 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 17 ივნისი, 2010 |
- კრისტი, მისმინე,- მშრალი შემზარავი ხმით აგრძელებდა მამაკაცი. - გისმენთ,- თითქოს ვიღაც სხვამ გასცა პასუხი უცნობს. - თქვენ მე არ მიცნობთ, მე კი, მე, ალბათ, ხშირად დაგირეკავთ. მე თქვენთან საუბარი მინდა. ჩემზე, თქვენზე, კაცობრიობაზე და ალბათ, ყველაფერზე. დამთანხმდით, ძალიან გთხოვთ. ... ალბათ კიდევ უნდოდა გაეგრძელებინა მშრალ ხმას, მაგრამ კრისტიმ შეაწყვეტინა საუბარი. - მე თქვენთვის არ მცალია, და თან ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს,- უნდოდა ეთქვა კარგად ბრძანდებოდეთო, მაგრამ მამაკაცმა არ აცალა. - მაგ უაზრო ჟურნალისთვის, რომელიც ახლა ხელთ გიკავიათ, ხომ გცალიათ?! ის თქვენ არაფერს მოგცემთ, აი მე კი... ალბათ, მეც ვერაფერს... თქვენ კი... თქვენ ჩემი შველა შეგიძლიათ,- თითქოს მუდარის კილოთი ეხვეწებოდა მამაკაცი კრისტის. - კარგით, დარეკეთ, - თქვა კრისტიმ და თვითონაც არ იცოდა, რატომ დასთანხმდა უცხო მამაკაცს. ერთი კი იყო, რაღაც უჩვეულო გრძნობა დაებადა. საიდან იცოდა რა ეჭირა კრისტის ხელში. უცებ აღმოაჩინა, რომ უნდოდა კიდეც მას დაერეკა. დილა ჩვეულებრივი გათენდა. მშრალი, ცხელი და არაფრის მომცემი. ადგა, წყალი გადაივლო. ვიწრო, უკან მთლად ამოღებული მაისური და მოკლე შორტები ლამაზად მოირგო ტანზე. ქერა, სწორი თმები სპილოს ძვლის ორკაპით მაღლა აიწია. ყავა დალია, ჩანთას ხელი წამოავლო და მორიგი მოვალეობის შესასრულებლად სამსახურში გაემართა. კრისტი ბანკში მუშაობდა. სამსახური დამღლელი და უინტერესო იყო, მაგრამ დიდი ანაზღაურებით. თითქოს ყველაფერი ჰქონდა კრისტის, პირადი ბედნიერების გარდა. თუმცა, რატომ? მას ჰყავდა მეგობარი ბიჭი გიგი. სწორედ გიგი ეგონა კრისტის ის უცნობი, რომელმაც რემონტის ხარჯები დაფარა და უსაზღვრო მადლიერებას განიცდიდა მის მიმართ. ისინი იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ თითოეული მათი შეხვედრა ლამაზი და მრავალფეროვანი იყო. გაიხსენა კრისტიმ წინა შაბათს რა კარგი იყო გიგი, ახოვანი, სპორტული აღნაგობის, დიდი, მწვანე თვალებით, იუმორით და ათასი ლამაზი სიურპრიზებით სავსე. მათ ჯერ სანაპირო ბულვარში გაისეირნეს, შემდეგ კი მდიდრულ რესტორანში ისხდნენ გვიანობამდე. ერთად გატარებული ყოველი წუთი უბედნიერესი იყო ორივესთვის, მაგრამ გიგი თითქოს აგვიანებდა ხელის თხოვნას. არადა, ექვსი წელი არც ისე ცოტა დრო იყო კრისტისთვის. ახლა კი, რაც მარტო ცხოვრება დაიწყო, უკვე უკვირდა კიდეც, რა უშლიდა ხელს გიგის სრული ბედნიერებისთვის. კრისტი მყარად იყო დარწმუნებული, რომ გიგის მხოლოდ კრისტი უყვარდა და არც ცდებოდა. გიგის ის მთელ სიცოცხლეს ერჩია, მაგრამ რატომღაც არ აკმაყოფილებდა მშობლების სამოთახიანი ბინა, სამამულო მარკის მამისეული მანქანა. მას თავისი შექმნილი უნდოდა. ეს ყველაფერი კი დროს მოითხოვდა. ასე რომ, კრისტის ტყუილად ეჩქარებოდა, თუმცა, სად, ეს თვითონაც არ იცოდა. მობილური მრავალმნიშვნელოვნად აწკრიალდა მაგიდაზე. კრისტიმ დახედა ნომერს. ნომერი გიგის ტელეფონის იყო. გაიღიმა. ღილაკზე თითი დააჭირა და ყურთან მიიტანა. - მიყვარხარ და მენატრები,- გაისმა გიგის ხმა. - არ მოგენატრე, ცუდო? - ცუდი თვითონ ხარ, ხომ იცი, რომ ძალიან მენატრები, მნახავ? მოხვალ?- ერთმანეთს მიაყარა კითხვები კრისტიმ. - მოვალ, გნახავ და ძალიან, ძალიან მაგრად გაკოცებ. რომელზე იქნები სახლში? - ჩვეულებრივ, რვაზე. - კარგი აბა გკოცნი,- მობილურში სიჩუმემ დაისადგურა. კრისტის დიდხანს შერჩა ღიმილი სახეზე. საათს დახედა, მალე დამთავრდებოდა სამუშაო საათები. ბედნიერების მოლოდინში სიყვარულით მოავლო ოფისს თვალი და სამუშაოს გასაგრძელებლად კომპიუტერის ღილაკს თითი დააჭირა. დრომ თითქოს კრისტის ჯიბრზე ნელა გაიარა. სამსახური დამთავრდა. ბანკის შენობიდან გამოსულს მიკროავტობუსმა სულზე მოუსწრო. თითქოს მთელი ცხოვრება ელოდაო, სწრაფად ავიდა და პირველივე სკამზე მოკალათდა. სადარბაზოს კართან შეაჩერა, ჩამოხტა და კიბეები ჩვეული სისწრაფით აირბინა, კარი დააღო და სახლში შევიდა. იბანავა და სამზარეულოში სადილის გასაკეთებლად გავიდა. რაღაც ძალიან გემრიელის გაკეთება უნდოდა გიგისთვის, ამიტომ კულინარიულ წიგნში რეცეპტს დაუწყო ძებნა. იპოვა კიდეც- ქათამი სოკოთი და ზუსტად ამ სადილის გაკეთება გადაწყვიტა. ქათამი მაცივრიდან გამოიღო და გასალღობად ონკანს მიუშვირა. ის იყო, სოკოს დაქუცმაცებას შეუდგა, რომ ტელეფონმა დარეკა. სულ რაღაც ხუთი ნაბიჯით გაჩნდა ტელეფონის აპარატთან. - ხო, გიგი, - ამოუსუნთქავად თქვა კრისტიმ. - ბოდიში, მე გიგი არ ვარ,- ისევ ის მშრალი, ხრინწიანი ხმა გაისმა ყურმილში. საშინლად არ ესიამოვნა კრისტის უკვე ნაცნობი ხმა, რომელსაც, ალბათ, მილიონში გამოარჩევდა. - იცით, მე თქვენ არ გელოდით, ახლა არ მცალია, მართლა არ მცალია ! - თითქოს თავს იმართლებსო, ისე წაიბუტბუტა კრისტიმ, - სტუმარს ველოდები. - ვიცი, და ის გემრიელი კერძი, ახლა რომ აკეთებ ქათამს სოკოთი, მას ელის, ხომ? - თქვენ, თქვენ რა იცით, რომ ... - სიტყვა ყელში გაეჩხირა კრისტის. - მე?... მე ხომ გითხარი, რომ ყველაფერი ვიცი, მე ისიც ვიცი, რომ გიგის ელი, შენს გიგის. რა ბედნიერია იგი... - გეყოთ ! ვინ ხართ, რა გინდათ ?!- იკივლა კრისტიმ. - არაფერი !... თუმცა, რატომ, ალბათ ძალიან ბევრი... მაგრამ არა თქვენგან, თქვენ მხოლოდ მისმინეთ, მხოლოდ და მხოლოდ. ნუ შეგეშინდებათ. თქვენ სულ კანკალებთ,- უთხრა მან და გადაიხარხარა, საშინელი, მშრალი ხარხარით. კრისტიმ ყურმილი დააგდო. ის მთელი სხეულით თრთოდა. ყურებში გაბმულად ესმოდა ხარხარი, ასე შემზარავი და ბევრისმთქმელი. სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. სულ დაავიწყდა ქათამიც და სოკოც. - ვაიმე, დედა ! - ხმამაღლა ჩაილაპარაკა. - ეს ყველაფერი სისულელეა, - თავისი თავი გაამხნევა და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. ქათამი უკვე გამღვალიყო. კეცზე ლამაზად მოათავსა და ჰაერღუმელში შედო. დამარეგულირებელი ისარი საჭირო ტემპერატურაზე დააყენა და ქათმის მოსართავად მწვანილის გარჩევას შეუდგა. თითქოს ამ ყველაფერს ინერციით, თუ რაღაც ამგვარი ძალით აკეთებდა. გრძნობდა, თითქოს ვიღაც თუ რაღაც უთვალთვალებდა, მაგრამ ამის დაჯერება არ უნდოდა და აღარ ფიქრობდა. ალბათ, ოცი წუთიც არ იქნებოდა გასული, სამზარეულოში უკვა გემრიელი სურნელი იდგა. უცებ ზარი დაირეკა. კრისტი შეკრთა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ეს ზარი კარზე იყო, გასაღებად გაემართა. შეიძლება გავგიჟდე, - თავისთვის ჩაილაპარაკა და კარი გააღო. კარებში გიგი იდგა. თავისი უჩვეულო ღიმილით და დიდი მწვანე თვალებით. ხელებს რატომღაც უკან მალავდა. კრისტი ბავშვივით შეხტა და კისერზე ჩამოეკიდა. ნანატრი ამბორის შემდეგ გიგიმ მას დიდი იების თაიგული მიაწოდა და თვითონ შეუძღვა ოთახში. ქალიშვილმა იები ყველაზე ლამაზ ვაზაში ჩააწყო და სამზარეულოდან მათთვის წყალი გამოიტანა. - რა ლამაზი ხარ, ძვირფასო, ცოტა ფერმკრთალი, თან რა სუნია... შენ ნამდვილი დიასახლისი ხარ. ამიტომაც მიყვარხარ. ლამაზი, კეთილი, კარგი, მეოჯახე, - დაიწყო მთელი იმ სიკეთეების ჩამოთვლა, რაც კრისტის ასე უხვად ჰქონდა. - მეოჯახე ?! ჰმ, სად არის ოჯახი ? - მრავალმნიშვნელოვნად იკითხა კრისტიმ. - მოთმინებითა შენითაო... ხომ იცი, მე შენს იქით გზა არა მაქვს. მიყვარხარ და მეყვარები,- თითქოს გალექსა გიგიმ. - ჰო, კარგი, მაგრამ როდის? - მაგის დროც მოვა. თუ ქაღალდი გინდა, გექნება... თანაც მალე. მე კი... მე ახლაც აქ ვარ და თან... - მომბეზრდა მარტოობა, მომბეზრდა!- წაიწუწუნა კრისტიმ. გიგი ადგა. ხელები ნაზად მოხვია კრისტის და აკოცა. ისადილეს და ღამე გიგი კრისტისთან დარჩა. სამსახურში გამოუძინებელი მივიდა კრისტი. კომპიუტერის კლავიშები ერთიორად ეჩვენებოდა, მაგრამ სამსახური სამსახურია და ეს დღეც ბოლომდე უნდა მიეყვანა. დრომ სწრაფად გაიარა. სახლში დაბრუნებულს უცნაური გრძნობა დაეუფლა. ბანაობის დროს თითქოს ვიღაცის ფარულ მზერას გრძნობდა. აბაზანიდან გამოსულმა გიგის ნაჩუქარ იებს წყალი გამოუცვალა და ლიზის დაურეკა. ლიზი კრისტის ბავშვობის მეგობარი იყო. კეთილი, სანდომიანი, ბავშვივით ემოციური და ძალზედ მიმზიდველი. ქუჩაში მიმავალი კრისტი და ლიზი მომაჯადოვებელი სილამაზით იპყრობდნენ ყველას ყურადღებას. ყურმილი ლიზის დედამ, ვარამ, აიღო. - გისმენთ. - გამარჯობა, ვარა დეიდა. კრისტი ვარ, ლიზი თუა სახლში ? - ახლავე, ახლავე, დედიკო, როგორ ხარ, შვილო? - როგორც ყოველთვის, მარტო და მოწყენილად. ვარა დეიდა, ლიზი თუ დამთანხმდება, ხომ გამოუშვებთ ჩემთან ამაღამ? - კი, შვილო, კი წამოვიდეს თუ უნდა. რა შორი მანძილია თქვენიდან ჩვენამდე. ლიზი იმდენად ახლოს ცხოვრობდა კრისტისთან, რომ მისი სადარბაზოს შესასვლელი კრისტის საძინებლის ფანჯრიდანაც მოჩანდა. - მადლობა. - ხო, გისმენ, კრისტი, - ყურმილი გამოართვა დედას ლიზიმ. - ლიზ, მოდი რა ამაღამ ჩემთან დარჩი. რაღაც ვერა ვარ კარგად. - კარგი, მოვდივარ,- არ ახვეწნინა მეგობარს ლიზიმ და ყურმილი დადო. ყურმილის დადება და დარეკვა ერთი იყო. კრისტიმ შემობრუნებაც კი ვერ მოასწრო. შეკრთა, ოდნავი შიშიც კი შეეპარა, რის გამოც მეხუთე ზარზე აიღო ყურმილი. - გისმენთ,- ხმის კანკალით თქვა კრისტიმ. - გამარჯობათ,- ისევ ის საშინელი ხმა. - გამარჯობათ,- თითქოს გაიმეორა კრისტიმ. - დღეს ხომ გცალიათ ჩემთვის? რაღაც ფერკმთალი მეჩვენებით. - მე? თქვენ მე მხედავთ? ეს როგორ? - ხომ გითხარით, რომ მე ყველაფერი ვიცი. შიში ცუდია, შიში თრგუნავს ადამიანს, მაგრამ შენ არ იცი, რა არის შიში, სიკვდილის შიში. კრისტის უნდოდა ეყვირა, გაელანძღა უცნობი, მაგრამ თითქოს მონუსხულივით უსმენდა. ყურმილის დადებასაც ვერ ახერხებდა და ქანდაკებასავით იდგა ტელეფონის აპარატთან. - კრისტი, შენ გიგრძვნია სიკვდილის შიში? - არა და არც მაქვს სურვილი, მე ხომ მთლად ახალგაზრდა ვარ,- სხაპასხუპით წარმოთქვა კრისტიმ და თითქოს თავს იცავსო, დააყოლა: - რას მერჩით, რა გინდათ... - არა, არა, არაფერი. უბრალოდ, დღეს ჩვენი თემა იქნება “შიში”. - არ ვიცი რატომ, მაგრამ მე თქვენი მეშინია,- თავის მართლებით თქვა კრისტიმ. - მე ვიცი, რატომაც. - რატომ? - იმიტომ, რომ ისწავლი შენი თავის მართვას. კრისტი მიჯაჭვულივით უსმენდა უცნობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მიყვარს ეს იები... თუნდაც სიკვდილისფერი! 5 მიყვარს ეს იები... თუნდაც სიკვდილისფერი! 5
4. მშვენიერი ნაწერია :) მშვენიერი ნაწერია :)
3. მიყვარს ეს მოთხრობა...5 მიყვარს ეს მოთხრობა...5
2. კარგი ხარ თამუ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ თამუ!!! გაიხარე შენა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|