ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2009


გულში

-ძვირფასო, ჩემი გულისთვის მართლა ყველაფერს გააკეთებ?
-კი, რა თქმა უნდა, მე ხომ შენ მიყვარხარ.
-რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ.
-აი, ავიღოთ ეს სესხი და საქორწილო მოგზაურობაში რომ წავალთ, იქ გაჩვენებ შენთვის რასაც გავაკეთებ.
-მიყვარხარ ძვირფასო, ძალიან მიყვარხარ!

მე გულში ვარ! მე მის გულში ვარ!
თქვენ გგონიათ ვიცნობდი, ან ის მიცნობდა?! არა! პირველად ვნახე. თვითონაც, ალბათ ტკივილის მეტი ვერაფერი იგრძნო.
თქვენ გგონიათ მასთან მარტო მე შევჩერდი?! არა! ჩემნაირი მასთან ბევრია. უბრალოდ, გულში მხოლოდ მე მოვხვდი.
თქვენ გგონიათ ის იყო ჩემი მიზანი?! არა! მე სულ სხვისკენ მივქროდი, სულ სხვას ვხედავდი ჩემს წინ.
თქვენ გგონიათ მე მინდოდა მასთან ყოფნა?! ნურას უკაცრავად! გზაზე თვითონ გადამეღობა, აღარსად გამიშვა. მეც სხვა რაღა დამრჩენოდა, მასთან დავრჩი და გულში ჩავუვარდი.
თქვენ გგონიათ მე მსიამოვნებს მასთან რომ ვარ?! არა! ეს ორივეს ბოლოს გვიღებს, ორივეს გვკლავს.
თქვენ გგონიათ ვერ შევამჩნიე, მისი თანამგზავრი როგორ გამწარდა, როცა დაინახა, რომ მე მის გულში დავიდე ბინა?! საწყალმა ფერი დაკარგა. კიოდა და ტიროდა,  უყვიროდა და ურტყამდა გამეტებით - რატომ მიმატოვეო.

-დაწექით ყველანი! არ გაინძრეთ და ხმა არ ამოიღოთ! ერთი მოძრაობა და ავტომატით გადაგჭრით შუაზე!
ბანკში შევარდნილი, გააფთრებული მძარცველის ყვირილმა ყველა დააბნია, უმეტესობა იატაკს გაეკრა, მაგრამ სალაროსთან მდგომმა გოგონამ დაძაბულობას ვერ გაუძლო და შიშისგან განწირული ხმით დაიკივლა. მძარცველმა იარაღი მისკენ მიატრიალა და სასხლეტს თითი გამოჰკრა. ბიჭმა მიხვდა, რომ გოგონას გადარჩენა მხოლოდ ასე შეიძლებოდა და მკერდით გადაეფარა. ავტომატის ჯერმა ორივე უკან გადააგდო. გოგონა კიოდა და ბიჭს ნატყვიარებებზე ხელს აფარებდა, თითქოს ამით რამეს უშველიდა, მაგრამ ერთმა ტყვიამ, რომელიც ბიჭს ზუსტად გულში მოხვდა, ყველაფერი ერთ წუთში დაასრულა.

თქვენ გგონიათ ეს მე მინდოდა მისი გულის განგმირვა?! არა! ეს ისევ მისნაირმა გააკეთა. არც ის იცნობდა, მაგრამ მთელი სიძულვილით ესროლა. არც კი ვიცი რატომ სძულთ ადამიანებს ასე ერთმანეთი და თუ სძულთ, მეორეს რატომღა გადაეფარა და სხვის მაგივრად რატომ შემიშვირა გული?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები