ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2010


უკუსვლით (ახალი ვერსია კომენტარითურთ)

ამ ლექსის პირველი ვერსია  აქ რამდენიმე დღის წინ ''დებორას'' ნიკით დავდე. მერე ''ლიტერტურა.გე''-ს პორტალზეც გადავიტანე.  ახალგაზრდა პოეტმა ეკა ქევანიშვილმა კომენტარში დადო ჯგუფ ''ენიგმას'' ლინკი:
http://www.youtube.com/watch?v=-JpJjsHgYHA
შესანიშნავი კლიპია. მან შთამაგონა, მცირეოდენი  ცვლილებები შემეტანა ლექსში, მაგრამ საბოლოოდ  ბევრი რამ შეიცვალა. ვდებ მათთვის, ვისაც აინტერესებს  პოეტურ ტექსტზე მუშაობის  ერთი კერძო გამოცდილება. ცხადია, სხვა მკითხველების აზრიც მნიშვნელოვანია ჩემთვის., ოღონდ მათ მხოლოდ პირველი ტექსტის წაკითხვას ვურჩევ.

ნინო დარბაისელი

უკუსვლით
--------------------
 

შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და  აეწყო და 
მედიდურად თაროზე დადგა
კერამიკის  ლურჯი ლარნაკი .

ოღონდ  უკუსვლით
ყველაფერი,
ასე უკუსვლით!

,,შატალოზე,, ვარ.
ზამთარია,
ან ადრიანი გაზაფხული.
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე  ხელში -
- ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს,
ჩემი პირველი შეყვარებული...
და ჩაუმალავს საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან  ცერათითი  აუშვერია
და
უდარდელად ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან...

მაგრამ უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ უკუსვლით!

ჩემი მანქანა დამუხრუჭდა .
’’ყვითელზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი..

მხოლოდ  უკუსვლით
ყველაფერი ,
ასე  უკუსვლით!

ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე ავფრიალდი და
გამიმთელდა ჩემი ცხვირუკა.

მართლა უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ  უკუსვლით!

ჩემკენ დაიძრნენ  ახლობლები
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.

მაინც  უკუსვლით
ყველაფერი,
ასე უკუსვლით!

გაქრა სისხლი და
მზიან მინდორზე
ახალამოსულ ბალახს წიწკნის
თეთრი ბატკანი.

მორჩა,
ვჩერდები!



პ.ს. ეკა ქევნიშვილს მადლობა და მადლობა,  საინტერესო ლინკის მითითებისთვის!
    კლიპის ავტორებს კინემატოგრაფის ენაში დიდ ხნის წინათ არსებული ხერხი  წარმატებით გამოუყენებიათ.პოეზიის ენაშიც არ არის იგი ახალი. მას დიდიხანია, იცნობს ქართული პოეზიაც.
ფორმის გამომგონებლობის მხრივ , ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედება ჩემთვის  მუდმივად სახელმძღვანელოსავით არის. უკუსვლის - რეტროსპექციის იდეა  პირადად მე მისგან ვისესხე, ოღონდ თუ იქ პრინციპულად  ღია თამაშური ფუნქცია ჰქონდა, მე  ვცადე , ლექსის ფორმა შინაგანად მოტივირებულ თამაშად მექცია. სახეებისთვის  ძირითადად  მ. შაგალის სტილი გამოვიყენე, ლურჯი ფერიც - მისია.  ვგრძნობდი, რომ აქ რაღაც მაკლდა,, კონკრეტიკიდან ვერ გავდიოდი, ფინალის რეგისტრიც ვერ  ,,ავქაჩე’’  ბოლომდე.
    ვუსმინე, ვუყურე  ,,ენიგმას'', დავფიქრდი და და  ახალი იდეა დამებადა ფინალის განზოგადებისათვის. ამის გამო ტექსტი  ,,გადავაყირავე''.
    შედეგად რაღაც, ფერადი  ტექსტი გამოვიდა, რომლის  შიდაკომპოზიციაც  ამჯერად შეკრა  ,, მსხვერპლის’’ თემამ. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ლექსის წაყვანამ გარკვეული მომენტების დათმობა მოითხოვა.
    წინა ვერსიაში ლექსს მყარი რეფრენი ჰქონდა, ახალმა ვერსიამ  ცვალებადი რეფრენი მოიხდინა. მყარი რეფრენი, ჩვეულებრივ , ლექსის ნაწილებს ერთმანეთისგან მიჯნავს, ამისგან განსხვავებით,  ცვალებადი რეფრენი ერთდროულად მიჯნავს და აკავშირებს კიდეც ამ ნაწილებს და  ამით ერთიანი დინამიკის შექმნას ემსახურება.
    ,,გადაყირავებამდე’’ ლექსი  ასეთი იყო:

უკუსვლით
- - - - - -

შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და აეწყო და
მედიდურად თაროზე დადგა.
კერამიკის ლურჯი ლარნაკი .

ოღონდ უკუსვლით
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით!

ჩემკენ დაიძრნენ მეგობრები,
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი
ოღონდ უკუსვლით!

ჩემი მანქანა დამუხრუჭდა.
’’მწვანეზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით!

ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე აფრენილმა
აღმოვაჩინე,
ჩემი ცხვირუკა უვნებელი ადგილზე იდგა.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით!

აი, აქა ვარ!
,,შატალოზე,, გამოპარული.
ამ გარეუბნის ერთი კინოს მყუდრო კუთხეში
ჯერ ზამთარია,
ან ადრიანი გაზაფხული.
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს,
იგვიანებს,
ო, იგვიანებს ჩემი პირველი შეყვარებული...

თუმცა არა!

დიდხანია მოსულია,
ჩაუმალია საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია
და
უდარდელად ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები