ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2009


,,ვარატნიკიანი'' ციალა

      მანო რა არის, თქვენ ეს წყვილი უნდა ნახოთ!
      საღამოს არ ჩააგდებენ, რომ არ გამოჩნდნენ.  ხელსახოცგადაფარებული თეფშით  ხელში ჯერ  ციალა შემოკაკუნდება , სერგოც შლეიფივით  შემოჰყვება. კარგა ხანია, ორივე იმ  ასაკობრივ ზღვარს არის გადაცილებული,    კონტრაქტს რომ  არავინ დაუდებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე, მაგრამ  ტანითაც და ასაკითაც  ქმარი ცოლს  ლამის შვილად ერგება.
      ციალას ცხობა ემარჯვება, კოპწიაობაც. საშინაოდაც რომ ჩაიცვას, მაქმანიან  ,, ვარატნიკს,, არ მოიშორებს,  ჩემს სერგოს უყვარს ასეო. პირველად რომ დამინახა და შევუყვარდი, თვითონ სკოლა დამთავრებული ქონდა და უმაღლესში ჩასაბარებლად იყო  ახალი ჩამოსული , მე - უკვე ფერშალი ვიყავი და  მედმუშაკთა კავშირის  გაერთიანებულ  გუნდში  სოლოს ვმღეროდიო, კონცერტზე,    პირველ რიგში ვიდექი , დირიჟორის პირდაპირ,  შავი ბარხატის  გრძელი კაბა მეცვა,  დიდი გაქათქათებული ვარატნიკი  მეკეთა , ეს  თმები ახლა გამითხელდა, თორემ  ა, ამხელა, მაჯისსიმსხო  წაბლისფერი ნაწნავი  წელამდე მწვდებოდაო.
      - სერგო, გენაცვალე, ახლა შენ მოუყევი ამათ, როგორი გოგო ვიყავი!
      ნეტა ამ დროს სერგოს სახე დაგანახათ, , თავს გვერდზე გადაიგდებს, მეოცნებე ღიმილი გადაეფინება და:
      -ისეთი იყო ჩემი ციალა, ერთ საღამოს  მუშტაიდში რომ ვსეირნობდით,  მოხუცმა კაცმა გაგვაჩერა , ახალგაზრდავ, ეს  ქალბატონი თქვენი ვინ არისო, რომ გაიგო ცოლი იყო ჩემი, იცით, რა მითხრა?...
        -რაო?-  ჩვენც, ვითომ პირველად გვესმის.
      - რა და, ვინ გამოგატანა  შენ  ამისთანა ანგელოზიო .
      - ოი!..- მედული  პირს  შოშიასავით მრგვლად აფჩენს  და  გაშლილ ხელისგულს  ლოყაზე ნაზად იდებს, (ნაეპილაციარი კანი  ჯერ კიდევ ეწვის) - წარმოიდგინეთ , ჩემი ქმრისთვის რომ ეთქვა ვინმეს ასე...
        - კარგი, დააცადე!  სერგო, მერე,  რა უპასუხე?
        - მეც კარგი რომ ვარ,  ჩემო ბატონო, იმიტომ გამომატანეს- თქვა.
        - კარგი ხარ, კარგი,სერგო ,გენაცვალე,  !-  ციალა სკამიდან იხრება, სერგოს მხრიდან არარსებულ  ბეწვს აცლის  და სულს უბერავს.
        - მართლა შესანიშნავი  წყვილი ბრძანდებით,ბატონო სერგო  და ეს , დარწმუნებული ვარ, ორივე თქვენთაგანის დამსახურებაა -  დაყენებული ღიმილით უცქერის წვნიკი მანანა, -  და , როგორც ამბობენ, ოჯახის თავი ქმარია, ხოლო კისერი - ცოლი.
        წვნიკს  რაღაც  წამიერად ტუჩის ცალი  კუთხე ირიბად მიურბის,  ჩანს,  ჯერ არ დავიწყებია, რომ  პრეისტორიულ ხანაში სერგომ, როგორც ბინის მესაკუთრემ  თავზე აივნის დაშენების ნება არ მისცა,  დაგვიბნელდებაო და ეს  სულ ციალას  ,,დამსახურება,, ჰგონია ან უბრალოდ, მართლა ჩქარობს .
      - მართალია ქალბატონი მანანა. ჩემი ციალა  რომ შევირთე, თაფლობის თვე  ნაქირავებში ,  ტომატწასმულ გარბუშკაზე გავატარეთ. რა გაჭირვება არ გამოვიარეთ ერთად და ერთხელ არ გამიგია ამისი წუწუნი.
        ნამდვილი საფერშლო აქვს დამთავრებული, ის კი არა, ახლა რომ რაღაცეებს ამთავრებენ . შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში მომიწყო  ჩემმა ხაზეინმა. ხელი  აღმოაჩდა ისეთი , ავატყოფები  მეტს არავის ენდობოდენ . უფროსებიც ნამეტანი აფასებდენ  და უფრთხილდებოდენ , ყოველდღე  სამსახურში სიარულისგან გაათავისუფლეს და  ვინმე, დიდი თანამდებობის პირისთვის თუ იყო ნემსი გასაკეთებელი, მარტო მაშინ უძახოდენ. ვენაცვალე,  სულ ტელეფონთან იჯდა  გამზადებული,  დიდ რკინის ყუთში ჩალაგებული ,  გამოხარშული ნემსებით და ზარს  ელოდა.  მაგი ისეთი სამსახურია. დღე და ღამე არ იცის. შეიძლება,  შუაღამეს დაჭირებოდათ მოულოდნელად წვეთოვანის დაყენება . მანქანას გამოუგზავნიდენ და დილას ბამბანერკებით და საჩუქრებით დატვირთულს , ისევ მანქანით მომიყვანდენ სახში.
        ახლა, კი  არ ვუჭირვებდი არაფერს, მარა თვითონ ვერ ძლებდა  უშრომელად, მეხმარებოდა, რაც შეეძლო  და  ასე მოვიყვანეთ ოჯახი დღემდე.
        ჩემი ხაზეინი,ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ისეთ პატივს სცემდა,  თავისი  ცოლისთვის  რომ ყიდულობდა,კაბა იქნებოდა  თუ  შუბა, ციალასთვისაც  ძალით გამომტანდა , ჩემო სერგო, აჰა, შენი ცოლიც გაახარეო.მაშინ არაფერი იშოვებოდა,  საწყობში ტუფლი ერთზე მეტი  თუ არ ჰქონდათ, აიღებდა და , ჩემს ქალს ბევრი აქვს, შენსას წაუღე, ახალგაზრდაა, უფრო გაუხარდებაო .ერთხელ  ბანკეტზე უნდა ამეყვანა ხაზეინი  წყნეთში და ვთხოვე , ციალასაც გამოვასეირნებ სუფთა ჰაერზე-თქვა. რომ  მივიყვანეთ ადგილზე  და ეს  რომ  გადავიდა უკანა სიდენიიდან  წინ გადმოსაჯდომად  , ვფიცავარ ჩემს ციალას , ჩემი ყურით დავიგონე, ქალებმა ერთმანეთს როგორ გადაულაპარაკეს, მაინც  ვერ გავიგეთ, ეს ქალი  რომლის ცოლიაო.
      თავი ისე ეჭირა, ყველას მინისტრის ცოლი ეგონა.
      ახლა როგორ მღეროდა!
      არ გაიშლებოდა სუფრა,  რომ არ მივეპატიჟეთ ჩვენი გიტარიანად.
      ერთხელ, სიმღერა რომ დაამთავრა, ასე მითხრა  თამადამ : ბატონო სერგო, ნამდვილად მოგტაცებთ თქვენს მეუღლესო!
      -  მოტაცება ბევრმა დაუპირა,მარა არავის გამოუვიდა-თქვა -  ასე ვუთხარი-  გახსოვს, ციალა, ვერაზე რომ ვცხოვრობდით? ...  ვართ ერთხელ,ასე ოთხი-ხუთი წლის ცოლ-ქმარი,უკვე ბინაც კი გვაქვს მიღებული  , იტალიურს რომ უძახიან,  ისეთი ეზოში, მეორე სართულზე .კარს ვინ კეტავდა მაშინ, ჰოდა, შემოდის უცებ  პირველ სართულზე მდგმური იყო ერთი,გუჯა , დევივით ორმეტრიანი კაცი,  შევხედე, ხელში  ა,ამხელა დანა უჭირავს, მოიქნია და მრგვალი მაგიდა გვედგა შუაში , იმის გულში  ჩაარჭო ბოლომდე,სტაცა ხელი ციალას და მიათრევს სადღაც. ვეჯაჯგურე დანას, მარა რას ამოაძრობ!  ჩაკეტა ჩემი ციალა თავის სახში, ვაბრახუნებ კარზე, არ მიღებს,ზაფხულია და არც სამეზობლოშია ვინმე ,კაციშვილი რომ მოვიხმარიო და კარი გავტეხო,ვუყვირი გარედან,არ შეგეშინდეს ციალა,აქ ვარ-თქვა.
    ეს იქიდან მაწყნარებს, სერგო,საყვარელო, ხომ იცი, ცოცხალი თავით შენს მეტს არავის დავნებდებიო. ხომ ასეთი ნაზია, რომ შეხედავ, გარედან ძალა არ ეტყობა, მარა კუნთები აქვს მაგარი.
    მთელი ღამე  ასე ებრძოდა  გუჯა და რომ  ვერაფერი დააკლო, დილას თავისი ხელით გამომიყვანა, ჩამაბარა  და მითხრა:  ჩემო სერგო, ვაჟკაცი კაცი ხარ და ცოლიც ვაჟკაცური გყოლიაო. ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და  იმის მერე იყო,ისე დაუახლოვდით, ხაზეინს რამდენიმე დღით რაიონში რომ წავიყვანდი, გუჯას იმედად ვტოვებდი სახში მარტო.
    მერე ხმაც აღმოუჩინა ჩემმა ციალამ. მეც კი ვმღერივარ პატარას, მარა ესენი რომ შუწყობდენ ერთმანეთს, მოსმენას არაფერი ჯობდა...
  ( ტელევიზორს უკვე ხმა ავუწიეთ, წამი-წამზე  მორიგი საპნის ოპერა დაიწყება. ჯერ ლამაზქალებიანი რეკლამა მიდის).
    - ლამაზი ქალის მეტი რა  მინახავს ტელევიზორში და კინოში , მარა - აქ  სერგოს ხმაში  უკვე  დამაგვირგვინებელი  ნოტები იჭრება -  ქალი თუ ქმრის და ოჯახის ერთგული არაა,  მზეთუნახავიც რომ იყოს, კაპიკია მისი ფასი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები