ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული თაობა
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2024


პარასკევა χ-2



ქუჩაში ვსეირნობ, მიყვარს ხოლმე ასე უაზროდ ხეტიალი – როცა არ იცი, სად მიდიხარ. ზოგჯერ ვინმეს ამოვირჩევ და უკან მივყვები – კოორდინაცია რომ არ დავკარგო ან გზა რომ არ ამებნეს... ვცდილობ, მივბაძო სიარულში, მიხრა-მოხრასა თუ თავის დაჭერაში. მინდა გავიგო, რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, რითია დაკავებული მისი ტვინი...
შევდივართ მაღაზიაში, გამოვდივართ; შევდივართ მეორე მაღაზიაში, ისევ გამოვდივართ, შევდივართ მესამეში...
გადავდივართ ქუჩაზე, ეკლესიის წინ პირჯვარს ვიწერთ..
კიბეზე მათხოვარი ზის, თავზე ცხვირსახოცი გადაუფარებია და სახე გასწითლებია, სასაცილი ტიპია და ფულს ვუგდებ ქუდში.
ახლა ქალი მიწვდის ხელს და ფულს მთხოვს, მაგრამ მეტი აღარ მაქვს. შემოვტრიალდი - «ქალებს არ ვაძლევ», - ვამბობ ჩემთვის და მეცინება.
ამ დროს ლაშა დავინახე – მაღალი, გამხდარი (პოეზიის საღამოებიდან ვიცნობდი, კარგ ლექსებს წერდა და ცოტა არ იყოს მომწონდა კიდეც), მატარებელივით მიდიოდა - დიდი ნაბიჯებით, წელში ოდნავ მოხრილი და ხელების ქნევით. ჩემდაუნებურად გავაყოლე ჯერ თვალები, მერე - თავი, ტანი და ფეხები.
უცებ აზრად მომდის, რომ შეიძლება დამინახოს და ტრაექტორიას ვიცვლი.



  სახლში მისულს  სტუმრები დამხვდნენ - ჩემი ნათესავი ნიკა და ნინო, დედამ მითხრა - მაკა, სადა ხარ ამდენ ხანს, ეგონათ, რომ აღარ მოხვიდოდი და წასვლას აპირებდნენო.
- როგორა ხარ შე სულელო? - ნიკა ლოყაზე მჩქმეტს.
ნინო ჰამაკში მოკალათებულა. დაღლილობას ვგრძნობ.
- შენ იცი, კოსმოსში რომ კაცი გაფრინდება, რა მოუვა? - ნიკა მეკითხება.
- რა?!
- ვუთხრა?
- უთხარი.
- მრგვალი დაბრუნდება! - ისე უხარია, ხომ არ გაგიჟებულა-მეთქი, დაკვირვებულად ვუყურებ.
თუმცა, ახლა ვიღას უკვირს სიგიჟე - მე ამის წინ ესკალატორზე წარმოვიდგინე, რომ ცხენი ვარ და ისეთ ხმაზე დავიჭიხვინე, რომ კინაღამ გული მე თვითონ გამისკდა!..
- ...ფორთოხალი, რომელსაც ფცქვნიან... - ამბობს ნიკა.
მე კი ამ დროს ჩემთვის ჩუმად ვფრუტუნებ - ცხენების მიმართ სისუსტე მაქვს, ჰიპოდრომზეც რომ დავდიოდი, მაშინაც სულ ცხენი მეგონა ჩემი თავი. ფეხი მქონდა ნატკენი... რაო, სიამოვნების განცდაო? - მგონი ნიკა რაღაც საინტერესოს ყვება - ...გგონია, რომ ფორთოხალი ხარ!?...
- გგონია, რომ ფორთოხალი ხარ და გფცქვნიან!
დედას ხილი შემოაქვს.
ნინო სიგარეტს უკიდებს.
- ოთახში მოვწიო თუ აივანზე?
- როგორც შენ გინდა.




ლექციაზე ნუ აგვიანებ, - მეუბნება ჯგუფხელი, - და ნუ აცდენ, თქვენი გულისთვის კურატორი მე მეჩხუბება.
ერთ ლექციაზე ვიჯექი, მერე გარეთ გამოვედი, მეორე ლექცია გაცდა.
- აღარ მოვალ, – ვეუბნები ჯგუფელებს, - ხატვა მაქვს.
კედლის გასწვრივ რაღაც ხის კიბე ეგდო, კიბის ერთ სეგმენტში გუგა ჩამჯდარიყო ფეხებმოკეცილი. მე კიბეზე ჩამოვდიოდი, როცა მივუახლოვდი, გამარჯობა-მეთქი, ვუთხარი. მას გამომეტყველება არ შეუცვლია, ისე ასწია წარბები მაღლა. “რა უცნაური ტიპია”, – ვფიქრობ, – “თან ძაან მაგრად ხატავს!”
ზემოთ ლელა, ლალი, კიდევ ვიღაცეები და სხვები იყვნენ.
ნატურმორტის ხატვა ახლა სხვა კუთხიდან დავიწყე. ლელა ჯერ მაქებდა, მერე ისე მიყურებდა, გინდა-მეთქი დაგახატინო, ვკითხე. გიჟდება, ისე უყვარს თავიდან საღებავების დადება. მე პირიქით ვარ, ბოლოში მიყვარს, როცა ვხვეწავ-ხოლმე.
ზურას თავისი ნახატი «ქრისტეს სიმშვიდე» ჰქონდა მოტანილი.
- რა უცნაური თვალები აქვს! - ნახატთან ახლოს მივედი და თვალებში ჩავხედე, - შენ გგავს, იცი?
ზურა პატარა ბაჭიას მეძახის - ვითომ თვითონ დიდია! ზღაპრების მოყოლაც იცის.
გარეთ გამოვდივარ, უკვე ბნელა. მეტროს შესასვლელთან ლაშა დგას - თვალები სიბნელისთვის მიუპყრია.
«ლაშას შეყვარება არ შეიძლება,»- ვფიქრობ, - «მან თვითონ უნდა შეიყვაროს!»



გ.მ.-ს (ანუ გუგას) ნახატის წინ ვდგევართ.
- შეყვარებულია, - ეუბნება ლელა ზურას ჩემზე, - სიზმარში ხედავს!
- ხომ გითხარი, გუგა კი არა, მისი ნახატი ვნახე-მეთქი.
ეს ნახატი მართლა სიგიჟემდე მომწონს.
- რა მნიშვნელობა აქვს!
ზურა საქმეს მიწყობს, - გინდა, თავისი სხვა ნახატებიც დაგათვალიერებინოს, სახლში იცი, რამდენი აქვს? თუ გინდა, ვეტყვი, რომ ეს ნახატი გაჩუქოს!
ჩუქებით, ვიცი, არ მაჩუქებს და არც მინდა.
ლელა და ზურა გადიან, მარტო ვრჩები.
გუგა შემოდის, შორიდან უყურებს თავის ნახატს, მერე ჩემთან მოდის.
- შენ ცოტა გაიწიე, რა!

                                          (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები