ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2010


მიმიღე

რომ არ შეგაწუხო ჩემი მონატრებით,
ჩემი მოფერებით და ჩემით_ საერთოდ,
ჩუმად გაგეცლები, ჩუმად მოგაკლდები,
ჩემს მთებს მივაშურებ და სანთლებს აგინთებ.

რომ არ მომენატრო ასე გაგიჟებით_
როცა მეზობლები სინანულს მალავენ,
როცა სასთუმალთან დედა დამიჯდება
და როცა პატრონი მის მეტი არავინ

არ ჩანს... და ჯერ თვალებს სარკესაც ვუმალავ.
(თვალები დიდ გრძნობებს ადვილად ჰყიდიან.)
მარტში ადიდდება პატარა დუმალაც
და შენი ამური ცალ ხიდზე ჰკიდია.

ჯერ კი ეს თოვლია_ თებერვლის არჩივი,
შეცივნულ მწვერვალებს ეტყობა სიბერე.
მოთოვოს, მოთოვოს, მოთოვოს! არ ვჩივი!
რომ მერე ერთბაშად ავზვირთდე იმერეთს

და შენი კლდიანი ნაპირი წავლეკო,
და შენი მერცხლები ტალღებზე გავიკრა,
მაგრამ თუ მაგ სულის დანგრეულ სამრეკლოს
ზარები ჩამოვხსნა,_ მარჯვენა გამიხმეს!

პირიქით_ მე ზამთრის ღამეებს მოწყენილს
შენს ხატთან ვათენებ და ღმერთებს ვარისხებ...
მიმიღე, ვით ერთი უბირი მლოცველი!
მიმიღე და შენი სიუხვე მაღირსე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები