პირველი თავი ამინდის გაუარესების გამო რეისი შეიცვალა და თვითმფრინავი პრაღაში დაჯდა. ავია-კომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრები სასტუმროებში გადაანაწილეს. ეთო „Olympik”-ში მოხვდა, 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო, ყვითელი, შემოდგომის ფოთლებივით გამოფიტული კედლებითა და ხედით მთავარ ქუჩაზე. ქალაქი იყო დათოვლილი და თეთრ ქუჩებს სამკაულივით ეფინებოდა მკერდზე ოქროსფერი სინათლე. პრაღას ეღვიძა, მაგრამ მისი მოძრაობა არ ჰგავდა ქაოსს. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ჰარმონიას ქმნიდა ქალაქი თავისი მოსახლეობით, ქუჩებით, მდინარით, თოვლით. ამ ჰარმონიაში ისე ზედმეტად იგრძნო თავი, თითქოს თეთრ სუფრას წითელი ღვინის ლაქა დამჩნეოდა. ახლა, აქ, სასტუმროს ფანჯარას მიყრდნობილი, თავს წვეულებაზე დაუპატიჟებელი სტუმარივით გრძნობდა. ერთხანს გადაჰყურებდა ქუჩებს და მერე, დაღლილობამ თავისი ქნა, ისე მიეძინა, არც უვახშმია. 7 საათიც არ იყო, რომ გაიღვიძა. ფიქრივით შემოხვეოდა ქალაქს თოვლი. ბარდნიდა. სავარაუდოდ, დღესაც გადაიდება ფრენაო, გაიფიქრა და ხასიათი ისე გაუფუჭდა, თითქო ყავაში შაქარი მოსვლოდეს მეტი. ადამიანს უჭირს დაჯერება, რომ სამყარო მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. არც ეთოს უნდოდა ერწმუნა, რომ წლების შემდეგ ძლივს გადაწყვეტილი გამგზავრება გადაიდებოდა. ტანსაცმელი ნაჩქარევად ჩაიცვა და ვითარების გასაგებად წავიდა. გავსებულიყო აეროპორტი, ვის აღარ შეხვდებოდი, რომელი ერისა და კულტურის ხალხს არ მოეყარა თავი. ალბათ, ასეთი ხმები ისმოდა, ბაბილონის გოდოლის ასაშენებლად შეკრებილ ხალხს ენა რომ აურია უფალმა, კბილის ტკივილივით გაუარა აზრმა, მერე გონება დაძაბა და ხმებს მიაყურადა, ქართული სიტყვები პეპლებივით ფარფატებდნენ ჰაერში. სად აღარ შეხვდები ქართველს, თითქოს მძივი გაწყვეტილა და მარგალიტივით გაბნეულა ქართული სული. ერთ ხანს კედელს მიყრდნობილი გაირინდა. თვალდახუჭულმა მიუგდო სიტყვებს ყური. რა ძალა აქვს მაინც მშობლიურ ენას, რამდენიც არ უნდა ეცადო მის დავიწყებას, რამდენიც უნდა ემალო და ეწინააღმდეგო, მაინც სისხლივით აგრძელებს შენს ძარღვებში დუღილს. ეთო ხმებს მიჰყვა. დარბაზის კუთხეში სამი ქალი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჩამომსხდარიყვნენ. ქართველს მილიონ ადამიანში ამოიცნობ. მაინც რა აქვს ასეთი ამ პატარა ერის წარმომადგენელს, სხვა ყველასაგან რომ გამოარჩევს? - დაეკითხა საკუთარ თავს. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სკამზე მორიდებით ჩამომსხდარ ქართველებს და თვალებიო,- დაასკვნა ბოლოს. არავის ისეთი სევდიანი თვალები არ აქვს მსოფლიოში, როგორც ქართველს. მიდიხარ ქუჩაში და შეიძლება, 5 წლის, კიკინებიანი ბავშვი გადაგეღობოს ნაყინით ხელში და თუ კარგად დააკვირდები მის თვალებს, რაღაც სტკივა, იქნება ჯერ არც კი გაუცნობიერებია, რა აწუხებს, რა სიცარიელე გასჩენია სულში, მაგრამ ის კი ცხადია, რომ სტკივა და ეს სევდა წლებთან ერთად იზრდება. რა აქვს ნეტა ამდენი საწუხარი ამ ხალხს? ეს პირადი ტკივილია თუ რაღაც უფრო დიდი, უფრო მასშტაბური? დაღლილობას გრძნობდა. წარსული თმებში ჩაჰფრენოდა და ისე სტკენდა თავის ქალას, აზროვნება უჭირდა. მარტო ყოფნა უნდოდა, ერთ ხანს იფიქრა, ზურგი ექცია და ისევ საკუთარი სევდისათვის შეეფარებინა თავი, მაგრამ ახლა მას სხეულში რაღაც უხილავ ძალას გაეღვიძა, რომელსაც სამშობლო ისე მონატრებოდა, ქართული სული ისე დაჰკლებოდა, ეთუნას ყურადღება აღარ მიაქცია, უცნობი ქართველებისაკენ წავიდა, თითქოს თავისი დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრები შეემჩნია. ათასობით ადამიანი ხვდება ქუჩებში ყოველ დღე ერთმანეთს, ათასობით ადამიანი ისე გულგრილად უქცევს გვერდს, თითქოს უსულო ქვის სვეტებს გადაჰყროდეს. ათასობით ადამიანი იღუპება შიმშილით, მარტოობით, ტკივილით, უსამართლობისა და შეურაცხყოფის შეგრძნებით და ათი ათასობით ადამიანი ამ ფაქტს ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევს, მაგრამ საკმარისია, უცხო გარემოში შენი ერის წარმომადგენელი შეგხვდეს, სიხარული ყელზე გახარებული ბავშვივით გაჭდობს ხელებს და სურვილს ვერ იკავებ, გულში არ ჩაიკრა. მისი დაცვის სურვილი გიჩნდება, მზად ხარ ყველა წინააღმდეგობას გადაეღობო, ყველა ბრძოლა მის ნაცვლად გამართო. -გამარჯობა, - ეთუნა დაფასთან გამოყვანილი ბავშვივით თითისწვერებზე შემდგარი მიესალმა. ოთხმა წყვილმა განათებულმა თვალმა ჯერ გაიელვა, მერე გაოცებანარევი სიხარულით უპასუხეს მისალმებაზე და სათითაოდ გადაეხვივნენ. საუბარი ისე გააბეს, თითქოს ამ წუთას კი არ შეხვედროდნენ ერთმანეთს პირველად, მთელი ცხოვრება იცნობდნენ და ეს-ესაა შეეწყვიტათ სიტყვა. საკმაოდ ბევრი რამის გაგება მოახერხეს ერთმანეთზე, სანამ აეროპორტის თანამშრომლები აცნობებდნენ, რომ კიდე სამი დღე მოუწევდათ პრაღაში გაჩერება. ცუდმა ახალმა ამბავმა ნერვები გიტარის სიმივით დაუჭიმა ხალხს, იყვირეს, იყაყანეს, აპროტესტეს, მაგრამ რა გაეწყობოდა, ისევ სასტუმროებში დაბრუნდნენ. აეროპორტიდან გამოსვლამდე ეთოს ახალი ნაცნობები წამოეწივნენ, სამი დღე აქ რა უნდა ვაკეთოთ, ხვალ ქალაქის დასათვლიერებლად გავიდეთო. ახლა ყველაზე ნაკლებად ეს სჭირდებოდა, ამიტომ იცრუა, სამუშაო მაქვს და არ შემიძლია, პრეზენტაციის მომზადება უნდა მოვასწრო. -თუ მაინც გადაიფიქრებ, ამ ნომერზე დაგვირეკე,- სასტუმროს ნომერი დაუწერა მიშომ. ბედნიერი ახალი წელი უსურვეს ერთმანეთს და დაიშალნენ. ახალ ნაცნობებზე ფიქრი კუდში ადევნებული ძაღლივით გამოჰყვა ეთუნას. ყველას თავისი ამბავი აწვა სხეულზე, ყველას თავისი ბედისწერა ამოსდგომოდა მხარში. იქ, საქართველოში, დარჩენილი ადამიანების მიმართ ვალდებულება ბორკილებივით ედოთ, თითქოს საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ, კიცხავდნენ, ლუკმას აცლიდნენ აჟიებულ ბავშვებს შინ დაბრუნებით. შიში კალთაში ჩაჰფრენოდა, რა იქნებოდა დაბრუნების შემდეგ? მიიღებდნენ სახლში თუ ვერა? ამ წლებს საყვარელი ადამიანებისათვის უცხოები, გადამთიელები გაეხადა, ორი-სამი წლით იყო ყველა წასული და 20-22 წელიც გასულიყო ზოგისთვის, შემოჰღამებოდათ, სახლის გზა არეოდათ. იქნებ დაზრდილი, დავაჟკაცებული შვილები ვეღარც ეცნოთ.... ორ წლით ევროპაში წასვლა შეუძლებელი რომ იყო, მასზე უკეთ არავინ იცოდა. მიდიან ორი წლით და სამუდამოდ რჩებიან. მიდიან და იწერებიან, რომ ენატრებათ ყველა და ყველაფერი, რაც საქართველოში დატოვეს, იწერებიან, მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდებიან. რაღაც ყოველთვის უკეთესი ეჩვენებათ ევროპაში, ვიდრე საქართველოშია: უკეთესი ანაზღაურებაა, უფრო მოწესრიგებული ქვეყანაა, სისუფთავეა, ევროპელი მოხუცები კლუბებსა და საცეკვაო დარბაზებში დადიან, ურთიერთობები თავისუფალია.... არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ის მოხუცები, როგორც კი კარგავენ შრომისუნარს, თავშესაფარში მიდიან და შვილებს ხშირად დასაფლავებაზე მისვლაც კი ავიწყდებათ. არც იმას ამბობენ, ბავშვები, გარდატეხის ასაკში რომ ირჩევენ სქესს, აქ, საქართველოში, ჩვენ გარეშე რომ ქორწინდებიან შვილები, იღუპებიან მშობლები. . . რა არის მაინც ეს ევროპა? ხსნის გზაა თუ დაღუპვის? რა მიიღო მან ჩვენგან და რა მივიღეთ ჩვენ? ვინ იცის უფრო მეტი მივიღეთ თუ დავკარგეთ? ამ ამბავსაც, ისევე როგორც მედალს, ორი მხარე აქვს: ემიგრაცია, რომ არა, ვინ იცის რამდენი ბავშვი დაიღუპებოდა შიმშილით და სწორად ემიგრაციის „დამსახურებაა“, რომ დღეს უამრავი პატარა იზრდება დედის გარეშე, ათასობით მამაკაცს სძინავს ცარიელ საწოლში და ცოლის ალერსი ენატრება... სასწორზე პური და ღირებულებები დევს. და რა რთულია, ღირებულებები აირჩო, როცა შიმშილი ტყვიასავით დამძიმებულა და მისი ზიდვა შენს მხრებს აღარ ძალუძს. ფიქრებში ისე იყო გართული, ვერც იგრძნო, როგორ მივიდა სასტუმრომდე. ნომერში ასვლისთანავე, ნათიას დაურეკა. -ალოო,- გაინაზა ნათია. -ნათი, მე ვარ, ეთო ვარ, როგორ ხარ? -გოგოო, საიდან მირეკავ? შენ რა, კიდევ არ ჩამოსულხარ? იცოდე თუ გადაგვაგდე, ვერ გადაგვირჩები. -არა, არა,- გაეცინა ეთუნას,- არ გადამიგდიხართ, პრაღაში გავიჩხირე. -ოხ, ისე ნუ ამბობ, თითქოს ვაგზლის მოედანზე იდგე საცობში რა, ნეტა მე გავიჭედო პრაღაში და სულაც ნუ გაიხსნება მერე გზა. -ეჰ, ვის რა აქვს სანატრებელი. -გოგო, მართლა პრაღაში ხარ? მანდ რა გინდა? როდის ჩამოდიხარ? -რა ვიცი, ნათ, ახალი წლის ღამეს გამოვფრინდებით, უამინდობის გამო ვართ შეფერხებული, იმედია, კიდევ არაფერი მოხდება. -უიჰ, რა ცუდია, ასე გვიან? ჩვენ რომ 30-ში მივდივართ? -არა უშავს, ჩადით და მეც ჩამოვალ. -მაშინ მე ბიჭებს გავყვები და ჩემს მანქანას დაგიტოვ, ჩამოხვალ და მაკუნა დაგახვედრებს აეროპორტში. -კარგი, ნათი, დროებით, იმედია, ჩამოგისწრებთ. ტელეფონი გათიშა და ცხელი შხაპის ქვეშ დადგა. თვალებდახუჭულს დასდიოდა სახეზე წყლის ჭავლი და ცდილობდა, მისთვის წარსულის ტკივილები გაეყოლებინა. ეთუნას წყლის მაგიური თვისებების სწამდა. სჯეროდა, რომ მას აქვს მეხსიერება, სუნი და საუბარიც შეუძლია. შეგიძლია, მდინარის ნაპირთან დაჯდე და შენი ამბები გააყოლო. წყალი დახავსებულ ქვებზე გაატარებს შენს ტკივილებს და „შალაშინივით“ შეულამაზებს გვერდებს, მერე გაივაკებს, დაწმინდავდება, დაწყნარდება აღელვებული ტალღები და ამ დახვეწილ, ფორმამიცემულ სიტყვებს ბალახებსა და ყვავილებს გაანდობს. მოყვება ნაზად, ისეთი ჩურჩულით, თითქოს დედა ძილის წინ ზღაპარს გიყვებოდეს. უყვებოდა ეთუნა ამბებს წყალს და თითქოს ქვიშის საათი იცლებაო, ისე იწურებოდა სევდა. წყალი კი დასდიოდა სიცხისაგან შეწითლებულ სხეულზე და ორთქლი კედლებს აბლაბუდებივით ედებოდა. ტკივილმაც დაძინება იცის, ჯერ შემოგიძვრება სხეულში და სიზმრებს გიფრთხობს, ბორგავს, ადგილს ვერ პოულობს. მერე დაიღლება და კედელთან ჩამოჯდება, დაღლილ ბეჭებს მიაყრდნობს ბებოს ოთახში გაკრული გამურული შპალერივით ფერშეცვლილ ხორცს და მოიკუნტება, გავარვარებულ შუბლს მუხლისთავებზე ჩამოაყრნობს, საკუთარ თავს ატყუებს, დაძინებას ცდილობს. თვალდახუჭული ზის ერთხანს და საჭირო დროს ელოდება, ენერგიას იკრებს და მერე, ისე მოგიჭერს დაკუნთულ მკლავებს, გგონია, ყველა ძვალს ერთად გიმტვრევენ. ეყო დასვენება ეთუნას ტკივილსაც, ახლა ის წამომართულიყო, ხელები კეფაზე შემოედო და ბოლთას სცემდა. ძლიერი, თავდაჯერებული ნაბიჯებით დადიოდა, დიდი ბრძოლისათვის ამზადებდა საკუთარ თავს. სამშობლო თითქოს არის კიდევაც თითოეულ ჩვენგანში და არც არის. ვერ ვამჩნევთ, როგორც ჰაერს და სული გვეწურება, როცა ქვეყანა თავის კარს საგულდაგულოდ დაგვიგმანავს. მხოლოდ სამშობლოსგან მოშორებული ვგრძნობთ, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია მისი არსებობა. და იგრძნო ეთუნამაც, უჰაერობასავით მოუჭირა ყელში ხელები საქართველომ და აღარც კი იცის შესძლებს თუ არა ამოსუნთქვას. გამომშრალ და დაჩუტულ ფილტვებს უშველის თუ არა ახალი ჰაერი. სულის უკანასკნელ ფსკერამდე ენატრებოდა და აშინებდა საქართველო, იქ ყველაფერი იყო, რაც მას სჭირდება და ამავდროულად არაფერი ხვდებოდა, არაფერი ელოდა, ახლა ეს ქვეყანა, უცხო გამხდარიყო, სამშობლოს მისთვის თავად გამოეკეტა კარი და ეთო კარს მიღმა დაეტოვებინა. მოუთმენლობა ჭიასავით ღრღნიდა, როგორი იქნებოდა ქვეყანა, რომელიც თითქმის არასრულწლოვანმა დატოვა, აშინებდა ეს შეხვედრა, აკრთობდა. ასეთი სუსტად არასდროს უგრძვნია თავი, თითქოს უსუსური ბავშვი ყოფილიყოს და ამხელა დედამიწაზე დედას სრულიად მარტო დაეტოვებინა, მშიერი და გაყინული.... პრაღაში უჩვეულო სიჩუმეს დაესადგურებინა. დუმილის ზარები გამალებით რეკდნენ და ფიქრის საშუალებას არ აძლევდნენ. დრო ერთ ადგილას გაჩერებულიყო და არ იძვროდა. მოძრაობის თავი არც ეთოს ჰქონდა. იწვა სასტუმროს მოუხერხებელ საწოლზე და საკუთარ თავს შეჰყურებდა. ის კი იყო ძალიან ცივი და დაღლილი, სხეული ფქვილის ტომარასავით გამოებერტყათ ემოციებისაგან და ახლა მასში უთქმელი სიტყვები უვლიდნენ ფერხულს. ამ სამ დღეში თითქმის მთელი ცხოვრება თავიდან გაიარა. ყველა შეცდომა თავიდან დაუშვა, ყველა სიტყვა თავიდან თქვა, ყველა ცრემლი ხელახლა დაღვარა. წარსული წისქვილის ქვასავით ბრუნავდა და გაჩერებას არც აპირებდა. ბრუნავდა და ფქვავდა დაკარგულ წლებს, რომლითაც ახლა ხმიადსაც ვეღარ გამოაცხობდა, რომელიც ისე გამწარებულიყო, საფანლადაც აღარ გამოდგებოდა. თვითმფრინავში რომ ჩაჯდა, მიხვდა, აღარ სურდა საქართველოში წამოსვლა, მაგრამ ვეღარფერს შეცვლიდა. სამმა უძილო ღამემ თავისი ქნა და ჰაერში ავიდნენ თუ არა, ჩაეძინა. ბავშვობა ესიზმრა: ჯუჯა ვაშლის ხეები ყვაოდნენ. მზე გვირგვინივით დასდგომოდა ცას თავზე და ნაწვიმარ მიწას აშრობდა. საოცარი სუნი ჰქონდა მიწას, ვერ გაიგო ეს სიყვარულის სუნი იყო თუ მონატრების. რაღაც ბავშვობის ტკბილეულივით მოუნდა მიწის მუჭში მოქცევა. მიწა გეძახის და გელოდება, სამშობლო თუ გიყვარს, მიწას წამითაც არ უნდა დაშორდე, რადგან ვერსად ისე კარგად ვერ იგრძნობ საქართველოს, როგორც მიწასთან,- გაკრთა აზრი ეთუნას მძინარე გონებაში. მიწის სუნი ჰაერში საფანტივით იშლებოდა, მწკრივში ჩალაგებული, ქალიშვილებივით მკერდგათქვირული ვაშლის ხეები კი ყვაოდნენ და ნარგავებს შორის ზღაპრები ცოცხლდებოდნენ. ვაშლის ყვავილებიდან იბადებოდნენ სასაცილო კაცუნები, პრინცესები, ცხენები, მფრინავი ხალიჩები, უფლისწულები. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მუხა
მადლობა, გავითვალისწინებ შემდეგისათვის. :) მუხა
მადლობა, გავითვალისწინებ შემდეგისათვის. :)
7. ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდები ავტორო, ავატარიდან უუკეთილშობილი ადამიანი ჩანხართ, კაბაც მშვენიერი გაცვიათ მაგრამ ძაან არ მომწონს კაბი ფერი და არც ეს ფერი გიხდებათ, თქვენ სახეს და ფიზიონომიას ოდნავ ვარდისფერი კაბა მოუხდებოდა, ღია ფერები გიხდებათ, ადრე ასე გნახეთ და მაზოვს. ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდები ავტორო, ავატარიდან უუკეთილშობილი ადამიანი ჩანხართ, კაბაც მშვენიერი გაცვიათ მაგრამ ძაან არ მომწონს კაბი ფერი და არც ეს ფერი გიხდებათ, თქვენ სახეს და ფიზიონომიას ოდნავ ვარდისფერი კაბა მოუხდებოდა, ღია ფერები გიხდებათ, ადრე ასე გნახეთ და მაზოვს.
6. დათო, მადლობა. მივუბრუნდები, ჩავასწორებ. დათო, მადლობა. მივუბრუნდები, ჩავასწორებ.
5. დღეს აქ, ამ თავზე შევჩერდები. მართალია, დოზის გადამეტება არ ვარგა) ის არ მომეწონა, “წარსული თმებში ჩააფრინდა” რაღაცნაირია)
დღეს აქ, ამ თავზე შევჩერდები. მართალია, დოზის გადამეტება არ ვარგა) ის არ მომეწონა, “წარსული თმებში ჩააფრინდა” რაღაცნაირია)
4. მუხა
საქართველოსთან მძიმე წარსული აკავშირებს და ეშინია. იმედია გაგრძელება უკეთესი იქნება და მოგეწონებათ. :) ეთერი? ისე ეთუნას ეძახიან მეგობრები, ეთერი ძალიან ოფიციალურია მგონი.
მუხა
საქართველოსთან მძიმე წარსული აკავშირებს და ეშინია. იმედია გაგრძელება უკეთესი იქნება და მოგეწონებათ. :) ეთერი? ისე ეთუნას ეძახიან მეგობრები, ეთერი ძალიან ოფიციალურია მგონი.
3. თავიდან მეგონა კრიტიკა-პუბლიცისტიკა იყო , თუმცა სასტუმროში რომ მივიდა და ნათიას დაურეკა, იწყება თითქოს რაღაცა, მაგრამ მოწონებას ჯერ ვერ ვხედავ, საინტერესო ალბად გაგრძელებაში ვნახავ. ისე ეთოს- არ შეიძლება სრული სახელი დავუწეროთ? ან თვითმფრინავში, რომ ჩაჯდა რატომ აღარ უნდოდა საქართველოში წამოსვლა? თავიდან მეგონა კრიტიკა-პუბლიცისტიკა იყო , თუმცა სასტუმროში რომ მივიდა და ნათიას დაურეკა, იწყება თითქოს რაღაცა, მაგრამ მოწონებას ჯერ ვერ ვხედავ, საინტერესო ალბად გაგრძელებაში ვნახავ. ისე ეთოს- არ შეიძლება სრული სახელი დავუწეროთ? ან თვითმფრინავში, რომ ჩაჯდა რატომ აღარ უნდოდა საქართველოში წამოსვლა?
2. jonatan livingstoni.
ჯონათან, გეთანხმები, ნამეტნავი მომდის ხოლმე ეს მხატვრული ხერხები. პირველად რომ წავიკითხე ეს ე.წ. რომანი 100 გვერდი გადავშალე და დავჯდები ერთხელ კიდევ საბოლოოდ ნოველამდე მოუწევს დაყვანა მგონი. :D
მადლობა, რომ ელოდები გაგრძელებას :) jonatan livingstoni.
ჯონათან, გეთანხმები, ნამეტნავი მომდის ხოლმე ეს მხატვრული ხერხები. პირველად რომ წავიკითხე ეს ე.წ. რომანი 100 გვერდი გადავშალე და დავჯდები ერთხელ კიდევ საბოლოოდ ნოველამდე მოუწევს დაყვანა მგონი. :D
მადლობა, რომ ელოდები გაგრძელებას :)
1. ისე დაიწყო სათავგადასავლო მოთხრობა მეგონა :)
მგონი , ცოტა გადაჭარბებულადაა შედარებები გამოყენებული და ზოგადი ფრაზებიც.
დაველოდები გაგრძელებას :)
ისე დაიწყო სათავგადასავლო მოთხრობა მეგონა :)
მგონი , ცოტა გადაჭარბებულადაა შედარებები გამოყენებული და ზოგადი ფრაზებიც.
დაველოდები გაგრძელებას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|