ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 ივნისი, 2010


არ იყო და გაჩნდა რა

                                                  მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც იცის რაზეა საუბარი.
                                                  რომ არასოდეს დამავიწყდეს პირველი შეგრძნება არარსებულის გაჩენის.

გასვლის დრო 07:30  27.06.10
დანიშნულების ადგილი ყორან ქედი, რუის–ურბნისის ეპარქია, ასახვევი ხაშურიდან. მონასტრის წინამძღვარი..

არა, ამას მე, მხოლოდ სახელში ვერ ჩავატევ! აი ვერ.
მამაო, რომელმაც პირველმა შემოაღწია ასე გულში, ასე სულში და გონებაში. სამივე ერთდროულად. სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის ისეთი, რომ ეს მოეხერხებინა. უბრალოდ არის სასულიერო პირი, რომელიც გარემოცულია სისუფთავით და სიყვარულით, სიბრძნით და სიმშვიდით.
ეხლა კიდევ შეიძლება სახელიც ითქვას – მამა სვიმეონი, ბერი, წმ. ილია წინასწარმეტყველის მამათა მონასტრის წინამძღვარი. ასაკით 27  წლის.
კიდევ ვერ ვჩერდები. აქ იმდენი რამეა სათქმელი.. 27 წელში, ყველაზე სწორი იქნება, თუ სადღაც 37–ს მაინც ვიგულისხმებთ, იმიტომ რომ თავის ასაკთან შედარებიტ, გაცილებით მეტი იცის, გაცილებით მეტი გაუკეთებია, გაცილებით უფრო მშვიდი, გაწონასწორებული, თითოეულ ადამიანთან მორგების და დაახლოების უნარიანი და ამ ყველაფერთან ერთად, სუფთაა.
თუ არ ნახე.. ამ ასოებიდან ამ ყველაფერს, სულაც ვერ შეიგრძნობ ისე, ტოგორც არის.
მამა სვიმეონი არის ადამიანი, როგორებიც თითქოს აღარ არსებობენ, მაგრამ ის არსებობს და მოწმეებიც მყავს.
წირვას იქ დავესწარით, შემდეგ ვიტრაპეზეთ, მაგრამ ეს სულაც არ მომხდარა ისე მშვიდად და ჩვეულებრივ, როგორც ჟღერს.
გაწვიმდა.. არა, ჯერ გაწინწკლდა. წირვა რომ დასრულდა, მერე იმატა, იმატა და ბოლოს დაემსგავსა თქეშს. ვიყინებოდით, ვკანკალებდით. ტრაპეზიც გარეთ გააწყო მამა ზაქარიამ და მრევლიდან რამდენიმემ.. მაინც კარგი იყო, მაინც ვიღიმოდით. ანდა, როგორ არ გაგვეღიმა?!
მამა სვიმეონი შეპირებული იყო ნინიკოსთვის, ქოზიფაში აგიყვანო. ამ განწყობით წავედით ყველანი. წვიმამ ხელის შეშლა დააპირა. გზა ატალახდა, მანქანები ვეღარ დაიძრნენ...
წვიმამ გადაიღო და დაძვრა გავბედეთ. ჯიპები სრიალებდნენ, მსუბუქი მანქანები დასრიალებამდეც ვერ მიდიოდნენ.
მამაომ ერთი თქვა „აბა მოვთავსდით ყველა და წავედითო“ და მართლა არ ვიცი რა მოხდა – მანქანები დაიქოქა და გაჭირვებით, მაგრამ მაინც წავიდნენ...
მცირე გართულებებით, ჩავაღწიეთ ხრცისის მონასტერთან.
ჩვენ უკვე შემკულნი ვიყავით ტალახით და არც სისველე გვაკლდა. სხვებმა, დაცურების შიშის გამო, ფეხით ჩამოიარეს გზის დიდი ნაწილი, მე მანქანაში ვიჯქი. არა, უშიშრობა არაფერ შუაშია, უფრო სიზარმაცეს დავარქმევდი.
ხრცისი, დაახლოებით 18:50  27.06.10
ვიწმენდთ ტალახს, ვიცინით, ველოდებით მამაოს, რომ წავიდეთ ჯერ ყინწვისის მონასტერში, შემდეგ ქოზიფაში.
მოგვიწია ხაშურში ჩასვლა, მონასტრებისთვის ვეფხომ ხილი და სხვა საჭირო პროდუქტები შეიძინა.
ამ ყველა გადახვევასაც კი, იმიტომ ვყვები, რომ თითოეული წამი ძალიან, ძალიან კარგი იყო.
ყინწვისის მონასტერი 19:30  27.06.10
ვუახლოვდებით მონასტერს და ნელ–ნელა ყველანი ვმუნჯდებით.
სიმშვიდე, სილამაზე, სიყვარული, მადლი, ულამაზესი ტაძარი და ჩემი საყვარელი, ყინწვისის მთავარანგელოზი.
პირველ რიგში მოვინახულეთ ყინწვისის მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, მამა შიოს საფლავი. ბერის, რომელზეც სრულიად მართლმადიდებლურ  სამყაროში ლეგენდები დადის, რომელიც თითოეულ ადამიანს უყვარდა და ეხლაც უყვართ, გულში.
შევდივართ ტაძარში, ვლოცულობთ, ვივსებით, იქაური ბერი ნინიკოს ელაპარაკება და კითხვებზე პასუხობს, მარი გაოგნებული ათვალიერებს ფრესკებს, ვეფხო და მისი თანამშრომლები სანთლებს ანთებენ.
ყველანი კარგად ვართ. ამ სიტყვის ყველაზე ფეიერვერკული გაგებით.
რეკავს მამა სვიმეონი, უნდა ჩავიდეთ ქვემოთ, სოფელში და...
ჩვენი, განსაკუთრებით ნინიკოს დაუოკარი სურვულით, ავიდეთ ქოზიფაში. არადა გვიანია უკვე, ამას არავინ ვაღიარებთ.
ილია, მამაოს სულიერი შვილი და ძალიან საყვარელი ადამიანი, ირწმუნება, რომ აუცილებლად ავალთ, მამაო ტყუილად არ დამტოვებდა წირვის მერეო.
ილია არის ადამიანი, რომელიც ნებისმერ ტრაგიკულ ამბავსაც კი, ისე გვიყვებოდა, სიცილს ვერ ვიკავებდით. იყო ეს აგვისტოს ომი, რომლის დროსაც ის გორში იმყოფებოდა, თუ მონასტერში ერთ დროს, გაუსაძლისი პირობები.
ილიასაც და საერთოდ, მამაოს თითოეულ სულიერ შვილს სრულიად მრევლს, იმხელა სიყვარული აქვთ, ისეთი სუფთები და რაღაცნაირები არიან, გინდა არ გინდა, შენც ლმობიერი და მშვიდი ხდები. აი, დგახარ ტაძარში და გრძნობ, როგორ ივსები სიკეთით და ყველაფერი იმით, რაც ადამიანს უნდა გაგაჩნდეს, როდესაც მართლმადიდებელი, მორწმუნე გქვია.
სანამ მანქანამდე ჩავედით, ვეფხომ, ანუ ნინიკოს საყვარელმა მეუღლემ, მოასწრო სამსახურეობრივი პრობლემის მოგვარება.
საერთოდ, ვეფხო ან ტელეფონზე ლაპარაკობდა, ან მღეროდა რაღაც საოცარ სიმღერებს და ან განიხილავდა კვლავ სამსახურის ამბებს. ბოლოს ეძინა.
სოფელი ყინწვისი 20:30  27.06.10.
უკვე შებინდდა, ლაპარაკია ქოზიფაში ასვლა არ ასვლაზე. მამაოს ერთი სიტყვა და ყველაფერი გადაწყდა– მივდივართ. უბრალოდ, ველოდებით ვიღაცას.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქოზიფამდე გზა კი არა სულ ორმოები ან პატარა მდინარეებია. 9 კაცი ვსხედვართ მამაოს „ტოიოტა ლენდ კრუისერში“ და მივდივართ.. კი არ მივდივართ, მივხტუნავთ ქოზიფასკენ. მამაო მანქანას ატარებს კი არა, ჯერ სიტყვა ვერ მოვუძებნე, რაც ამას ქვია, შეეფერება.  იმ საოცარ გზაზე მივდიოდით არც თუ ნელა, თან რაღაცას ყვებოდა და ნინიკოს უყურებდა, ლაპარაკის დროს ხელებსაც იყენებდა და ისე, სხვათაშორის თუ გახედავდა შვეიცარიული ყველივით ორმოებიან გზას.
ჰო! თან ბინდდებოდა კი არა, ბნელოდა.

ქოზიფა !!! (ეს თუ არ ნახე..ვერასოდეს განიცდი) 22:00  27.06.10.
ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი, უზარმაზარი, რამდენიმე საუკუნის ხე, მეხუთე საუკუნეში აგებული ულამაზესი ტაძარი, რომელიც 7 პატარა, სხვადასხვა წმინდანის სახელობის ტაძარს აერთიანებს, იქვე საძვალე – იქ მოღვაწე, წამებული ბერების ძვლები, გათხრებისას აღმოჩენილი. მიუხედავად შემზარავი ისტორიისა, მაინც მშვიდი გარემოა.
ცა მოჭედილია ვარსკვლავებით, საკმაოდ ბნელა, თუმცა ზღაპარში რომ აღმოვჩნდით, ამას ყველანი ვხვდებით , ილიას და მამაოს გარდა. მათ ეს ყველაფერი ჩნენამდე ბევრად ადრე იცოდნენ.

მონასტერი ტბეთი, დაახლოებით 22:30  27.06.10.
უზარმაზარი ტერიტორია, ულამაზესი, 80 დღე–ღამეში, 40 დღეში, მონასტერში მოღვაწე ბერების და მათი სტუმრების მიერ აგებული ტაძარი და ორსართულიანი მონასტერი, ოდნავ მოშორებით წინამძღვრის კელია, რომელიც ჩვენი სტუმრობის გამო გააღვიძეს.
მოვილოცეთ... გავვოგნდით იქაურ სილამაზეზე და სატრაპეზოდაც მიგვიწივიეს. ამ დროისთვის ყველანი დაღლილები და  მოშიებულები ვიყავით. სუფრა მონასტერში ჩასულმა სტუმრებმა გააწყვეს. მამა სვიმეონმა გაისეირნა წარსულში და მერე მანქანაში ჩაეძინა. ყველამ ვაღიარეთ გულში – ამდენი საქმის გამკეთებლებს, მანქანაში კი არა, ხის ძირას, ფეხზე მდგომებს ჩაგვეძინებოდა.
მამაოსთან შედარებით, ჩვენ უსაქმურები ვიყავით, მაგრამ მაინც გვეძინებოდა.
თითოეულ ჩვენთაგანს, შთაბეჭდილებებისა და ბედნიერებისგან, სავსე გვქონდა გული, სული,გონება და ღიმილი კალაპოტს ვერ პოულობდა, ალბათ თვალებიც ბზინავდა და არც კი მჯეროდა, რომ ეს არაჩვეულებრივი რამ, ამხელა სიხარული, ჩემს, ჩვენს თავს ხდებოდა. თან მიხაროდა ის, რომ ჩემს გვერდით იყო ჩემი საყვარელი დეიდაშვილი და განსაკუთრებულად განვიციდიდი ანანოს გარეშე ყოფნას, წარმოდგენილი მქონდა რა დაემართებოდა დედაჩემს და ჩემს ძმას, ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ და როგორ უცებ გაიგებდნენ სად ვიყავი დილის 5 საათამდე.

დაბრუნება.
ტბეთიდან უკანა გზაზე თითქმის ყველას ეძინა. წამოვედით ძველი გზით, რომლითაც კარგა ხანია არავის უსარგებლია. მამაო ისევ ლამის ცალი ხელით ატარებდა მანქანას და რომ არა ტალახის გაუთვალისწინებელი  ორმო, უმეტესობის ფშვინვის თანხლებით ჩავიდოდით სოფელ ყინწვისში, სადაც ვაფხოს მანქანა იყო დატოვილი.
უცებ გამოფხიზლდა საზოგადოება, შესწორდნენ და ყველანი ერთად ვუყურებდით, როგორ ეჭიდავებოდა მამაო თავისი მანქანით, შიგნით 9 კაცით, ორმოს, რომელიც იყო... არ იყო გუბე, ასე ვიტყვი. მაგრამ! მამაო ხომ.. არ ვიცი, მანქანის საჭეს და გზას გრძნობს. იცის, როდის როგორ უნდა მოიქცეს და გზაც განვაგრძეთ, მამაომ თხრობა განაგრძო, ჩვენ მოსმენა.
04:00  28.06.10. სოფელი ყინწვისი  და არასასიამოვნო გარძნობა, რომელსაც ამ ყველაფრის დროებითი, მაგრამ მაინც მიწურული და მამაოსგან მოშორება ქვია. წამოსულები არ ვიყავით, უკვე გვენატრებოდა.
ილია და მამაო, ილიას სახლში წავიდნენ. დანარჩენი ჩვენ, თბილისისკენ წამოვედით. მამაოს კურთხევა იყო „120–ზე სწრაფად არ იაროთ.“ საჭესთან ნინიკო, იმიტომ რომ ვეფხოს უგემრიელესად ეძინა, როგორც მანქანაში განთავსებულთა უმრავლესობას.

04:51  28.06.10. სახლში მოვედი. კარები ჩემმა ძმამ გამიღო. დედას ძინავს.
06:17  28.06.10. ვზივარ ლოჯში და ძალიან მინდა, ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩნდეს.
მითხარით, რომ ეს ყველაფერი ჩემთს თავს მოხდა, ჩემმა თვალმა ნახა, ჩემმა გულმა იგრძნო, სულმა განიცადა და...
მამა სვიმეონი ნამდვილად არსებობს.

გუშინ დილის 7 საათის შემდეგ, ჯერ არ დამიძინია.
9 საათზე სამსახური მაქვს.
როდის გვაქვს შემდეგი ექსკურსია ედემში?

                                                                                                      07:21
                                                                                                      28.06.10.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები