ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: თარგმანი
11 აგვისტო, 2024


შინ არავინ არ იქნება - პასტერნაკი

#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

ცნობილ სიმღერად ქცეული ეს ლექსი
ბ. პასტერნაკისა  მის  მეორე ცოლს  - ზინაიდა ნეიგაუზს ეძღვნება, ისევე,  როგორც უმეტესება ლექსებისა მისი  რიგით  მეექვსე  კრებულიდან -  ,,მეორე დაბადება”.

1931 - ის  ზამთარი,  წლის დასაწყისი  მის ცხოვრებაში  ის დროა, როცა იგი ახალი გაშორებულია პირველ ცოლთან, მეორე - ჯერ არ შეურთავს.
ეს ლექსი თავისებური პოეტური, ოცნებითი  შერბენაა მომავალში (будущность). წარსულში, დღემდე შეუნდობელ ცოდვაში კი  კი პირველ ცოლთან განქორწინების - გასული ზამთრის ამბები იგულისხმება.

    მახსოვს, ზინაიდას შესახებ ჩვენ უკვე ვრცლად ვისაუბრეთ, გავიხსენეთ, როგორ იკლავდა მისი გულისთვის თავს პასტერნაკი, როგორ  “წაართვა”  იგი საკუთარ მეგობარს, როგორ მეგობრობდა ბოლომდე ზინაიდა ქართველ პოეტებთან და მათს ოჯახებთან, როგორ  იტანდა  ქმრის ღალატს და  ასაკში შესული -  პასტერნაკის ცოლობის სოციალურ სტატუსს როგორ სჯერდებოდა…
(ვისაც ეს არ წაუკითხავს, ,,ჩასკროლოს” ჩემი გვერდი).
  ვეცადე,  ტექსტი სასიმღეროდ გამოსადეგი ყოფილიყო. გავსინჯე, როგორც შემეძლო. რიტმსა და ინტონაციაში - ჯდება, სამაგიეროდ, ორიგინალურ რითმებს აღარ დავეხარბე… ისე, კაცმა რომ თქვას, არც პასტერნაკი იყენებს მათ.
ასეა მთარგმნელის საქმე. რაღაცის გამო მუდამ რაღაცის დათმობა გიხდება და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გადაწყვეტილების მიღება გიწევს, თუ  რის გამო რაზე თქვა უარი… სხვანაირად, კომპრომისების გარეშე,  თარგმანი  საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა.
  მე ვიტყოდი, რომ ეს ლექსი კიდევ უფრო გვიანი რუსული პოსტსიმბოლიზმის (!) ნიმუშად გამოდგებოდა. თავისებური რეტროსავითაა.
    პოსტსიმბოლიზმი - პასტერნაკთან - ცალკე თემაა და აქ არ გვინდა!
თეთრ ფერზე,  როგორც პასტერნაკთან უმანკოების სიმბოლოზე, ასევე ლექსში ქალის ანგელოზურ  გამოვლინებაზე -  მკვლევარები ბევრს წერენ. არ მგონია, ამ მხრივ პასტერნაკის შემოქმედებითი ინდივიდუალობა დიდად ორიგინალურად გამოიყურებოდეს. საერთოდ, თეთრი ფერის სიმბოლიკა ქართულ  ხალხურ ცნობიერებაშიც  იმავეს არ ნიშნავს?
(“თეთრი ვარ, თეთრსა მინდორსა, თეთრსა დავიდგამ კარავსა” და ა.შ)
    მოკლედ, მე თუ მკითხავთ, ხელწერით - სუფთა პასტერნაკულია,  იმ დოზით ნაივურობაც,  სახეობრივად არაორიგინალურობაც (!!!)  ახლავს, რომ სიმღერად აეტაცებინათ.

ბ. პასტერნაკი

შინ არავინ არ იქნება

***
შინ არავინ არ იქნება,
ბუნდის გარდა. მარტოდენ
ზამთრის დღე  შემოიჭრება
გაწეული ფარდიდან.

თეთრი, სველი ფთილის ქროლვა,
სწრაფი გაელვარება.
სახურავები  და თოვლი
თოვლი,  სახურავები.

დ კვლავ ჭირხლით მოირთვება
და კვლავ მაბრუნებს  კრული
გამოვლილის მოგონება
და ყოფა  იმზამთრული.

და კვლავ  გამკრავს  ძველებური,
დღემდე ვზიდავ  ცოდვას ავს
და ფანჯარა ჯვრისებური
შეშის შიმშილს დასძალავს,

მაგრამ  ფარდას ამ კარების
აკრთობ უცებ  შემოსვლით,
ბიჯით მზომი  მდუმარების
შენ, ვით სახე მომავლის

გამოჩნდები კარის  ჭრილში,
რაღაც -  ცხადი იქნება.
რაღაც  - თეთრში,  იმ ქსოვილში,
რითაც ფიფქი იქმნება!

1931
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Борис Пастернак

Никого не будет в доме…

***
Никого не будет в доме,
Кроме сумерек. Один
Зимний день в сквозном проёме
Незадёрнутых гардин.

Только белых мокрых комьев
Быстрый промельк маховой.
Только крыши, снег и, кроме
Крыш и снега, — никого.

И опять зачертит иней,
И опять завертит мной
Прошлогоднее унынье
И дела зимы иной,

И опять кольнут доныне
Неотпущенной виной,
И окно по крестовине
Сдавит голод дровяной.

Но нежданно по портьере
Пробежит вторженья дрожь.
Тишину шагами меря,
Ты, как будущность, войдёшь.

Ты появишься из двери
В чём-то белом, без причуд,
В чём-то впрямь из тех материй,
Из которых хлопья шьют.

1931

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები