი ვერა გავიგე.
მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ვიცი, არის ნაცარი,
არის ფერფლი და არაფერი, რასაც ვიწამებ.
ცოტა რამ მქონდა და რაც მქონდა ასად გავყავი
და თითქოს მაინც მარტოდმარტო დავრჩი მიწაზე
რადაც ვიქცევი ნაბიჯ-ნაბიჯ, სიტყვა-სიტყვა და
სულ არაფერი არ დავრჩები გარდა მიწისა.
არაფერს ვნანობ - ვწერდი, ვსვამდი, მძულდა, მიყვარდა
და მერე რა თუ ისტორია გადამივიწყებს,
როგორც მილიონ ჩემს მსგავს ნაჭერს შემთხვევითობის.
დრო ჩემთვის დიდი და დროისთვის ერთი ნამცეცი
წაშლის ყველაფერს სადაც მსურდი და დავდიოდი,
თავის ქუჩებით, პროსპექტებით, გრძედით, განედით.
მხოლოდ დაინდობს, საკუთარ თავს, როგორც ჩვევია
ყველა ნაბიჭვარს, ვინც მარტოც კი სიცილს ახერხებს.
დიდი ხანია, რაც მე ვიცი, ყველა მტვერია -
ვინც ვიწამე და ვიყვარე და ვისზეც დავწერე
ერთი სიტყვაც კი. უსასრულო დროის კი არა
ხელის თითებზე დათვლილ წლებით რამდენს მოვშორდი.
რამდენი გაქრა...
მიილია
და დაიკარგა...
მე კი მიყვარდა.
ვსვამდი,
ვწერდი,
მძულდა,
ვცხოვრობდი...
გიო სარალიძე
ეს ლექსი ჩემი არაა, მაგრამ ჩემიანია ????????❤️????????
* * *
არა, არა ვარ ცხოვრებისგან კარგად ნახარში,
თავი ბოლომდე არ მქონია მგლების ხახაში,
არცერთი ლაქა არ მეტყობა ბნელი წარსულის,
დავდივარ თეთრი პერანგით და წვერგაპარსული,
არა ვარ კარგად ნაცემი და კარგად ნათრევი,
თითქმის არცერთი ღამე არ მაქვს გარეთ ნათევი.
ვეღარ ვუჩივი ფულისა და პურის სიმცირეს,
ვეღაც ძვალ-რბილში მყარად გამჯდარ ნესტს და სიცივეს.
პოეტისათვის სათანადო არ მაქ მიმიკა,
სახეგაბადრულ თამადისას უფრო მიმიგავს.
უნდა შევეშვა ბუხრის პირას ხელის მოთბობას,
საფუძვლიანად უნდა მივყო ხელი ლოთობას.
და ვივლი ასე ბოჰემურად თმაგაბურძგნული,
ოდნავ ბეჭებში მოხრილად და მგლური ძუნძულით.
ქალაქის ღამის მოჩვენებად და სალახანად,
რომ თავი თვითონ შემეჯავროს დასანახავად.
უნდა დავუდგე როსკიპებს და ქურდებს ქომაგად
და რაც არასდროს მომხვედრია მომხვდეს ორმაგად,
რომ ყველა არსით უსაფუძვლო მცირე დავაზე,
დაუფიქრებლად წამოვეგო ყველა დანაზე
და მერე სადმე სიცხიანი ვეგდო უგონოდ
და ხიფათები თავს თვითონვე გამოვუგონო.
მერე როგორმე თუ თვალებში გამოვიხედე,
მოვყვე ტრაბახს თუ ბედი როგორ გამოვიხედნე,
რომ ასატანი თქვენზე მეტი ამიტანია,
ყინვა , შიმშილი, ქუჩის ანტისანიტარია,
ცხოვრების ყველა სიმახინჯე და სიბინძურე,
სადაც თვითონაც საკმარისზე მეტი ვიცურე,
მერე ამოვალ, ამოვტოპავ ისევ ლაფიდან,
(თორემ მომბეზრდა, რომ მოვდივარ სულ არაფრიდან)
და მერე უფრო პირნათელი გამოვალ ხალხში,
ცხოვრებისაგან საკმარისად კარგად ნახარში,
ნიშნის მოგებით მზირალი და წვერგაპარსული,
თეთრი პერანგით და ცოტათი შავი წარსულით.
ლევან კესიდი
"ეPISTOLე" ზ.ბუდაღაშვილი
გავს ეს დღე ფოთოლს,
ფურცელი - ხანჯალს,
თბილისი - როსტოვს,
გორი - ფხენიანს
როცა მარტო ხარ,
არავინ არ ჩანს,
და ზიხართ
შენ და შიზოფრენია.
კედელი - ტილოს,
ოქრო - მუყაოს,
ამ მსგავსებებში
არსებობს ხრიკი.
დიდიხანია
არსად ვმუშაობ,
ჩემივე თავის და,
ოთახს იქით.
ოთახს, რომელსაც
არ ააქვს ფორმა.
(ნუ დაეყრდნობი არქიტექტორებს)
ის, რაც ვიცოდით
აქდე ორმა,
დღეს თავის ოქმში
წერს ინსპექტორი.
რომ "ბუდაღაშვილს ღალატობს ნერვი"
რომ "შურღაია ლანძღავს პარტიებს”
რომ “დეისაძეც ამათი წევრი”
რომ “ხალხი ამდენს არ გვაპატიებს”
წერს ოფიცერი და თან იჯერებს,
(მთელი სისტემა ღორის კოლტია)
დასავლეთიდან კიმ ბესინჯერი,
ჩრდილოეთამდე ყრუ ვალოდია.
შევეცი ამათ პოლიტ-ქრონიკებს.
ყველა აბზაცს და ყველა პარაგრაფს.
ერთდღეს, რომ
მართლა ლოცვა მომინდეს,
არცერთი ხატი
ქრისტეს არა გავს
შევეცი ამათ
ვითომ “ჰერიო”_ს
და მოოქროვილ
სტიქრით გალობას.
როცა ბავშვები
სიკვდილს მღერიან,
და “მაიბახით”
დადის სალოსი.
ასე სრულდება
სულის ნაქარი.
ეს ლექსიც სულის
პოლაროიდი.
მე ბოლო ნერვებს
ამ ლექსს ვაფარებ
და, მაპატიე, რომ
ვერ მოვედი
პროცესიაზე,
სადაც ქალაქი,
გამოიყვანა
სანახაობამ.
|