ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2009


ასორტი

ყოველი დილით ჩემი აივნიდან,
ვუყურებ მეზობელს ნერვიულად რომ დააბიჯებს.

სადღაც საქანელა ბრუნავს,
იტალიურ ეზოში კი ნოსტალგიური ჰანგები ისმის
ომს გადარჩენილი გრამაფონიდან,
მგონი ბახია, იოჰან.

სივრცე მოკლე სიტყვებით იჟღინთება,
რომელსაც ტონად
შენი ტუჩის კიდეებზე შეპარული ვნება გასდევს.

ქალაქში აქლემების უჩვეულო სიმრავლეა,
თუმცა ზოოპარკში მათი რაოდენობა უცვლელია
და არც რომელიმე აფრიკულ ქალაქად ქცეულა,
თუმცა ვინ იცის.

ნერვიულობს ჰანსი -
რთულია ალბათ გიჟებთან მუშაობა.

საქანელაზე ჩემი შვილი ზის,
ცოლი იქვე დგას და ნერვიულად
აფრთხილებს ხელი კარგად მოჰკიდოს.

მეზობლებს ახალი თემა აქვთ -
ჰანსის სავარაუდო სიგიჟე.
ჭორები სართულიდან სართულზე
უკიბოდ დადიან.

ბოლოს ჩემთვისაც იცლი
და მოკლე სიტყვებით,
ვნებიან ღამეს მპირდები
თუკი ბავშვს დედაშენთან დავტოვებთ.

დილაობით აივანზე მიყვარს გამოსვლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები