ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2010


უკუსვლით

შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და აეწყო და
მედიდურად თაროზე დადგა
კერამიკის ლურჯი ლარნაკი .

ოღონდ უკუსვლით
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით!

აი, აქა ვარ!
,,შატალოზე,,
ჯერ ზამთარია,
ან ადრიანი გაზაფხული.
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს,
ჩემი პირველი შეყვარებული...
და ჩაუმალავს საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია
და
უდარდელად ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან...

მაგრამ უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ უკუსვლით.

ჩემი მანქანა დამუხრუჭდა .
’’მწვანეზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი
ოღონდ უკუსვლით!

ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე ავფრიალდი და
გამიმთელდა ჩემი ცხვირუკა.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით!

ჩემკენ დაიძრნენ ახლობლები
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით.

გაქრა სისხლი და
მზიან მინდორზე
ახალამოსულ ბალახს წიწკნის
თეთრი ბატკანი.

მორჩა,
ვჩერდები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები