ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლედი ჰეროინ
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2010


დედოფალი და მათხოვარი

18 მარტი

ქვეყნად იმდენი რამ მაბადია, რომ ხანდახან მსურს გავიხადო ყველაფერი ადამიანური და მთელი სამყაროს მიღმა გავიდე.
დედოფლობა იმდენად მოსაწყენია, რომ ხანდახან ვცდილობ თავი დავაჯერო, თითქოს სიზმარში ვარ, რომ მე შემთხვევით მოვხვდი სხვის ოცნებაში..
იცით, რა ძნელია მთელი სამყაროს დედოფლობა მაშინ, როდესაც კონკრეტულად არავისთვის ხარ ასეთი დიდებული..
ხავერდის სამოსი.. ძვირფასეულობა.. ყველაფერი დიდებული. ზოგჯერ მგონია რომ ამ ყველაფერს საშინელი სუნი ასდის. მეზიზღება, როდესაც თოჯინასავით მკაზმავენ სარკის წინ.
ვიყინები, როცა ჩემნაირი ქალები თავს ხრიან ჩემს წინაშე და მამაკაცები ჩემი წოდების გამო იხრიან ქედს.
ხანდახან ვწერ ამ ყველაფერს, შეუძლებელია მარტომ დავიტიო ამდენი განცდა ჩემში. ამიტომაც სიტყვებად გადმომაქვს.
თუმცა ჩანაწერებს ყოველთვის ვანადგურებ. ვფრთხილობ მოსამსახურეებს არ წაუცდეთ ხელი, თუნდაც გადაგდების მიზნით და ჩემს ყველაზე ღრმა წერტილებში არ ცადონ შემოღწევა.





25 მარტი


მე მახსოვს მისი დაგლეჯილი სამოსი, ჭუჭყიანი ხელ–ფეხი.. ტალახში ამოსვრილი სხეული. როგორ ცახცახებდა უსუსურობისგან და ღონემიხდილი მიარევდა ძვლებადქცეულ არსებას. შემზარავად ხარხარებდა, დასცინოდა თითქოს თავის ბედს.
შემთხვევით გადავეყარე, წუთით გადაიკვეთა ჩვენი მზერები, ვიგრძენი როგორ შემძრა რაღაც უხილავმა. ის განაგრძობდა ხარხარს.
– დედოფალო, გადათვალეთ თქვენი ცოდვები, იქნებ ჯერ კიდევ არ იყოს გვიან და მოგეტევოთ.. მე ხომ თქვენი სულის ნაწილი ვარ,  დედოფალო..
იმეორებდა მათხოვარი, თან შემზარავად ხარხარებდა. შევკრთი, ჯარისკაცებიც კი დაიბნენ წუთით, შემდეგ ძლიერ ამოკრეს ფეხი მათხოვარს, კვერი დამიკრეს ბოდიშის მიზნით და ასე თრევა–თრევით წაიყვანეს იგი.
იმ დღეს სისხლი სდიოდათ ბაღში ყვავილებს..
ახლაც ყურებში მაქვს მისი ხმა, დამცინოდა ამ ყველაფრისთვის, რადგან მის წინაშე უბრალო ქალი დედოფლობას ვთამაშობდი..
მეორე დღეს გავიგე რომ ჩამოხრჩობას უპირებდნენ.
არ მიკითხავს მიზეზი, რადგან ამ ქვეყნად არაფერი ხდება უმიზეზოდ.
არც ჩემი იმ მომენტში, იქ ყოფნა იყო სპონტანური.
ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო.
წოდება არაფერია იქ, სადაც გრძნობები არსებობენ. ჩემი ძვირფასეულობის, ტანსაცმლის ფონზე მისი ტალახიანი და დაგლეჯილი სამოსი იმდენად სუფთაა, რომ მე მრცხვენია.. საკუთარი დიდებულება მტკივა.. ასე მგონია ეს ტანსაცმელი მჭამს და ცდილობს სულამდე ჩაღწევას.
იმ დღეს, როდესაც მას ჩამოახრჩობენ, მე დავწვავ ყველა ჩემს სამოსს..



26 მარტი

თვალწინ მიდგას ეშაფოტი, გაცრეცილი, გახუნებული, სისხლისგან გაფითრებული..
მოშორებით ვიდექი და ტუჩებს ვიკვნეტდი მღელვარებისგან.
მას ტანზე შემოფლეთვოდა ყველანაირი გრძნობა და ახლა სულით შიშველი ხალხის თანამგრძნობი მზერით იმოსებოდა.
რამხელა იყო ტკივილი, ცაც კი ჩამუქდა დარდისგან.
შეწყალებას ითხოვდა ჯგროდ შეკრებილი ხალხი, ამაოდ გაყვიროდნენ ცის მიმართულებით, თითქოს უფალსაც არ ეცალა მათთვის.
და ეშაფოტთან იდგა მათხოვარი, დაგლეჯილი სამოსით და სულშემოძარცვული.
ხალხი ტალღასავით ირეოდა, გრგვინავდა ცაზე ღრუბელთა მანტია.. მოსდებოდა ცეცხლად აალებული შეძახილები მთელ ზეცას და სამყაროს დაქცევას უპირებდა.
მე საოცრად მტკიოდა ჩემი წოდება, ყველაზე მეტად ამ მომენტში მახრჩობდა ეს ბინძური სამოსი, ეს დიდებულება..
ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ შენს ფერხთით დამხობილს გეპატიება ყველა ტკივილი და უბრალო ქალი მხოლოდ შენს დედოფლად გექციე.
ვერ მოვახერხე..
სახეს უდარდელობის გრიმასა მიწვავდა.
მე – ყველაზე ადამიანური ამ მომენტში, გახრწნილ, აყროლებულ დიდებულებას ვთამაშობდი.
ჩემი სასახლის ყველა კუთხე, სისხლით ნარწყავი მეჩვენებოდა და თვალწინ მედგა ეს დღე, თითქოს უკვე ნანახი.. შენ ეშაფოტზე მდგარი, ასეთი სულით შიშველი, მე კი გახრწნილი დიდებულება, უდარდელი გრიმასით..
მახსოვს როგორ ავწიე ხელი და წუთით შევაჩერე მთელი ცერემონია.
ფრთხილად გადავითვალე ნაბიჯები ეშაფოტამდე და უფრო მივუახლოვდი მის თვალებს.
იგი აღარ ხარხარებდა, მხოლოდ მშვიდი ღიმილი ჰქონდა. წუთით ისე შემშურდა მისი.. მე ხომ დაბადებიდან ამ სიმშვიდეს ვეძებდი.
შემდეგ მეტკინა, რაღაც ჩამწყდა.. ეს ყველაფერი წამებში მოხდა.
ვიგრძენი როგორი სითბო ჩაუდგა თვალებში. საოცრად მეცნო მისი სახე.. ისე ძალიან რომ გონება გადამებინდა ლამის..
ის ჩემზე მაღლა იდგა, თითქოს მიცქერდა ზემოდან  და სასოებით შემოსილს, ცდილობდა სიმშვიდე ეწილადებინა თავის ბაგეებიდან.
მე მის წინ სიმშვიდეს ვმათხოვრობდი, მას კი მოწყალებაც არ სურდა ჩემი.
– მე თქვენ მიყვარხართ, დედოფალო..
დამარცვლით წარმოთქვა, წუთით ისიც კი ვიფიქრე რომ მომესმა ეს ყოველივე.
კადრი შეიყინა.. ბრბოში ექოსავით გაჟღერდა მათხოვრის ნათქვამი.
ყველა გაოგნებული მოგვჩერებოდა. ჯარისკაცები ჩემს ბრძანებას ელოდნენ.
– გაიღიმეთ, დედოფალო.. გაიღიმეთ.
ლოცვასავით ჟღერდა მისი ნათქვამი. ვიგრძენი როგორ იწმინდებოდა ჰაერი ჩვენს გარშემო და თავისუფლების სუნი ტრიალებდა ირგვლივ. სითბო ჩამეღვარა მთელ არსებაში და ჩემდაუნებურად მომეფინა ღიმილი..
მან თვალები დახუჭა და მთელი არსებით ვიგრძენი მისი ყველა ვერდაბადებული ცრემლი. ცაზე ღრუბელთა მანტია მუქდებოდა, საავდროდ ემზადებოდა ბუნება და მე მეტკინა.. ვიღაცამ უკვე გამოიტანა განაჩენი და ვერასოდეს ვიქნებით ერთად.
მე – დედოფალი, ის კი უბრალო, გზააბნეული მათხოვარი.
და როგორ მოწიწებას ვგრძნობდი მის წინაშე.
მან იგრძნო ჩემი ფიქრები თითქოს და მშვიდად მიპასუხა.
– ნუღა აყოვნებთ დედოფალო, მე ხომ ამხელა საუნჯეს მფლობელი ვარ და ეს საუნჯე თქვენი ღიმილია.. ქვეყნად ხომ არც ისე ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა.




“თავიდან დაბადება”
(მინაწერი გაკრული ხელით)


ეს დღე არასოდეს ამომივა გონებიდან.
მეფეს ბრძანებით ჩამოახრჩეს ჩვენს ბაღში შემოჭრისთვის, თურმე ყვავილებს კრეფდა..
რამდენიმე ყვავილში გაცვალა სიცოცხლე..
წოდება ვერ მოერევა იმას, რაც ასე ძლიერია.
მე კვლავ ვაკეთებ ჩანაწერებს.. ოღონდ აღარ მიწევს მათი განადგურება.
იმ დღეს ჩემი ყველა სამოსი დავწვი. მეფემ შეურაცხადად გამომაცხადა და მეც ვიქეცი როგორც იქნა უბრალო ქალად..
მას მერე მეც მათხოვარი ვარ. სულით თავისუფალი და ტანსაცმელჩამოძონძილი.
და იცით?
მე დედოფალი ვარ, ოღონდ ამჯერად არა წოდებით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები