სკამზე ვიჯექი, ფრთხილად ვეწეოდი სიგარეტს და გონებაში დასაწერი მოთხრობის იდეებს ვსინჯავდი. ბევრი აზრი მიტრიალებდა, მსურდა რაღაც ახლის დაწერა და თუმცა ახალს ვერაფერს დავწერდი, გადავწყვიტე უბრალოდ აღმეწერა ის, რაც გუშინ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. “გუშინ” – რა თქმა უნდა პირობითია, მით უფრო მაშინ, როდესაც ამოღამებული თვალები გაქვს და მაგრად უჭერ ხელს სიგარეტს, რადგან ხელები გიკანკალებს. დასრულდა რაღაც დიდი და იმხელა შვება ვიგრძენი, რომ წუთით შემრცხვა კიდეც ამის. ქუდი ჩამოვიფარე სახეზე და ამოღამებული თვალები დავხუჭე. ჩავიკეტე ჩემს ნაჭუჭში.. არადა როგორ მეგონა რომ დიდი ხანია გავამტვრიე იგი. ნახევრად ჩამქრალი სიგარეტი გადავაგდე და აკანკალებული ხელები ერთმანეთს გადავაჭდე. ასე მეგონა ახლაც კი ამდიოდა გუაშის სუნი.. ის მხატვარია, გადმოსცემს განცდებს ფერებად. ადრე მეგონა მხატვრები ბრმები იყვნენ და მხოლოდ საკუთარ სამყაროს ხედავდნენ, მასთან შეხვედრის მერე კი დავრწმუნდი ერთში, – ნამდვილი მხატვრების ტილოების დანახვა მხოლოდ ბრმებს შეუძლიათ. შუაგულ პარკში ვიჯექი, სახეზე ქუდჩამოფარებული და ჩემი შვება მტკიოდა..
მის სახლში ისეთი ქაოსი სუფევდა რომ უნებურად გამეღიმა. როცა დაინტერესდა ჩემი სიცილის მიზეზით, არ დამიმალავს და პირდაპირ ვაჯახე. – ბანალური მხატვარი ხარ. თან ხმამაღლა ვიცინოდი. მახალისებდა იმის წარმოდგენა თუ როგორი შთაგონებული სახით იდგა მოლბერტის წინ და ეს სიყალბშეპარული პოზა იმდენად სასაცილო მეჩვენებოდა რომ ლამის ცრემლებამდე ვხარხარებდი. – შენ კრეატიული მწერალი გგონია თავი? ცხვირი აიბზუა პატარა ბავშვივით და მოთხუპნული ხელი პირდაპირ მაისურზე შეიწმინდა. ისე მომინდა ჩავხუტებოდი, რომ წუთით შევწყვიტე სიცილი და დაჟინებით ჩავაშტერდი თვალებში, ისე, თითქოს უკანასკნელად ვხედავდი. მან იგრძნო ეს.. და იმდენად ახლოს მოვიდა ჩემს სახესთან, რომ სუნთქვა ამერია.. მაინც ჯიუტად არ ვაცილებდი მზერას. – არასოდეს დაწერო ჩემზე. მითხრა სერიოზულად და სწრაფად მაქცია ზურგი. ცოტათი დამაბნია კიდეც მისმა საქციელმა. მაგიდის კუთხეს მივეყრდენი და ვიგრძენი რომ ტუჩები გამებანტა გაბრაზებისგან. მოლბერტთან ჩაიმუხლა. მცირე ხანს გაშეშებულები ვიდექით. შემდეგ თბილად გამომხედა, იმდენად თბილი თვალები ჰქონდა, რომ წუთით გავიფიქრე კიდეც რომ ის აუცილებლად იქნებოდა ბრმა, მაგრამ… – შენ რომ მოთხრობად მაქციო, მალე მიმივიწყებ, თანაც მკითხველს გაუყოფ ჩემს თავს, მე კი ეს არ მსურს.. გესმის? დამეკითხა დაბალ ხმაზე. სისხლში გამჯდარი ჰქონდა არტისტულობა და თუმცა ის ძალიან ბანალური მხატვარი იყო, მაინც ვერაფრით დავუშვი მის ოთახში პედანტურობა, რადგან სული ქარიშხლით სავსე ჰქონდა. მერე იყო საუბარი, სიტყვათა გაცვლა–გამოცვლა, ინფორმაციის შეკრება ერთმანეთის შესახებ და ეს ყველაფერი იმდენად უინტერესო იყო ორივესთვის, რომ დღის ბოლოს ლოგინში აღვმოჩნდით. მე დავპირდი რომ არასოდეს დავწერდი მასზე, ის კი შემპირდა რომ ჩემი პორტრეტის შემქნით დაამტკიცებდა თავის ორიგინალურობას. ბევრი ვიცინე, ვერაფრით წარმოვიდგინე როგორ გამაცოცხლებდა მოლბერტზე, როგორ შეეცდებოდა მომალერსებოდა ამ დათხუპნული თითებით სუფთა ფურცელზე, მაშინ როცა მე მის გვერდით ვიწექი სრულებით შიშველი და სხეულზე გუაშის სუნი ამდიოდა.
მას მერე მის სახლში გადავედი დროებით და როგორც ხდება ხოლმე დიდ ხანს მომიწია დარჩენა. იმდენად დიდ ხანს რომ ბოლოს გონებაში ვალაგებდი სიტყვებად. ის კი ფერებს კარგავდა პირტრეტისთვის, რომელზეც მე უნდა გავეცოცხლებინე. ასეთ მომენტებში იმდენად ბანალური ჩანდა რომ მეც ვიჯერებდი დიდი ვერაფერი მწერალი ვარ–თქო. ტანზე სისხლისფერი კაბა მაჭერდა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ამაყად მორგებოდნენ სწორ ფეხებს. ვისკით სავსე ჭიქა მეჭირა და ქუთუთოებს მიღლიდა მძიმე მაკიაჟი. კაბარედან გამოქცეულ მეძავს ვგავდი, რაზეც ჩემი მხატვარი იმდენს იცინოდა ხოლმე, რომ წყენამდე მივყავდი. – აჰა, ესე იგი წითელი კაბარეს ბინადარი ვარ და წინა ცხოვრებაში ათასი შენნაირი კლიენტი მყავდა. განვუცხადე ერთ–ერთი პოზიორობის დროს. ნერვი არ შეტოკებია, დათხუპნული ხელი ისევ პირდაპირ ტანსაცმელზე ჩამოისვა და გულითადად გამიღიმა. – მერე რას აკეთებდი ხოლმე იმ ჩემნაირ კლიენტებთან? იმდენად ალალად მკითხა რომ უკვე გაბრაზებასაც არ ჰქონდა ადგილი. ფეხსაცმელი გავიხადე და პირდაპირ სახეში ვესროლე. რა თქმა უნდა ჩემი თვითმიზანი მისი თავის გახეთქვა არ ყოფილა, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო ამ გაბრაზების გამოხატვა. სიცილი აუტყდა. – მათაც თუ ასე ესროდი ფეხსაცმელებს, გააკოტრებდი მთელ კაბარეს. უკვე ხარხარზე გადავიდა. დამცინოდა, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც ვერაფრით მოურგია ქალურობა. იქვე ჩავჯექი და უნებურად ამეტირა. ქუთუთოებიდან სიმძიმე ჩამომშორდა.. ორ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა და გუაშიანი ხელებით იმდენი მეფერა ჩამოშავებულ სახეზე, რომ ლამის დავიჯერე მისი სიბრმავე, მაგრამ გულში რაღაც ჩამწყდა.. ის მშვენივრად მხედავდა, იმდენად კარგად რომ ქალურობაში გამხვია და მაქცია ისეთად, როგორის ხილვაც სურდა.. მეტკინა.. მე რომ დაგივიწყო მაგისთვის უნდა დაგწერო…
მისი სახლის გასაღები ჩანთაში მოვძებნე და ფრთხილად შევაღე მხატვრის კარები. სახლი ცარიელი დამხვდა, როგორც ჩანს საქმეებზე იყო გასული. ქაოსში ვიბორიალე ბევრი. ბოლოს მოლბერტს მივუახლოვდი, რომელზეც ჩემი ნახატი მეგულებოდა. ზეწარი ჩამოვხსენი. ნახატიდან წითელი კაბარეს მეძავი მიმზერდა. ველურად გამომწვევი, სხეულზე სისხლისფერი კაბა ადნებოდა და თვალები ნეტარებით მიელულა (და სულაც არ ჩანდა ის, რომ ამის ბრალი მძიმე მაკიაჟი იყო). ნახატისთვის მზერა არ მომიშორებია, უკუსვლით წავედი და პირდაპირ იატაკზე ჩამოვჯექი. გვერდით სიგარეტის კოლოფი ეგდო. ერთი ღერი ამოვაცოცე და მოვუკიდე ისე, რომ მზერა არ მომიშორებია ნახატისთვის. არსებობენ ბანალური მხატვრები, რომელთაც სიყალბე შთააგონებთ ნახატებს და არსებობენ ფერმწერები, რომელთაც მხოლოდ სულით ხატვა შეუძლიათ, რადგან ბრმები არიან. ის იმდენად ბანალური იყო რომ საკუთარი სიყალბე მირევდა გულს… სიგარეტი პირდაპირ იატაკზე ჩავაქრე და თვალები დავხუჭე, რათა არ მეტირა. მე დაგწერ..
კაცს სახლის კარი ღია დახვდა. წინათგრძნობამ საფეთქლები აუწვა, სწრაფად შეაღო კარები და სასტუმრო ოთახში შევარდა აქოშინებული. გუაშებით დასვრილი ზეწარი ძირს ეგდო.. ნახატი კი სრულებით შავად გადაეღება ვიღაცის ხელს, ზედ კი სისხლისფერი ასოებით ეწერა. “ მე დაგწერ ” და მინაწერი ბოლოში : წითელი კაბარეს მეძავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ატარო სიცოცხლე, ნიშნავს იმას რომ ხარ ძლიერი. ძლიერებს კი შემსუბუქება არაფრად სჭირდებათ :)
ატარო სიცოცხლე, ნიშნავს იმას რომ ხარ ძლიერი. ძლიერებს კი შემსუბუქება არაფრად სჭირდებათ :)
10. .....და ასეთ სიცოცხლემისჯილებს ვერ დაუამებ ტკივილს?..... .....და ასეთ სიცოცხლემისჯილებს ვერ დაუამებ ტკივილს?.....
9. არ ვყიდი :) მხოლოდ სიკვდილმისჯილებს ვჩუქნი :) არ ვყიდი :) მხოლოდ სიკვდილმისჯილებს ვჩუქნი :)
8. რა ღირს შენთან ჰეროინი? რა ღირს შენთან ჰეროინი?
7. ძლიერად დახატული ძლიერი, გამოკვეთილი ხასიათები! ++ ძლიერად დახატული ძლიერი, გამოკვეთილი ხასიათები! ++
6. უკომენტაროდ... :) :-* უკომენტაროდ... :) :-*
5. შეცოდება ყველაზე ამაზრზენი გულმოწყალებაა.. გეთანხმები. (მეორეშიც) შეცოდება ყველაზე ამაზრზენი გულმოწყალებაა.. გეთანხმები. (მეორეშიც)
4. შეცოდება ყველაზე ამაზრზენი გულმოწყალებაა..
ყველაზე ცოდო ის კაცია, რადგან ასე "ბანალური" აღმოჩნდა :) შეცოდება ყველაზე ამაზრზენი გულმოწყალებაა..
ყველაზე ცოდო ის კაცია, რადგან ასე "ბანალური" აღმოჩნდა :)
3. ჰო, ჩანს, რომ არ იყო. მაგიტომაა ცოდო, რომ ვერ დაინახეს :) ჰო, ჩანს, რომ არ იყო. მაგიტომაა ცოდო, რომ ვერ დაინახეს :)
2. უჰ, როგორ გამეპარა ეგ ორი სიტყვა.. პირიქით, მადლობ :) :-*
ის მხატვარი ხედავდა ასე "ბუნძურად", თორემ თვითონ არ ყოფილა ასეთი :) უჰ, როგორ გამეპარა ეგ ორი სიტყვა.. პირიქით, მადლობ :) :-*
ის მხატვარი ხედავდა ასე "ბუნძურად", თორემ თვითონ არ ყოფილა ასეთი :)
1. ქალი ქალია მაინც. წითელი კაბარეს მეძავი_ყველასთვის ბინძურია. მოკლედ, შემეცოდა და გავუგე.
ახალის <<ახლის, ამეღწერა<<აღმეწერა. (თუ არ მიწყენ, ეს ისე :) ) ქალი ქალია მაინც. წითელი კაბარეს მეძავი_ყველასთვის ბინძურია. მოკლედ, შემეცოდა და გავუგე.
ახალის <<ახლის, ამეღწერა<<აღმეწერა. (თუ არ მიწყენ, ეს ისე :) )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|