(მოქმედება ხდება მე-20 საუკუნის 90-იან წლებში)
კარტს ვთამაშობდით. სულ მე ვიგებდი. - იცი, რატომ გვიგებს, ეშმაკია! - ეშმაკი რატომ ვარ? - იმიტომ, რომ რქები გაქვს! - რქები რატომ მაქვს? - შენს ჩრდილს რომ აქვს, იგივე შენ არა ხარ? სინათლე არ იყო. სანთლის შუქზე ჩემი ჩრდილი ეხატა კედელზე.
–
- ბუ-ბუ-ბუ-ბუ... - ვმღერივარ, - მშვენივრად ატარებ დროს, პარასკევა! - ერთი მითხარი, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? - როცა რაღაცას იპოვი და მერე დაკარგავ. - მაინც რა გიპოვია? - ჯერ არაფერი. - გარშემო ყველაფერი ყრია - ჰაერი სავსეა გამონაბოლქვით... - ცხოვრება სავსეა მიწით, ხეებით, ადამიანთა სხეულებით... - ძაღლებით, კატებით... - ჩემს გარშემო სიცარიელეა. - ყველას თავისი ცხოვრება აქვს... - თავის თავს ყველა აღიქვამს ერთეულში, ხოლო ყველა დანარჩენს მრავლობითში... და ეს ერთი რომ არა, მთლიანობა არ დაირღვეოდა. - თავისი თავი ყველას თავისი თავი ჰგონია! ...ახლა, შენს თავს რომ უყურებ, გგონია შენ შენ ხარ? სარკეში ვიყურები. ჩემს უკან საათის შემოტრიალებული გამოსახულება ჩანს, 12-ს უჩვენებს. - მე წავედი, - გარეთ გამოვდივარ.
- ლექციაზე მაგვიანდება. - რატომ დაიგვიანე? - მეკითხება ლექტორი. - სახლიდან გვიან გამოვედი... მერე, ნელა მოვდიოდი... ერთი ტროლეიბუსი გავუშვი, სავსე იყო; მეორეში ავედი, ტროლეიბუსიც ნელა მოდიოდა... - გადი გარეთ! გარეთ გავდივარ, წყლისკენ მივდივარ, წყალი მინდა დავლიო. - მთავარია, ფეხი არ წამოკრა! - უკან ვიყურები, რეზო მეხვევა. - როგორა ხარ? - რა ვიცი. - აბა ვინ იცის?.. კაფეში გადავიდეთ? - არა. - მაშინ დავსხდეთ ცოტა ხანს. კიდე მიყვარხარო, თუ გახსენდებიო; მაინც ვერ მივხვდი, რატომ მიმატოვეო - ახლა ამეების მოსმენა მინდოდა სწორედ - თუ გიყვარს ვინმე... რატომ არ მეუბნები, რომ მოგენატრეო! ვუყურებ და ვეუბნები - ისე არა უშავს, კარგ ტიპებს ვარჩევ! - არჩევ?! შენ რა, ღადაობ ბიჭებთან? - კი... - მართლა? - ცოტ-ცოტას.
–
- ჩვენს სხეულში ისე ცხოვრობს სული, როგორც ჩიტი გალიაში. - მოხვედი? - მეკითხება სარკე. მეც ვაჩერდები და ვათვალიერებ საკუთარ სახეს, ხელებს. - მერე გაიხდი, როგორც ხელთათმანს და გადააგდებ. ადრე მძულდა, ახლა თანდათან ვიწყებ შეჩვევას. მაგიდაზე თეთრი, თითებიანი ხელთათმანი გდია. კიდევ, დაშნა და მომწვანო მანდილი. ლარნაკში - სისხლისფერი ვარდი. ჰამაკში ვწვები და ვქანაობ. ჯერ ამის წინ დაწყებული ნახატიც არ დამიმთავრებია - «სარკეებიან ოთახში» - კარები იღება და შემოდის ადამიანი, რომელიც ექცევა სარკეებს შორის. სარკეები სხვადასხვანაირ ჩარჩოებშია მოთავსებული, ყოველ მათგანს აქვს თავისი სახე და ადამიანი ყველა სარკეში ჩანს ისეთი, როგორიც თვითონ სარკეა და ეს მრუდე სარკეთა სამეფოა. ისინი ცვლიან - ამახინჯებენ თუ ალამაზებენ ადამიანის გარეგნობას (რომელიც იყურება ხან ერთ, ხან მეორე მათგანში და ვერ გაუგია, როგორია სინამდვილეში) - ეს არის ადამიანი, დანახული გარედან... მერე ჰამაკიდან იატაკს ვუბრუნდები, საღებავებს ვეძებ. ჰამაკი ახლა ობობას ქსელს გავს, ჭერზე გაკრულს. ფანჯარა თანდათან ბნელი ხდება. მთვარე ამოდის და ჩემს ჰამაკში წვება... ...ჩამომხრჩვალი ადამიანი, ჩამსხვრეული სარკე, ღია ფანჯარა და გალიიდან გაფრენილი ჩიტი. ვიღაცის ირონიული ღიმილი, დამცინავი სახე და ორაზროვანი მზერა...
–
გრეხილი კიბეები ავიარე. კიბის ბოლოში არჩილი (ქანდაკების მასწავლებელი) იდგა. არასოდეს შემიმჩნევია, ასეთი ცისფერი თვალები თუ ჰქონდა. ლალი უკვე მოსულიყო და ცელოფანებს ხსნიდა თიხის თავს. ჩემი ნატურმორტისკენ წავედი. ამ ნატურმორტს სხვებიც ხატავენ. ჩემი მოლბერტი მარცხნივ იდგა. გოგენი თაბაშირის თავს ხატავდა ფანქარში. ლელას ჩემს დანახვაზე სახე უბრწყინდება: - შენ კორო ხარ თუ დეგა? - მეძახის. მეც მიხარია, მასთან მივდივარ. «სადა ხარ, უკვე გეძებდით!» ხატვას ვიწყებ. ლელა ჩემთან მოდის, თვითონ უკვე დაღლილა ხატვით და ახლა ჩემი გართობაც უნდა. ვცდილობ, არ ავყვე. - მაკა, რა სერიოზული ხარ! მეცინება და მერე «ჩემი თავის» სანახავად მივდივართ, ლალი ოთხშაბათობით ჩემს თავს აქანდაკებს. - არჩილი კარგი ტიპია, არა? - ლელა მეკითხება. - მაგარი.. რა ცისფერი თვალები აქვს! - მე სახეც მომწონს! - მეც, ჩვენ ხომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს! - დღეს ნატურას დახატავ? - უკვე მოსულია? - კი. მეორე ოთახში გავდივარ. “ნატურას“ ხატავენ. ლადო (ხატვის სტუდიის მთავარი მასწავლებელი) ხელით იღებს მის შიშველ ფეხზე ზომებს - ვიღაცას აჩვენებს, რა შეფარდებაა კოჭიდან მუხლამდე და მუხლიდან მენჯამდე მანძილებს შორის. ცოტა ხანს ვხატავ, მერე გამოვდივარ – ლელას ზურას ხატვა დაუწყია. - იმისათვის, რომ მხატვარი იყო, აუცილებელი სულ არ არის, რომ ხატავდე... - ამბობს ზურა და მიღიმის, როგორც ყოველთვის, ჭროღა თვალები უციმციმებს. ლალი მეძახის. - ახლავე, - ჩემი თავის გვერდით ვდგები, - ახლა შენს განკარგულებაში ვარ.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|