ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქვენატკოცა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2009


ოცნების გემი

დამღამებია ოცნების გემზე,
გადამფენია ნისლი მოლურჯო,
სად დამეკარგა ჩამავალი მზე,
შენ სად გიპოვო,დარდების ბურჯო?!
              ჩამოდგებიან წლები დევებად,
              უხმოდ ჩამკიდებს ხელს სიჭაბუკე,
              ცოდვას წავართვი მე მიტევება,
              გადუბარდნიათ სული ქარბუქებს
წარსულს შევავლე მზერა ორჭოფი
და აღარ დამრჩა სალაპარაკო,
თუმც მოსდებია გზას სუნთქვა ცოფის,
სათქმელი მაინც იგავ-არაკობს
              შემომეფეთა ნაკადი მღვრიე,
              მოგონებები მოწყდა მძივიდან,
              სიცოცხლე მუხლზე გადავიმტვრიე
              და ფენიქსობაც გამომივიდა
ბედი დამითმობს დამჭკნარ ნარგიზებს,
რომ მთვარეს წყნარად უმღეროს ორმა,
მაგრამ სინათლე თვალებს აგიჟებს
და ეკარგება ყველაფერს ფორმა
              სანამ ღმერთები სხივებს მჩუქნიან
              და გემს მირწევენ ქერუბიმები,
              სანამ დროს ერთი ბრუნიც უქნია,
              ბნელი რითმების მათბობს იმედი
გადარჩენილო მკაცრ რუდუნებას,
მიჰყევი ტალღებს,ოცნების გემო,
დაე გავუსწროთ ვნებულ ბუნებას,
რომ კვლავ შევიგრძნოთ კოცნების გემო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები