ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოჩილა
ჟანრი: პროზა
22 ივნისი, 2010


საქართველო - მითოლოგიური ქვეყანა. მგზავრის ჩანაწერები.

    საქართველო - მითოლოგიური აზროვნების ქვეყანაა, მეოცნებე ნაცარქექიებით დასახლებული. აქ ადამიანები ერთს აღიარებენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. მეტიც, აქ, არა მხოლოდ ცნობიერება, არამედ გარემო, შესანიშნავი ბუნება, თვალწარმტაცი მთები, ჰაერიც კი, მითოსით არის გაჟღენთილი.
    მითის საშუალებით ძველმა ადამიანმა მოახერხა დაპირისპირე¬ბულ წინააღმდეგობათა გადალახვა, დაუძლეველის დაძლევა. მაგალითად, კაცი ამაღლდა ღმერთამდე, სიკვდილი დათრგუნა სიცოცხლემ. რეალურ და წარმოსახვით ცხოვრებას შორის განსხვავების, თუნდაც ნაწილობრივ, გაქარწყლება, მიწიერ ყოფაში წარმატების, სამართლიანობის მიღწევით ხდება. ივერიელთა ცხოვრება არც დასაბამიდან ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ხოლო უკანასკნელი 8-9 საუკუნეა, აქ ოდნავ სასიკეთოც კი არაფერი მომხდარა. რა ექნათ? იგონებდნენ და თხზავდნენ ქართველები ახალ-ახალ მითებს, რათა ზღაპარში მაინც მიეღწიათ წარმატებისთვის, გაემართლებინათ თავისი ამქვეყნიური დუხჭირი ყოფა.
    ამ ცხოვრებაზე გულგატეხილი მოსახლეობის უმრავლესობა, დღესაც, მომავალ არამიწიერ ანუ ზეციურ ცხოვრებაზეა ორიენტირებული. სასუფეველზე მუდმივი ოცნება ამ ხალხს სულაც არ უშლის ხელს, ადამიანი მითოლოგიურად, სავსებით მიწიერი კრიტერიუმებით, მანქანით, ბეჭდით, საათით და მობილური ტელეფონით, შეაფასონ!
    აქ საყვარელი ხალხური ზღაპარია - ,,ნაცარქექია”! ქართველების მთავარი საფიქრალია,- როგორ არ მოჰყვეს სიტყვას საქმე, რა წინაღობა მოიგონონ, რათა არ გადაწყდეს პრობლემა. აქ მთავარი სურვილია შეინარჩუნო გონებრივი და ფიზიკური უძრაობა და თან ამაში გიხდიდნენ რაც შეიძლება ბევრ ფულს, მოიხვეჭო რაც შეიძლება დიდი სიმდირე. მუქთახორობას და კარგ, უდარდელ ცხოვრებას შორის ფატალური წინააღმდეგობის დასაძლევად, ქართველებს პროტესტის სხვადასხვა ფორმა აურჩევიათ, სამოქალაქო ომიდან მრავალათასიან მიტინგებამდე.
    სამი ისტორიული ფაქტიდან: 1.საქართველოში შეიქმნა უკვდავი პოემა ,,ვეფხისტყაოსანი”; 2.ქართველებს ჰყავდათ დიდი მეფეები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე; 3.ქართველებმა ერთ მოედანზე ააშენეს ოთხი სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძარი,- გამომდინარეობს, ქართული ცნობიერებისთვის სავსებით ლოგიკური, ეროვნული სიამაყის მთავარი ქმნილება, მითი - ,,ჩვენ ქართველები დედამიწის ზურგზე ყველაზე მაგარი და მართალი ერი ვართ!”. ამ მითს მრავალი განშტოება აქვს - ,,ყველაზე ძველი და გმირული ისტორიის მქონე..! ,,ყველაზე კულტურული..!”, ,,ყველაზე განათლებული..!”, ,,ყველაზე მართლმორწმუნე..!”, ,,ყველაზე უმანკო, უბიწო და კდემამოსილი ქალებით..!”, ,,ყველაზე ინდივიდუალურები და ,,არაჩმორები..!” და სხვა უამრავი ,,ყველაზე..!”. აზროვნებაც ძველი და ახალი ზღაპრებით არის გაჯერებული. ერთი მხრივ - ისტორიიდან ამოგლეჯილი ეპიზოდებით, რათა სამარცხვინო განიდევნოს, ხოლო გმირული დარჩეს და მეორე მხრივ - ყოველდღიური მოხმარების, აბსურდული პოლიტიკური ხასიათის მონაგონით, შეთქმულების თეორიებით, მრავალი მტრის ხატებით, რათა ცხოვრების სიძნელეები, ოცნებაში ან მიტინგზე მაინც დაიძლიოს.
    აქ სიხარულის ძირითადი წყარო - ,,სუფრა-თამადა-აკადემია” - მითია, ქართულად - ,,მამა-პაპური სმა-ჭამა”და ,,შემეტენე-შეგეტენე” სადღეგრძელოები! გამთენიისას სახლში მოსვლა და საწოლში ჩუმი, ნეტარი ხარობა იმით, თუ როგორ შეგაქეს შენ, რა მაგრად, სრულიად განსახვავებულად ითქვა შენი სადღეგრძელო! სუფრის ფენომენი, ჭიქით ხელში ურთიერთ-პსიქოთერაპია, იმდენად მნიშვნელოვანია ქართველთა ყოფისთვის, იმდენად ზღაპრულია და რეალობას აცდენილი ამ ხალხის ცნობიერება, რომ ყველაზე ცუდ დროსაც კი, როდესაც არც შუქი ჰქონდათ, არც ბუნებრივი აირი და ქუჩაში ერთმანეთს ხოცავდნენ, რისთვის დღესაც არავინ იცის, მაშინაც კი, პირველ რიგში რესტორნებს, კაფე-ბარებს და სასადილოებს აშენებდნენ. ამასვე განაგრძობენ დღემდე.
    ნეტავ განახათ მათი ზღაპრული რიტუალები: გასვენებები, ქელეხები, ქორწილები, მრავალრიცხოვანი ბანკეტები, გაგაგონათ სადღეგრძელოები -  ფანტაზიის ფეერვერკი! აი, სად ხდება ჭეშმარიტად დაპირისპირებულ წინააღნდეგობათა გადალახვა! სუფრაზე შენდება ქვეყანა და მერე როგორი! აქ
ხდება მკვდრების გაცოცხლება და ცოცხლების მოკვდინება! გმირული ამბები და ახალი მითოლოგიური ისტორიის შექმნა! მიჯნურობა და განშორება!
    ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად ანუ დაუფარავად ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. ქალის და კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობს სქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამო სამოქალაქო ქორწინების და ჯვრისწერის შემდეგ. მანამ გათხოვების ნეტარი მომენტი დამდგარა, უმრავლესობა მდედრებისა დღემდე დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არც კი უნდა სექსით დაკავდეს, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებული სიამოვნებისადმი. ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივით იქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზრაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანში პოულობენ.
    აქ საზოგადოება, სასიყვარულო ურთიერთობას, როგორც კაცს და ქალს შორის მიმდინარე ომს, ისე აღიქვამს. ამ დიად ბრძოლაში გამაჯვებული მხარე, მამაკაცი, დამარცხებულს, ქალს, მუხლებზე დასცემს და ერთჯერადი კონტრიბუციის მიღების შემდეგ, უნიშნავს სამუდამო ხარკს! დამცირებული და შეურაწყოფილი მტერი მორჩილად დგება სამუდამო ქორწინების მონობაში.
    ღმერთიც, გარკვეული თვალსაზრისით - მითია, ოღონდ ყველა მითი როდია ღმერთი. ღმერთი - ზემითია! მაგალითად: ღმერთი - კაცი, წარმოებს წინააღმდეგობის მითით დაძლევა და იშვება - განკაცებული ღმერთი; ან სიცოცხლე - სიკვდილი, დაპირისპირების გადალახვა - აღდგომა. ოღონდ მართლმორწმუნე ქართველებს მხოლოდ ამგვარი მისტიური ამბები არ ჰყოფნით, მათ რეალურის ზღაპრულთან შერწყმა სურთ, მათ ჰვთაებრივი კერპი სწყურიათ! ამიტომ მითოლოგიას გაღმერთების, სუბლიმირების მძლავრი ნაკადი უერთდება და იბადება ხატები რაინდული სახეებით: მითი -,,კეთილშობილი ბიზმესმენი ბ.”; ზღაპარი - ,,სამართლიანი აბრაგი დ. ან ქურდი შ.”; ,,ზემითი - უვერცხლო, თავმდაბალი უმანკო კრავი, წინასწარმეტყველი მამაო ზ.”. აქ ყოველივე მითოლოგიურია, როგორც გაკერპებული ფეხბურთელი დიეგო მარადონა, ისეთი...
    ეროვნული ხასიატიდან გამომდინარე, რომელიც დაფუძნებულია სამყაროს მითოლოგიურ აღქმაზე, ამპარტავნებაზე და ნაცარქექიობაზე, ქართველებმა საკუთარი წვლილი შეითანეს ქრისტიანობის განახლებაშიც! ინოვაცია შეეხება ერთის მხრივ- ზეციდან, მხოლოდ ქართველებისთვის, მათი განსაკუთრებულობის დასამტკიცებლად მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას, და მეორე- საქმის კეთებას საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ცეცხლის არამიწიერი წარმოშობა მტკიცდება, მასზე ხელის სწრაფი გადატარებით და იბადება ახალი მითი- ცივი ცეცხლი! ხოლო მოვლენათა არსის ფილოსოფიური განჭვრეტა გამოიხატება ლოგუნგებით: ,,დაანგრიეთ ციხეები და ააშენეთ ეკლესიები" და ,,საქართველო გამთლიანდება" (სავარაუდოთ იგულისხმება, ლოცვით, ყოველგვარი ომის გარეშე ანუ თავისით. კვლავ დაიძლია უსიამოვნო, სისხლიანი ეპიზოდი წინააღმდეგობაში და უბრზოლველად, ზრაპრულად ქართველებმა დაიბრუნეს აფხაზეთიც და ოსეთიც!)   
    დაბოლოს, წარსულში, მათი წითელი მანიფესტი და შემდეგ, დროის  მოთხოვნების გათვალისწინებით, ამჟამინდელი ლოცვა:   
    ,,ერთმორწმუნე რუსი ძმები! ჩვენ, ქართველები ყველაზე მაგარი ერი ვართ! განსაკუთრებული! ყველაზე, ყველაზე, ყველაფერში! ჩვენ ყველა გვიყვარს, ყველას ვძულვართ და ყველა გვებრძვის (ნუ, გარდა რუსებისა)! ქალიშვილობის ინსტიტუტი! მართლმადიდებელ მშობელთა, სტუდენტთა და მოკრივე რაგბისტთა კავშირები!   
    საქართველო გაბრწყინდება - ინგლისი დაიძირება! გლობალიზაცია და გარყვნილება! სორესელები და მასონები, ბევრი მასონები! ბევრზე, ბევრი მასონები! მტრები, იაღოველები და ეშმაკები! ჰარი პოტერები! მრუშები, მამათმავლები, ლესბოსელები! ჯოჯოხეთის ჰეენა მათ!
    ქართული სუფრა - აკადემიაა! ერთ კვირიანი პანაშვიდები და გასვენებები, დიდი ქელეხები და უმაგრესი, მარმარილოს საფლავები! მინიმუმ ათას კაციანი ქორწილები, ნათლობები და ბანკეტები! სადიდებელი სადღეგრზელოები, განსხვავებულები, ყანწები, ვაზები, ჭის ,,ვედროები”, ,,ლამპის” შუშები და ქალის ,,ტუფლები”! სუფრაზე ყველა მტერი დამარცხდება და ჯოჯოხეთს წარიგზავნება! ქეიფში უმშვენიერესი ქვეყანა-ედემი აშემდება! ინგლისი და ამერიკა მაინც დაიძირება!   
ასეა ეს!

    ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო! ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო! ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო-ოო! დიდება შენდა მითოლოგიავ და ფარისევლობავ, დიდება შენდა-აა!
...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები