ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2024


არ უყურო ბუზებს

უნდა იმუშაო ბევრი, რომ დიდი ბიჭი გახდე და არ მოვიდეს შენთან ფიქრად სიქსთინ კაპელას ჩამონგრევა...
არადა, როგორ ლამაზად ინგრევა მიქელანჯელოს მოხატული ჭერი.
არასდროს
არასდროს უნდა დარჩე მარტო, რომ არ შემოგეცნობიერებინოს ოსმოსის მუშაობის პრინციპი - ასე ხო ღმერთსაც პოულობ, სადღაც ძალიან შორს, ჩაბუდებულს შენ ოთხივე კედელში, არადა, საყრდენი კედელი უფრო ძლიერია, იმიტომ რომ აქ ატომები ერთმანეთს ძალიან მჭიდროდ ხვდებიან, იქამდე სანამ არ გადაანგრევენ ელექტრონების დაწესებულ ველს.
როგორ გგონია, როცა მუშები საყრდენ კედლებს აგებენ, იციან ეს?! რომ ატომებით თამაშობენ, სუფთა ღმერთულად, რამოდენიმე ლარის სანაცვლოდ.
უნდა იმუშაო წელის გაწყვეტამდე, რომ აბსურდი ვერსად იპოვნო, აბსურდი, რომელშიც შენ ხარ ღმერთი და გაქვს ხელფასი. გაქვს სახელი და საკუთარი პრობლემები; ტელევიზორი სახლში, გყავს არც ისეთი ჭკვიანი მეგობრები, და არც ისეთი ლამაზები, რომ კოკო შანელმა სიგარეტის კვამლი სახეში შეაფურთხოს.
არ უყურო ბუზებს
არ უყურო ბუზებს, თორემ, ერთხელაც, ძალიან მოგინდება, რომ მათსავით არ გქონდეს სახელი და სამსახური.
მოგინდება, რომ უბრალოდ, იყო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები