ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცალუღელა
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2009


ლოტის ცოლივით...

საქართველო 
მეორადი ქურთუკის ჯიბეში ჩარჩენილი
თვითმფრინავის ბილეთით „წაიღე"…
ეშხიანი თვალ-წარბით,
ქართული ნიჭით,
გადამთიელთ რომ აოცებ…
აეროპორტშიც კი ნახევრად ბნელოდა,
მამა ღრიალებდა დაჭრილ დათვივით..
  თვალებში შემომხედე მეთქი
და ამ „ენერგიით“ გაგიშვი...
არ მინდოდა, დაბნეულიყავი,
ქართველი გოგო, უცხო მიწის
ლაბირინთებში...
„გერმანია მენატრებაო უცხო მხარეში
გერმანიამ შემიფარაო, მასწავლაო...
საქართველოში ვეღარ ვიცხოვრებო...~
„საქართველოო ლამაზო“
ამ სიმღერას გახსენებ ნაიბის შვილობილივით,
იავნანას გახსენებ  –
იმ აკვანს,
მე რომ გირწევდი...
ბებოს გამომცხვარ პურს,
სანახიროს,
ხბორებს რომ მივერეკებოდით..
„მზიან მორეკეთო, მზიანო“, - თებრო რომ მოგვძახოდა,
სვენებ-სვენებით…
„ვაშლშიც კი ქიმია ურევიაო“
„ბიოლოგიური საჭმელი ძვირიაო“
ჩვენ ვაშლი მაინც გვაქვს სულ სხვა,
წყალი მაინც  გვაქვს სუფთა,
თუ გული –  არა,
თუ თვალი – არა,
ნუ გაქვავდები ევროპულად,
ლოტის ცოლივით,
კარგიც გაიხსენე დედაშენისა,
მერე რა, რომ თებროს მზე ჩავიდა
პურს სხვა აკრავს თებროს თონეზე…
ის მაინც ბებოს პურია…
აქ ისევ ის სუნი აქვთ იებს და
ვაშლის ყვავილებს…
მოიხედე ქართულად,
ლოტის ცოლივით,
მოიხედე!
 
  2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები