ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამუტადორი
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2008


  ჩამოტვირთვა

თქვენგან მივიწყებული არარსებულით...

    დარჩით! იქ სადაც გსიამოვნებთ არსებობა, მელოდიური ბედნიერი დასასრულით ცხოვრება, მობეზრებული მოლოდინით რაღაც არარსებულისა, მტანჯველი მოძრაობით თქვენს ძარღვებში, მშვიდი და მავნე გამოხედვით, ოკეანური სიღრმის უღრან ტყეში დაკარგული სულებით, მგლების საგლეჯად მიგდებული და გამეტებული სულებით, მიტოვებული ფიქრებით აქოთებულ სივრცეში, ლამაზი სიტყვებით მოტყუებულნი, მოტყუებულნი თქვენთვის ამოუცნობი გრძნობით, ეშმაკის მონიჭებული ნიჭით სიძულვილისა, ყალბი მონოტონური ღიმილით...
    დარჩით! იქ სადაც არარსებული ბინების, არარსებულ ოთახებში ისვენებთ მილეული არარსებული ძალებით გახელილი თვალებით დანახულ არარსებულ სიყვარულში, არარსებული განსვენებით...
    თქვენ ფიქრობთ რომ მოგატყუეს? არა! თქვენ თქვენივე თავი მოიტყუეთ, თქვენივე გამოგონილ სამყაროში დარჩით! კარები ჩაკეტეთ და გასაღები რეალობაში მოისროლეთ რათა ვერასოდეს მიგეგნოთ მისთვის... რეალობა კი სამუდამოდ მიივიწყეთ...
    თქვენ დაივიწყეთ თქვენივე წარმომავლობა, დაივიწყეთ თუ როგორ მოევლინეთ ამ სამყაროს და აქედან მივლინება კი არავის გინდათ, თქვენ დაივიწყეთ ბუნების ყველა კანონზომიერება, თქვენ აღარ გახსოვთ, რომ ყველანი სიბნელიდან, წყვდიადიდან მოდიხართ, აღარ გახსოვთ რომ სიკვდილიდან აღმოცენდით სიცოცხლეში, თქვენ აღარ გინდათ უკან დაბრუნება, თქვენ სამუდამოდ დაბრმავებულთ სიცოცხლის წამიერი შუქით, დაგავიწყდათ მთავარი, რომ სინათლის დასასრული სიბნელეა, ისევე როგორც სიცოცხლისა სიკვდილი... თქვენ ალბათ გგონიათ რომ მოგატყუეს, მაგრამ ცდებით, თქვენ, თქვენმა გაუთავებელმა ოცნებებმა მოგატყუათ, რომელნიც აქ დარჩენას გიწინასწარმეტყველებდნენ...
    მე? მე მძულს ოცნება და ირონიულად მკაცრი სიცილით დავცინი სიყვარულს, რომელმაც ჩემი დაბრმავებაც სცადა... მე ყოველ გათენებას სულში ვაფურთხებ და ყოველდღე ვქირაობ მისთვის მკვლელს მისთვის წყვდიადის სახით... მე ვაფურთხებ სიცოცხლეს სიკვდილამდე, რომელსაც ველი ყოველ ღამე...
    მე? მე მივდივარ თქვენგან, იქ სადაც თავად ხარ, სიკვდილი... თქვენ კი დარჩით! მშვიდობით! მე თავად მოგაკითხავთ, თქვენგან მივიწყებული სიკვდილის მზგავსად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები