ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2010


პროფესია თავისმაძიებელი ანუ მოკლე ავტო ბიოგრაფია...

-სახელი?
- თემო
-გვარი?
-..........
-ხელი მომიწერეთ და სალაროში მიბრძანდით.
..............................................................................................................
ნოემბრის არც თუ ისე თბილი დღე, არც თუ ისე თბილი მედ. პერსონალი და თბილისის #X სამშობიარო. ფილარმონიის წინ ახალშობილების ტირილით გაბეზრებული მუზა ნერვიულად ათამაშებს ნიღბებს.
კიდევ ერთი ხმა და კიდევ ერთი შერჩეული ნიღაბი.
-მორიელია, ეს მოუხდება, ამბობს და სპილენძის გულში ეცინება.
...........................................................................................................
მისაღები ახალგაზრდებითაა სავსე. რიგი გრძელია და არეული.
ბოლო ვინაა?- მე ვარ
გაისმის წვრილი ხმა უფრო წვრილი ყელიდან.
-აუფ... აბა მე უკანასკნელი ვყოფილვარ...
მომლოდინე სახეებს დაღლილი ღიმილი გადაურბენს...
.............................................................................................................
თბილისის ძველი უბნები, ძველებური სახლები და ძველ დროს მიმტირალი ხალხი. ცოტახნით მოსული წყალი და დიდი ხნით წასული შუქი. ცოტა სიხარული და უფრო ცოტა მიზეზი.
სახლი, სკოლა, მოსწავლეთა სასახლე, ბოტანკური ბაღი, პანთეონი...
-მშობელი რომელია?
-მე გახლავართ.
-ძალიან კარგი ბავშვია, ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი.
-ვიცით, ვიცით...
-ბავშვები გადარია, ერთკუპლეტიან ლექსებს უთხზავს. დასვენებაზე რიგი უდგას და გაკვეთილებს აღარავინ იმეორებს. ვუშლით, მაგრამ ლიტერატურის მასწავლებელი მფარველობს.
-ეგეც ვიცით, მამის ნიჭი გამოჰყვა...
-ააა... მამაც წერს?
-არა, ახალგაზრდობაში წერდა, ახლა იშვიათად...
მერხებზე მორიდებულმა ღიმილმა გადაირბინა და მასწავლებლის სათვალეს შეეყინა.
.............................................................................................................
-შებრძანდით ახალგაზრდავ, თქვენი რიგია.
-არა მე ამ გოგონას შემდეგ ვიყავი.
-აჰ, მაპატიეთ, მაშინ ერთად შერძანდით.
-ერთად შეიძლება?
-აქ კი...
ამბობს ღაჟღაჟა მამაკაცი და თანამდებობრივად იღრიჭება
..........................................................................................................
... საღამოს ზარია, ტელეფონში მამის იმედიანი ხმა ისმის:
-"ხვალვე წამოდით. ყველაფერი მოგვარდა..."
მატარებელი, რელსების იავნანა, ემოციით და არეული სიზმრებით სავსე ღამე. ბევრი ამომსვლელი, ბევრი ჩამსვლელი და კორიდორში გაჩხერილი იმედები...
...ბათუმი, დილა, წვიმა და ნაპირსმოხეთქებული ტალღების ექო.
მაგნოლიების ჰორიზონტი და ევკალიპტების ზეცა...
- ტაქსი ხომ არ დაგჭირდებიან?
- არა გმადლობთ.
- იაფში წაგიყვანთ, ხომ ხედავთ რაფერ წვიმს და...
-გმადლობთ, ველოდები...
სამწლიანი ლოდინი სიტყვებიდან - "ყველაფერი მოგვარდა" - ყველაფრის დამთავრებამდე...
...სოფლის სახლი, ხუთდღიანი გლოვა და საგვარეულო სასაფლაო. შემზარავი სიტყვა:
- „ქალები გაიყვანეთ“ და უფრო შემზარავი, პირველი კოლბოხის დაცემის ყრუ ხმა, კუბოს სახურავზე. გადაყლაპული ენა და ცრემლი...
...................................................................................................................
- თქვენი საბუთები?
- აი, ინებეთ
- ქვითარი?
- აი ესეც
....................................................................................................................
ოთხი გაზაფხული და ოთხი შემოდგომა. ოთხჯერ საკუთარი ხელით ნასხლავი ვაზი და ნათოხნი ყანა, უფრო ბევრჯერ დამწვარი ბეჭები და კიდევ ბევრად მეტი წყლული - შეუჩვეველ ხელებზე.
-ჰა! ქალაქელო, როგორია სოფელი?
-კარგია ბიძაჩემო
-ისემც ამას დაეწვას მამგონი!
-აბა ქალაქი ჯობია?
-შენთვის ჯობია შვილო...
-რატო ვითომ?
-აქ ცოდო ხარ... არა ხარ შენ სოფლის კაცი!
-რაზე შემატყვე?
-კოჭებზე, შვილო, კოჭებზე!... წადი ქალაქში, ისწავლე, იქნება დიდიკაცი გამოხვიდე?!
თუ არა და სოფელი სადღა გაგექცევა?!...
-ვნახოთ ბიძაჩემო ვნახოთ...
........................................................................................................
-აი ყველაფერი წესრიგშია
-გმადლობთ
-უკაცრავად, რა პროფესიას ირჩევთ?
-თავისმაძიებელი
-აუჰ! რთულ საგანს შეჭიდებიხართ. დაძლევთ?
-ვნახოთ, ვნახოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები