ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მახარია
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2010


ქუჩა(პეკინი)

გადავაყოლე ერთი თვალი დღეებს, რომლებსაც,
ბუკიას ბაღში მეეზოვე დიდ აქანდაზზე
ყრიდა და ნარდის მოთამაშე ქურთი რობერტა
ხელებს იფშვნეტდა და მაზიანს დებდა "აბაზად".
პირდაღებული ნატყვიარით ქუჩა პეკინის
ქალის ბიუსტებს ზამთრის ქურქებს ხდიდა, (ართმევდა)
დრო იყო შავი პროცესია (დასმა წეტილის)
და საქართველო ერთ დიდ გუბედ ჩანდა სარფიდან.
ჩვენ, ვირეოდით ხან ფურცლებით, ხან "ლიმონკებით",
დაკარგულები, თუ შემდგარნი ჩვენს-ჩვენს თავებში
ვწერეთ ლექსები რეცეპტებად კულინარიულ
და საბურავი სადღაც შუა გზაზე დაგვეშვა.
დაძრწოდა შიში ჩაბნელებულ და რუხ ქალაქში
წვიმდა, ასხამდნენ აქაფებულ სითხეს კასრიდან.
კერასინკაზე ამზადებდნენ საჭმელს ქალები
სადარბაზოდან, იქვე ახლოს  სროლა ისმოდა.
ახლა ასე ვარ. ისე ჩუმი, ისე  დაღლილი
სადღაც შუაში. მეეზოვის ძველ აქანდაზზე.
და დამავიწყდა მეთქვა შენთვის, რომ საღამოა,
და რომ წვიმაა
და ვერაფერს
მეტს ვერ გთავაზობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები