ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი...
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2009


ჩემი გაზაფხულები

ზამთარს ფარაჯად მე ვერ ჩავიცმევ,
ახლა მჭირდება ვისუნთქო ბევრი,
ჩემმა ფანჯრებმა მხრები გაიშრეს
და მარტში მაინც ვარ მარტო შენით.

ჩემი ოთახი _ საფოსტო ყუთი,
ძველი წიგნები, სარკმელი, ქარგა...
წუთი წუთებზე, წუთებზე წუთი
და გული ხელს და ხელს შუა გაგყვა.

მე არასოდეს მეყოფა სითბო, _
ხანდახან მაინც ანფასებს ვიცვლი,
გაუთავებლად უკანსვლას ვფიქრობ
და დამეღალა წუთები წინსვლით.
------------------------------------------------
მარტი

მარტის ტრიუმფი:
ფრთაშეშლილ ჩიტებს
სუნი ახალი მიაქვთ და მოაქვთ...
ქუჩაში სუნსულს ნიავი იწყებს _
სიცოცხლის დროა!

ნაზამთვრალები, ნაჟეჟი ქარით,
სველდება ქვაფენილების ქურქი
და მე ამ წუთით შეშლილი ქალი
ვიღლები სუნთქვით...

მარტის ტრიუმფი:
დროს სითბო მოაქვს _
სიგიჟის დროა!
------------------------------------------------
მე არ ვიცი სად მიჰყვებათ
ქარებს სუნთქვა,
მოთმინებას სად დამიშრობს
ხმელი სხივი, _
ვეფერები ჩვენს ნაფერებ
ყველა ქუჩას,
ხან მგონია ამ მიწაზეც
ვცხოვრობ ქირით...

მე არ ვიცი სად წამიყვანს
ყველა "ხვალე",
სად დამიწყო და სადამდე
გულმა ფეთქვა,
ხან მგონია ამ სიყვარულს
თუკი დავლევ,
მთელი მიწის შესანდობარს
მერე შევსვამ.
----------------------------------------------
სად დასრულდება
სიტყვის ხალიჩა,
სად დაუწყდებათ
ძარღვები ქუჩებს _
ამ მოლოდინში
გული გამიცვდა
და მოლოდინსაც
სხეული უცემს...

მეორე დღეა
სუსტი პულსი მაქვს,
პირველი დღეა
აპრილი დადგა...
ხვალე მივხვდები
თუ რამდენი ხარ,
გარდაუვალი
სიშორის კართან.
----------------------------------------------
გაზაფხულზე ავდიდდები
შენს მკლავებზე
ვულკანივით, ვულკანივით
მიცემს გული
და სამყაროს უკიდურეს
სართულებზე
ავალ! ტანში დაგემსხვრევი
ფაიფური...
-----------------------------------------------
დღე. ქალაქისგან გაზიდულ დაბას
თივის ზვინებში მზე სხივებს უწყობს,
სარეცხის თოკზე კიდია კაბა, -
თითქოს ვიღაცას სიყვარულს უყოფს...

1998-2002 წწ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები