ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2010


ავოიეეე...

  ჩემში ვიღაც ავოიეე-ს გაჰყვირის,
  იერი მაქვს მე კი დარბაისლური.
  ოცნებები სულ "სეილზე" გავყიდე,
  რადგან ერთი ნატვრაც ვერ ამისრულეს...

  ჩემში ვიღაც ძუ მგელივით ყმუის და
  ემუქრება მთვარეს სახის ახევით.
  ჩემი ყოფა სანუგეშო ტყუილს ფქვავს,
  მერე ცერცვად რომ მაყაროს სახეში...

  ოქროს კვეთას ვიღაც ჩუმად მიჩხაპნის,
  მიბრაზდება, თავს რომ აღარ ვივიწყებ.
  ჩემს სიგიჟეს კი მიუგავს ნიკაპი,
  მპარავს ფიქრს და ლექსს ჩვეული ღიმით წერს...

  ჩემში ვიღაც ისევ თავს არ უჯერებს,
  ერთს ვპასუხობ, ის კი ერთზე ორს მეტყვის.
  ცხელი ვნება ჩამომისხა ფუჟერში
  იმან, ვისაც უყვარს ჩემში პოეტი...

        * * *
  სავსე საფერფლე და ბოლო სიგარეტი,
  საწოლი ნაწბილით ძლივს გონზე მოსული.
  ყოფას სუნთქვასავით როცა ვიკავებდი,
  იმედზე თვეების ვიყავი ორსული...
  ლოდინმა მძიმედ და მარტომ ილოგინა,
  სიმწარემ გათქვა, რომ ნაყოფი ფუჭია.
  ახლა ჩემს სხეულში ნევროზი ბოგინობს
  და სულს თავის თავი სულ კბილით უჭირავს...

        ცუდი ხასიათი

  სულში ტბორი დგას და მინდა გადავცალო,
  მინდა შევაჩერო დარდის მანევრები.
  ისე პირქუშია ახლა თავზე ცა რომ,
  თავიც მემუქრება თავის დანებებით...
  პულსი დამიხტის და წნევის ასკინკილებს
  თითქოს შეეჩვია გული დანატბორი.
  ოღონდ გულის კართან აღარ ამიკივლდეს
  სევდა, სინონიმი ჩემი სიმარტოვის.
  უკვე მერამდენე ღამეს შუბლზე ვიფენ,
  ფიქრს რომ გათენების კვლავ შერჩეს ნიათი.
  დილით ჩამხობილი მაინც მხვდება პირქვე
  ღამენათევი და ცუდი ხასიათი...
     




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები