-გაიგეთ? 50 ლარს აძლევენ ყველას ერთ დღეში, თუ მიტინგზე იქნება. -უკვე მაგდენს? აზრზე ხარ, რა მათხოვრები არიან? ფულით ნაყიდი ადამიანი საქმეს ვერასოდეს ვერ გააკეთებს! არ იციან მაგათ ეს? ფუ ამათი... -დაიცა რა თუ ძმა ხარ, რა საქმე, ვერ ხედავ ყველა უსაქმური და ლოთი მიტინგზე როა? რა ენაღვლებათ რა, თუ მართლა მაგდენს აძლევენ, არ კიდიათ? უსაქმურობაში ფულს იღებენ და მეტი რა უნდათ. და შენ კიდე ამბობ, საქმეო. საქმე და ჯანდაბა მაგათ. -ისე მეც ხომ არ წავსულიყავი დასვენება რომ მექნება?-გაიკრიჭა.-50 ლარი დამხატავდა. -ნეტა მოგცლია რა... არადა მან ხომ იცოდა, რომ 50 ლარის კი არა, მილიონი ლარის გამო არ წავიდოდა არცერთ მიტინგზე. არ იყო მიტინგები და ყვირილი მისი საქმე. უბრალო ადამიანი იყო, ერთი უბრალო მშრომელი ხალხის ოჯახიდან გამოსული მუშა. მუშაობდა და ვალებს იხდიდა და ვერც იხდიდა. რა ემიტინგებოდა. ესეც არ იყოს, არ სწამდა მას მიტინგობია. უაზრო ყვირილს ეძახდა და თვლიდა, რომ ამით საქმე არ კეთდება. და საერთოდ, საქმის გაკეთება ვისაც შეუძლია, ის ნაკლებს ლაპარაკობს, ხოლო ვინც ბევრს ლაპარაკობს, იმას ნაკლები შეუძლია. ამ რწმენით დადიოდა ბიჭი ყოველდღე სამსახურში და სჯეროდა, რომ თუ რ დაგეზარება შრომა, არც შენს ოჯახს და არც შენს სამშობლოს არ გაუჭირდება. თუმცა ისიც იცოდა, რომ ძალიან ძნელია სამსახურის პოვნა დღეს... კარვების ქალაქი-ასე დაარქვეს თბილისს და მართლაც, ალბათ იმდენი შენობა არ იდგა თბილისში მაშინ, რამდენიც კარავი. ბიჭმა არ იცოდა, რა უნდოდათ ოპოზიციის ლიდერებს, არა, უფრო სწორად იცოდა, რომ მათ ყველას პრეზიდენტობა, პარლამენტის თავმჯდომარეობა და ასე შემდეგ უნდოდათ, უნდოდათ რაც შეიძლება მეტი სიმაღლისთვის მიეღწიეათ, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაედოთ ჯიბეში, მაგრამ ამის მიღწევას ყვირილითა და მიტინგობიათი რომ ცდილობდნენ, ამაზე ეცინებოდა. პოლიტიკა სძულდა ბიჭს, მაგრამ ისეთ ეპოქაში მოუწია ცხოვრებამ, იძულებული იყო ეს ყველაფერი დაენახა და გაეგონა. არ სჯეროდა მას არცერთი პარტიის და არცერთი ლიდერის. -თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად საქმეს გააკეთებს, რომელსაც მართლა ეყვარება საქართველო და არა თავისი ჯიბის, არამედ ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძოლებს, მე პირველი დავუდგები გვერდში.-ამბობდა ხშირად, თუმცა ისიც იცოდა, რომ ისეთი უბრალო ადამიანი, როგორიც თვითონ იყო, ბევრსაც ვერაფერს გაუკეთებდა ასეთ ადამიანს... ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ათასობით ადამიანი ათევდა ღამეს რუსთაველზე და არა მარტო რუსთაველზე. უკვირდა ბიჭს, რამ გამოაშტერა ამდენი ხალხიო ფიქრობდა. ხალხი კი უზარმაზარ ტალღად მოვარდნას და წალეკვას უპირებდა მთავრობას. ლიდერები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ხალხს მეტი არც არაფერი უნდოდა. ყველა დაღლილი იყო ახლანდელი პოლიტიკით, ყველას უნდოდა რაღაცის შეცვლა... თუმცა მიტინგზე მისული ათასობით ადამიანიდან, ბევრი მთავრობის მხარდამჭერიც იყო და ბევრი უბრალოდ სეირის საყურებლად მოსულიყო. ყოველდღე მიდიოდა ბიჭი სამსახურში, ფეხით გაივლიდა ტელევიზიასთან, გმირთა მოედანზე, შემდეგ რუსთაველზე, ყოველდღე უყურებდა ათასობით ადამიანს, რომელთაგანაც უმეტესობას ოჯახი მიეტოვებინა, რათა მიტინგზე ყოფილიყო და თავისი რჩეულისათვის მხარი გაემაგრებინა. ყოველდღე უყურებდა ბიჭი, როგორ კატასტროფულად იზრდებოდა ნაგვის გროვები ყველგან. ქალაქის დასუფთავების სამსახური არ მუშაობდა, ამის გამო თბილისი მალე კარვების ქალაქიდან ერთ დიდ სანაგვედ გადაიქცევაო, ფიქრობდა... იმ დღეს ისვენებდა და მცხეთაში, მშობლებთან წავიდა, არ უნდოდა ეყურებინა ამდენი მისი აზრით იდიოტისთვის, რომლებიც რამოდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ანკესზე წამოაგო და სახლებს მოსწყვიტა ვითომდა უკეთესი მომავლის შესაქმნელად. გული სტკიოდა სინამდვილეში ბიჭს, მისთვის საქართველო არ იყო მხოლოდ ქვეყანა, სადაც დაიბადა და გაიზარდა. საქართველო მისი წინაპრების სისხლით გადარჩენილი ქვეყანა იყო, რომელიც დღეს იყიდებოდა... ტელევიზორთან იჯდა მთელი ოჯახი. საინფორმაციო გადაცემას უკურებდნენ, სადაც ჩვეულებრივ მიტინგს და პოლიტიკას ეთმობოდა ყველაზე დიდი დრო. -კარგით რა, არ ამოგივიდათ ყელში? გადართეთ რამე საინტერესოზე.-ბუზღუნებდა ბიჭი, მაგრამ უცბად თვალები გაუფართოვდა: ფარებით და ხელკეტებით შეიარაღებული სპეცრაზმი აწვებოდა ხალხს და აიძულებდა, გასცლოდნენ მთავრობის სახლს. აი სახანძრო მანქანა გამოჩნდა და წყლის ჭავლი მიუშვა ხალხისკენ. ხალხის ტალღა უკან იწევდა. -ქართველებო!-ყვიროდა რომელიღაც მომიტინგე.-ქართველებო შემოგვიერთდით! ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ნიღბიანი თუ უნიღბი ,,სამართალდამცავები“ ხალხს ხელკეტების ცემით მიერეკებოდა... გული აუდუღდა ბიჭს, ხალხის შვილი იყო ისიც და ცოფი მოერია ამის დანახვაზე. ოთახში წრიალს მოყვა, აგინებდა მთავრობას, აგინებდა მათ, ვინც საკუთარ ხალხზე ხელკეტი აღმართა... ვერ გაძლო სახლში, გამოიქცა და გზაზე გავიდა, რომ გამვლელ ტრანსპორტს გაყოლოდა. პირველივე ,,მარშუტკა“ გაჩერდა თუ არა, მივიდა მძღოლთან და სთხოვა, რომ წაეყვანა თბილისამდე და უთხრა, რომ ფული არ ქონდა. მძღოლმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ისიც მაშინვე შევარდა მანქანაში. ნერვები დაჭიმული სიმივით ქონდა, გული ტკიოდა, რომ ისევ ხალხი და მხოლოდ ხალხი გამოდის ყოველთვის დაშავებული, ლიდერებს და მეთაურებს კი გასაქცევი გზა ყოველთვის მოეძებნებათ. დიდუბეში პირველივე ავტობუსში ავარდა და ბოლოს როგორც იქნა, მიაღწია მომიტინგეებამდე. ხალხი უკვე ოპერასთან იყო შეგროვილი, თუმცა ეტყობოდა, აქედანაც მალე გაყრიდნენ. ასეც მოხდა, სპეცრაზმი მიაწვა ხალხს და ხალხმა იძულებითი უკანდახევა დაიწყო. ბიჭი პირისპირ უყურებდა ფარებიან ნიღბოსნებს, მის გვერდით ყვირილი ისმოდა, ხალხს მოუწოდებდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ და არ გაქცეულიყვნენ ცხვრებივით. არცერთი ოპოზიციის ლიდერი, რომელიც მანამდე ხალხის სათავეში იდგა და ხალხს აგულიანებდა აჯანყებისკენ, ახლა არსად ჩანდა. ეს მწარედ ენიშნა ბიჭს, თუმცა როგორც მოგვიანებით გაიგო, რამდენიმე ასეთი ლიდერი სასტიკად უცემიათ სპეცდანიშნულების იმდღევანდელ გმირებს. რუსთაველის მეტროსთან ბიჭმაც იგრძნო ცრემლსადენი გაზის ძალა. სასწრაფო მანქანები დარბოდნენ ხალხში და ექიმები ცხვირზე ასაფარებელ ნიღაბს ურიგებდნენ ხალხს, რომ გაზისგან თავი დაეცვათ. ზოგს ორი, სამი ნიღაბი აეფარებინა, მაგრამ ალბათ მაინც არ შველოდათ, ხელითაც რომ იფარავდნენ ცხვირს. ბიჭსაც მიაჩეჩეს რამდენჯერმე ასეთივე ნიღბები, მანაც გამოართვა და დაარიგა, არ გაუკეთებია სახეზე არცერთი. რუსთაველის მეტროსთან რეზინის ტყვიებიც ისროლეს, ხალხმა უკვე ზურგი აქცია პირდაპირ წამოსულ სპეცრაზმს და სირბილით სცადა თავის დაღწევა. ბიჭიც შებრუნდა და გაიქცა. ორჯერ იგრძნო როგორ გადაუარა ბეჭებზე რეზინის ტყვიების ჯერმა. სპეცრაზმი არ გაკიდებია ხალხს და ხალხიც გაჩერდა. ზოგი ქვას ისროდა, ზოგს ჯოხი აეღო ხელში... -ნუ ისვრით ნურაფერს, მაგათაც ეგ უნდათ, უარესს გააკეთებენ!-ყვიროდნენ ბიჭი და რამდენიმე მისი მსგავსი, ზოგი პირიქით, ხალხს მოუწოდებდა, პირდაპირ დატაებოდნენ პოლიციას და ჯარს. თუმცა სპეცრაზმის ოდნავი წინ წაწევა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხალხი ისევ გაქცეულიყო. ბოლოს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის გვერდზე გაჩერდა ხალხი. წინ სპეცრაზმი იდგა, გვერდითი ქუჩები პოლიციის მიერ იყო გადაკეტილი, გავარდა ჭორი, რომ ალყაში აცევდნენ ხალხს. ეს კიდევ ერთი პანიკის მიზეზი გახდა. -რიყეზე ხალხო! რიყეზე წავიდეთ, იქ იკრიბება ყველა!-გაისმა მოწოდება. მოხუცი ქალი დაინახა ბიჭმა. -სახლში როგორ წავიდე შვილო, არაფერი ტრანსპორტი არაა, არც ტაქსი მიჩერებს. გული დაეწვა ბიჭს, მივიდა მოხუცთან, ტაქსი გაუჩერა. -წაიყვანე ჯიგარო, ცოდოა.-უთხრა მძღოლს მანქანის ფანჯარასთან დახრილმა. -ფული აქვს? გაშეშდა წამით ბიჭი. გული აემღვრა, უდიდესი სურვილი გაუჩნდა, გადმოეთრია მძღოლი და საკუთარ მანქანაზე ერტყმევინებინა თავი, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. მოტრილდა მოხუცისკენ და: -ფული გაქვთ დეიდა? მე არ მაქვს თორემ... კიდევ კარგი, მოხუცს ფული აღმოაჩნდა, თორემ გაგიჯებამდე იყო ბიჭი მისული. ჩასვა ტაქსში მოხუცი და გაუშვა... ცოტა ხანში ფეხმძიმე ახალგაზრდა გოგო დაინახა ხანშიშესულ ქალთან ერთად, ისინიც ამაოდ ცდილობდნენ აქედან გაღწევას. კიდევ ერთხელ გააჩერა ტაქსი. ამჯერად მძღოლს ფული არ უხსენებია... მიტინგმა რიყეზე გადაინაცვლა, ბიჭიც ნელნელა მიყვებოდა პროცესიას. ახლა რიყეზე გაგრძელდა მიტინგი, რიყეზე გაგრძელდა ხალხის დარბევა, ბარათაშვილის ხიდიდან და მეტეხის მხრიდან ერთად წამოვიდა პოლიცია და სპეცრაზმი, ხალხი მართლა ალყაში მოქცეული აღმოჩნდა, ერთადერთი გასასვლელი ღვინის აღმართი ისეთი ვიწრო იყო, ამდენი ხალხი გაქცევას ვერ ასწრებდა. თუმცა ბევრი არც გარბოდა. აგერ უყურებდა ბიჭი, როგორ მოაფრიალებდა ვიღაც პოლიციელის ყვითელ ლაბადას. -ეგ ერთი.-გაეღიმა ბიჭს. უცბად პატარა ჯგუფს მოკრა თვალი და მიხვდა, რომ ვიღაცას ურტყამდნენ. მიუახლოვდა. ათიოდე მომიტინგეს რომელიგაც ბედკრული სპეცრაზმელი დაეჭირა და გამეტებით სცემდნენ. ბიჭმა ამ სპეცრაზმელის ფეხი გაარჩია მიწაზე. მიუხედავად იმ ზიზღისა, რომელიც დღეს გაუჩნდა პოლიციისა და სპეცრაზმის მიმართ, მაინც შეეცოდა ის უბედური... ორჯერ აფეთქების ხმაც გაიგონა და გაიფიქრა, რომ უკვე ხელყუმბარებს ესროდნენ ხალხს... გარბოდა ხალხი და მიყვებოდა მის ნაკადს ბიჭიც. გული წყდებოდა, ასე ცხვარივით გაქცეული საქართველოს დანახვაზე, მაგრამ რა უნდა ექნა ან მას, ან ხალხს, რომელთაც არაფრის გაკეთება არ შეეძლო გაცოფებული ჯარის წინააღმდეგ. -სამების ტაძარში წავიდეთ ხალხნო, იქ ვერაფერს დაგვიშავებენ!-კიდევ ერთხელ გაისმა მოწოდება ხალხიდან, მაგრამ ბიჭი აღარ წაყვა მათ. საკმაოდ დაღლილი იყო განცდებისგან და ხალხის დამცირება გათელვაც საკმაოდ ნახა, აღარ უნდოდა ზედმეტი გულისტკენა... მოგვიანებით გაიგო ბიჭმა, რომ ქაშუეთის ეკლესიაშიც შეუშვიათ ცრემლსადენი გაზი. -ურწმუნო, უგულო და უღმერთო ხალხია.-დაასკვნა თავისით... გავიდა დრო. დღეები, კვირები, თვეები... ოპოზიცია ნელნელა დაწყნარდა, ხალხიც გაჩუმდა შესაბამისად... დავიწყებას მიეცა 7 ნოემბერს მომხდარი ამბავი, ყოველშემთხვევაში გარეგნულად... ბიჭიც ისევ დადიოდა სამსახურში, ისევ ცხოვრობდა ყოველდღიური ერთფეროვნებით და გაათკეცებულად სძულდა ყოველგავრი მიტინგი და ხალხმრავლობა... და გაასკეცებულად უყვარდა საქართველო და ისევ ევედრებოდა ღმერთს საქართველოს და ქართველების დახმარებას... მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წარმატებები :) წარმატებები :)
3. "-თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად საქმეს გააკეთებს, რომელსაც მართლა ეყვარება საქართველო და არა თავისი ჯიბის, არამედ ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძოლებს, მე პირველი დავუდგები გვერდში."
:) "-თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად საქმეს გააკეთებს, რომელსაც მართლა ეყვარება საქართველო და არა თავისი ჯიბის, არამედ ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძოლებს, მე პირველი დავუდგები გვერდში."
:)
2. მე პირველად ვკითხულობ, მგონი, მაგრამ დიდი იყო და გამიჭირდა ერთიანად წაკითხვა. ნაგრძნობია :) მე პირველად ვკითხულობ, მგონი, მაგრამ დიდი იყო და გამიჭირდა ერთიანად წაკითხვა. ნაგრძნობია :)
1. ეს ხომ იყო? მახსოვს! ეს ხომ იყო? მახსოვს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|