ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯახუ გიორგიანი
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2009


ძ ა ღ ლ ი ს მონოლოგი

ძაღლური  ბედის  მტკიცე  საბელით
ვარ  ერთგულების  ხეზე  მიბმული...
ცივია  რკინა  და  გამთანგველი,
ულუფა  -  მწირი  და  ღარიბული...

ღონეგამოცლილს  ღამე  ღავღავით
თვლემაში  გამყავს  დღე  უსაშველო...
ამ  მონურ  ხვედრში  ვინ  გადაცვალა
თავისუფლება,  ნეტავ,  საჩვენო?!.

როგორ  დახარბდა  ასე  ნასუფრალს,
რომ  კაცს  მიჰყიდა  სული  -  ველური
და  ალალ  ლუკმას 
და  თავისუფალ
თარეშს 
არჩია  ეს  საყელური?!.

იქნებ  მიზეზი  სხვა  იყო  სულაც
და  ბედის  მრუმე  უღრანში  იშვა...
მფარველის  ძებნა  თუ  აიძულა
უფრო  ძლიერი  ოთხფეხის  შიშმა?!.

და  უნებლიედ
ამ  საწამებელს
მიუგდო  ბრმა  და  სუსტი  ლეკვები...
რა  ბედენაა,  ახალ  მბრძანებელს
ფეხი  რომ  ჰქონდეს  ორით  ნაკლები?!.

მართლაც  -  არ  არის  განა  სულერთი,
მგელი  შეგჭამს  თუ  ტურა  მგლისფერი?!.
უფრო  უარესს  რას  ვისურვებდი  -
ლამის  გადახრას  რკინამ  კისერი!..

ზოგჯერ  მეზობლის  მოდის  ფინია
და  მე  მილოკავს  თვალებს  ცრემლიანს,
ამ  ცა  და  მიწის  ბრუნვას  ჟინიანს
ვინც  ჩემზე  მეტად  დაუწყევლია...

მას  არ  აწამებს  ფიქრი  მსახვრალი,
არც  მძიმე  ჯაჭვის  თანგავს  სიცივე...
თუკი  მიუგდო  ვინმემ  სახრავი  -
გახარებული  კუდს  აქიცინებს...

მე  კი  ძილშიაც  აღარ  მასვენებს
მგლური  ყმუილი  ჩემი  გენების...
მკბენარებივით  სიზმრებს  მასევენ
და  მსჯიან  დღემდე  ამ  მოჩვენებით:

- მე  ვიყავ  თითქოს
ის  უცოდველი
ლეკვი  -  პირველად  ტყით  რომ  გახიზნეს...
და  გაწამებულს  ძაღლურ  ბოდვებით,
ჩემივე  ყეფა  გამომაფხიზლებს...

                                  იანვარი.  1973 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები