ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
5 აპრილი, 2009


უცნაური დაკრძალვა

  ჩვენ უცნაურ დაკრძალვაზე მივდივართ...
  ვარსკვლავი აღარ ანათებს...
  გზას, ხომ ვერ მიგვასწავლიდით?


* * *
  ხალხის ნაკადი არ წყდება. ჭირისუფლებიც ყოველ ახალ ნაკადს, ჩვეული, ქართული ტრადიციით ხვდებიან. კივიან მანდილოსნები... ლოყებს იკაწრავენ ხანში შესულები, პატარები კი იქვე მიმოფანტულან, თითქოს ვიღაცის მიერ მოპნეულ საკენკს ელოდნენ. ეს ვიღაცეები მეზობლები იყვნენ. ისინი ასაზრდოებდნენ წესისამებრ, დროებით, ოჯახის სამივე თაობის წარმომადგენლებს.
  შვიდი დღე ვიცით გლოვა...


* * *
  პირველი დღე.

  დიალოგები პიროვნებების გარეშე...
  ტყუილის დასაწყისი.

  - ჩამოაფარეთ სარკეს!
  - რატომ?
  - ჩემი თავის მეშინია...
  - ახალი თქვი რამე!
  - მაშინ გამოგავით ეს სივრცე!
  - ვითომ რათაო?
  - ჭკუის კოლოფებო! დღე არ გავა, რომ არ გამოგავოთ, დღეს კი რა გემართებათ?
  - ალბათ, შენი აღსასრული გვიხარია.
  - შეიძლებოდა არ გეთქვათ. ეგ ისედაც ვიცოდი!
  - კარგი, დაწყნარდი! თავს არ შევირცხვენთ. სათანადოდ მივხედავთ ყველა ოთახს.
  - გმადლობთ! ეხლა შეგიძლიათ მომკლათ!
  - არ მოგკლავთ. თავად კვდები ჩვენი შემყურე.

  მოკვდა
  მწარე სიმართლეა!!!


* * *
  შუადღის ტყუილი.
  დიალოგი მამლის ყივილამდე...

  - ეს რა დავკარგეთ... ეს რა დავკარგეთ!
  - რა იყო შე კაცო, რას დასტირი ასე?
  - რას და... ნახე... წაიკითხე! - გაუწოდა გაზეთი თანამოსაუბრეს.
  - ეგ რაა? აქ არაფერი წერია. შენ კიდევ მოთქვამ.
  - ვერ მიხვდი? სუფთა გაზეთი გინახავს ოდესმე?
  - არასოდეს, მაგრამ... რა არის ამაში სამგლოვიარო?
  - კარგი რაა?! რეებს მიედ-მოედიები? ტყუილებს აღარ წერენ... ესაა სამგლოვიარო. მოიწყენს ხალხი. რაღა ვიკითხოთ აწი?
  - გასაგებია, მაგრამ ერთი გაზეთი ხომ არ გამოდის ამ დალოცვილ ქვეყანაში?
  - შენ არაფერი გესმის...

  გაცხარდა ნამეტნავად.
  ვერაფერს მიახვედრა.
  ახსნა-განმარტებებს შეეშვა.

* * *
  ღამის ტყუილი.
  ტყუილს საჭედ ენა აურჩევია, გონება - თანამგზავრად გაუხდია!

  - შენ, რომ ენა არ ჰქონდეს ყვავი წაგიღებდა...
  - მიყვარს ენა კვიმატი, რომ ვარ.
  - მარტო ეგ გიყვარს?
  - არა მარტო ეგ...
  - ყველაფერი უარყოფითი გიყვარს.
  - არა, ცდები! ყველაფრის უარყოფა მიყვარს და ფაქტების დამახინჯება.
  - კიდევ?
  - კიდევ მიყვარს, როცა ადამიანები საშველად მე მიხმობენ.
  - ეს შენი საქმიანობაა. ყვალგან შენ გიხმობენ ხოლმე. დღეს მესამედ დამეხმარე.
  - მერე?! სადაა შენი მადლობა?
  - მადლობა!
  - ერთი დაიმახსოვრე! მე სიკეთე არ ვარ, მაგრამ კეთილ საქმეს ვაკეთებ.

  კეთილი საქმე?!


* * *
  მეორე დღე.

  - მოისვენე! თორემ დავუძახე დედაშენს. ვეტყვი ყველაფერს თუ როგორ იქცევი.
  - მე დედა არ მცემს. ვუყვარვარ!
  - მაშინ მამას დავუძახებ.
  - მამასაც ვუყვარვარ!
  - გაიყვანე თუ ღმერთი გწამს აქედან, ხალხი სამძიმარზე მოდის. ამის თავი არ მაქვს.
  - არ გავალ! მე ბაბუაც მიყვარდა!
  - მჯერა სიხარულო! ჩვენც გვიყვარდა ბაბუა და გვაცალე ვიტიროთ.
  - მერე... მე რა ხელს გიშლით?
  - გვიშლი... აბა რას შვები? დარბიხარ აქეთ-იქით... გაიყვანეთ-მეთქი არ ვთქვი მე?
  - ახლავე!
  ზღვა ხალხი მოედინებოდა სამძიმარზე... ეს დღეც დატვირთული იყო ცრემლითა და გოდებით. შესვენებებისას სიცილ-ხარხარით.
  - დაწყნარდით! მოდის ხალხი...

* * *
  მესამე დღე.

  - ისევ შენ ხარ?
  - კი მე ვარ.
  - არ მოგბეზრდა კუდში რომ დამსდევ? მკვდარი ხარ უკვე, მკვდარი! შეიგნე რა... ჩემია ეს ქვეყანა, მე ვმართავ მას!
  - ვერ მოგართვი!
  - დამიჯერე არავის ახსოვხარ. ყოველი დღე ჩემია. შენ არავინ გიხმობს დასახმარებლად.
  - მწარე რეალობაა!!! შემილახეს, ჩამომფხიკეს მცნება. რაც მე ჩამომფხიკეს, შენს შელამაზებას მოახმარეს.
  - ახია შენზე. ვერ მოისვენე... ყველას ეჩხირებოდი. აიტუზებოდი ხოლმე ხალხის ცხვირ წინ და...
  - ნუთუ, შეცდომა დავუშვი? მე შეცდომების გარეშე ვმოქმედებ. ამიტომაც ვძულვარ ხალხს. ცდილობენ თავი ამარიდონ და შენ მოგმართონ. ეს ურჩევნიათ.
  - ამას შენა ამბობ? თუმცა... არ მიკვირს. მცნება ხარ ბოლოსდაბოლოს.
  - კარგი, ინავარდე! არ იფიქრო ხალხი დავივიწყო. ყოველი ახალდაბადებულების სტუმარი ვარ მე. აი, შენ კი გარკვეული ასაკის შემდეგ (მ)ეწვევი ხოლმე დაუპატიჟებლად.
  - ამაშია საქმე ძმობილო! შენ დაბადებიდან ვერ ახარხებ იმას რაც მე დაბადების შემდეგ შემიძლია. - დასცინა თანდაყოლილი უზნეობით.



* * *
მეთხე დღე.

  - ისევ შენ ხარ?
  - კი მე ვარ.
  - ღმერთო მომაშორეთ ეს ბავშვი, რა ხდება ვიცოდე? ვერ მოვაშორეთ ბაბუამისს. ასეთი სასწაული არაფერი მინახავს... ტირილს არ მაცლის.
  - გამოგვეპარა ოთახიდან. ჩვენი ბრალი არ არის. სულ ბაბუას გაიძახის და ცრემლად იღვრება. ვერაფრით ვაწყნარებთ უკვე მეოთხე დღეა. რაც მამა მოკვდა, მის სახეზე ღიმილი არ გვინახავს.
  - არ მჯერა! ასე მწარედ უყვარდა?! დაუჯერებელია. ჩემთან რაღა ჭირს? რა იყავი ასეთი ბიჭოოო? როგორ გვიყვარხარ ბიჭოოოო!!! - მიატირა მეუღლეს და ზედ მიცვალებულს დაემხო.
  თორმეტი წლის მოზარდი კი აღარსად ჩანდა. ის ისევ გაიყვანეს ოთახიდან.


* * *
  მეხუთე დღე.

  - დამარცხებულ კონკურენტს გაუმარჯოს!
  - გაგიმარჯოს!
  - რა დროს გვტოვებ? - ისევ დასცინა თანდაყოლილი უზნეობით.
  - შენც ვერაფერი ხარ უჩემოდ, ამიტომაც გტოვებ, იქნებ მიხვდე თუ რა რიგ ამახინჯებ ადამიანებს.
  - რატომ ვითომ?
  - აბა წარმოიდგინე? ვის რაში სჭირდები თუ მე არ ვიარსებებ?
  - მაინც მკვდარი ხარ და გასვენებაშიც სიამოვნებით მოვალ!
  - სიჯიუტემ ხელი მოგიმართოს!
  - ეგრეც იქნება! არც შენ ჭირდები ვინმეს...
  - ცდები, ჩემზე დამოკიდებულო სიმახინჯევ! მე ყველას ვჭირდები უშენოდაც!
  - მაშინ, გამეცი პასუხი ერთ შეკითხვაზე. რატომ იწყება შენს გამო ომი სხვადასვა ქვეყნებში?
  - მას მე არ ვიწყებ. მას შენ იწყებ. შემდეგ ჩემს გამო ბრძოლა უწევთ შენთან.
  - მაინც გჯობნი და ძლიერი ვარ! რადგან მე უფრო ვუყვარვარ ხალხს ვიდრე შენ! - მესამედ დასცინა თანდაყოლილი უზნეობით.


* * *
  მეექვსე დღე

  - სიზმარია თუ ცხადი? ბაბუ სიგიჟემდე მიყვარხარ! შენ ყველას უყვარდი, გაფასებდა. მომწონდა შენი საუბარი, მომწონდა შენთან ერთად ყოფნა. ნეტავი ხედავდე თუ რა ხდება შენს სახლში... როგორ ტირიან... ბაბუ, მომენატრები! მომენატრება შენთან ერთად სანადიროდ წასვლა; მომენატრება შენთან ერთად ქართული სუფრის წესების სწავლება; მომენატრება ის დღეები, როდესაც ერთად დავდიოდით ქართულ ცეკვებზე; მომენატრება ის დღეები, როდესაც შენ დამისვამდი ხოლმე მუხლებზე და მიყვებოდი ზღაპრებს ტყუილისა და სიმართლის, სიკეთისა და ბოროტების შესახებ; მომენატრება ის დღეები, როდესაც მშობელთა კრებიდან მობრუნებულს თვალები გიბრწყინავდა და ჩემს ქება-დიდებაში იყავი. შენ სიმართლის კაცი იყავი! გული მტკივა ბაბუ... ცრემლები მყლაპავს ბაბუ... ხელები მიკანკალებს ბაბუ... ამ თითებით ვეფერებოდი შენს წვერებს, შენს ცხვირს, შენს თვალებს. შენს თმებში მიყვარდა თამაში, ბაბუ!
მომენატრები ძალიან!!!

  ეს დღე მათი იყო!
  შვილიშვილი და ბაბუა...
  წერილი პატარა ბალიშის ქვეშ ამოდო.
  დასრულდა მოგონება!
  დასრულდა სამართალი!




* * *
  მეშვიდე დღე

  დაკრძალვის დღე.
  ბაბუა და სიმართლე ერთად დაკრძალეს.
  ბაბუას სასახლე უბოძეს სამარადისო საცხოვრებლად...
  სიმართლეს სივრცე...
  ტყული ზეიმობს...

  ისინი უცნაურ დაკრძალვას დაესწრნენ...
  ვარსკვლავი ისევ ანათებს...
  ეკლესიისკენ მიმავალი გზა ისევ განათდა!

  5 აპრილი 2009 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები