ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2010


იები სიკვდილის ფერია. დასასრული.

- ნუთუ უცნობი ჩემი მეზობელია?- რატომღაც ხმამაღლა თქვა კრისტიმ. უცებ თითქოს თავისივე ნათქვამის შეეშინდაო, ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ ეს არ იყო შიში, ის სადღაც გამქრალიყო. ამ გრძნობის მაგივრად იყო სიბრალული, დიდი სიბრალული. თითქოს სიზმრიდან გამოერკვაო, თავი ნელი მოძრაობით შეარხია, ფეხები სავარძლიდან იატაკზე ჩამოსწია, ორივე ფეხი ისე დაბუჟებოდა, რომ წამოდგომისას ტკივილი იგრძნო. უკანვე ჩაჯდა სავარძელში, ხელის ნელი  მოძრაობით დაიზილა გაბუჟებული ფეხები. რბილ ჩუსტებში გაუყარა. საათს შეხედა:
  - ღმერთო ჩემო რა დრო გასულა?- ხმამაღლა თქვა თავისთვის - დრო. . . რა საწაულია? - ამ ერთ პატარა სიტყვაში გაიფიქრა კრისტიმ. ყველას გვაქვს რაღაც მოცემული დრო ამ ქვეყნად. გავა დრო და მერე... მერე, ალბათ, არაფერი, თუმცა რატომ? მთავარია იცხოვრო ისე, რომ შენივე განვლილ ცხოვრებას რომ მოხედო, არ შეგრცხვეს საკუთარი თავის. რა კარგად თქვა უცნობმა, “მოექეცი ადამიანებს ისე, როგორც გინდა რომ გექცეოდნენ ისინი”... თითქოს რა იოლია. მაგრამ არა, ხანდახან რომ გგონია კარგად იქცევი, აღმოჩნდება, რომ სულ არ მოქცეულხარ სწორად. ესე იგი უცნობი მოხუცია? ნეტავ როგორია, იქნებ როგორ უჭირს, ყავს კი ვინმე, ვინც მიხედავს, ვინც ეხმარება? მან ხომ თქვა, არავინ მისმენს, არავინ მყავსო. ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა მარტოობა. თანაც ის ხომ მოხუცია, უძლური.
... ათასი ფიქრი აწუხებდა კრისტის. საშინელი დაღლა, უგუნებობა იგრძნო. ადგა. რადგან სულ არ იყო ჭამის ხასიათზე, საძინებლისაკენ გასწია. ლოგინი გაშალა და შეწვა. დაღლილს უცებ ჩაეძინა. ძილში მკაფიოდ ჩაესმა თავისი სახელი. თვალი გაახილა, მაგიდის ლამპა ჩართო, საათს შეხედა, ისრები სამის ნახევარს აჩვენებდნენ. მიაყურადა.
- კრისტი...- ვიღაც აშკარად ეძახდა.
      სწრაფად წამოდგა საწოლიდან, მისაღებში გავიდა, შუქი აანთო. ხმა ისე ახლოდან ისმოდა, მაგრამ იქ, რა თქმა უნდა, არავინ იყო. ძახილი განმეორდა. ის აბაზანის მხრიდან ისმოდა. კრისტის, თითქოს, რაც შიშის გრძნობა გააჩნდა, მთლად დახარჯვოდა. ყოველგვარი შიშის გარეშე გასწია იქითკენ, საიდანაც მას ეძახდნენ. აბაზანაში შუქი აანთო. შესულს გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა, მაგრამ ეს არ იყო შიში. კედელში ჩაყოლებული კარადა თურმე კარის როლს ასრულებდა. იგი ღია იყო. კარს იქით სიბნელე სუფევდა. უცებ გარკვევით გაიგო კრისტიმ უცნობის ხმა, რომელიც მომაკვდავის ხმას უფრო ჰგავდა.
- კრისტი შემოდი. მე მინდა... - უცნობს ხმა ხველამ შეაწყვეტინა.
კრისტის ბევრი არ უფიქრია. დაუძლეველი სურვილი, მას დახმარებოდა, შიშის, ფიქრის დროს აღარ ტოვებდა. შესულს, ნესტის, სიძველის სუნი ეცა. სადღაც, ოთახის სიღრმეში შუქი ოდნავ მოჩანდა, მაგრამ ოთახი საკმაოდ იყო განათებული. კრისტის ვერ გაერკვია, საიდან შეიძლებოდა ეს შუქი შემოსულიყო, შემობრუნდა და ლამის იკივლა. საკუთარი აბაზანა, მისაღები ხელისგულივით მოჩანდა. კრისტი უცებ მიხვდა, მისი დიდი სარკეები მეორე მხრიდან გამჭვირვალე იყო, მაგრამ რატომ, რისთვის სჭირდებოდა ეს უცნობს, ვერ გაეგო. ოთახს თვალი მოავლო. იქ ყოველივე, თითოეული ნივთი, ძალიან ძველი, მაგრამ კარგად შენახულის შტაბეჭდილბას  ტოვებდა. ბარელიეფური გამოსახულების ავეჯი მთლად მტვერს დაეფარა, უძველესი აბაჟური შორიდან მისტიკურ შუქს აფრქვევდა.
  - კრისტი, მოდი ჩემთან- მოესმა ჩუმად, მაგრამ გასაგებად ნათქვამი სიტყვები.
ოთახის იმ ნაწილში, სადაც შუქი ძლივს ანათებდა, დიდ ხის საწოლში მოხუცი იწვა. კრისტიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. შედგა. გაახსენდა, რომ უცნობი ჩვეულებრივი მოხუცი არ იყო. თითქოს თავი შეამზადა, სიმახინჯის სანახავად და საწოლს მიუახლოვდა. იქიდან პატარა, უმწეო სხეული, რომელსაც მოხუცის სახე ჰქონდა, სევდიანი, წყლიანი თვალებით უმზერდა კრისტის.
- ღმერთო ჩემო! - ხმამაღლა აღმოხდა მას.
- დაჯექი! - თითქოს ბრძანების კილოთი ჩაიჩურჩულა მოხუცმა.
კრისტი ბავშვივით დაემორჩილა მას.
- ხომ არ შეგაშინე? არ ელოდი ხომ? - გარკვეული პაუზის შემდეგ იკითხა მოხუცმა.
კრისტიმ კიდევ ერთხელ შეათვალიერა იგი. ერთი მეტრის თუ იქნებოდა, წვერმოშვებული ზღაპრულ ჯუჯას ჰგავდა მოხუცი, მაგრამ დიდი ცხვირი, მახინჯი ყურები და უზარმაზარი კუზი, რის გამოც მოხუცი კი არ იწვა, თითქოს იჯდა, თავისებურ ძრწოლას იწვევდა მნახველისათვის.
- არა, არ შემშინებია, თქვენ ხომ მასწავლეთ შიშის მართვა!- თითქოს მადლობას იხდის ამისთვისო, ისე თქვა კრისტიმ. - მაგრამ გაკვირვებით კი გამაკვირვეთ ძალიან!- თქვა კრისტიმ და თავისი აბაზანისკენ გაიხედა.
- რით? ა... ალბათ, სარკეებით?- რატომღაც ჩურჩულით ლაპარაკობდა მოხუცი.
- დიახ და კიდევ იმით, რომ თქვენ აქვე ხართ ახლოს. მე კი რა არ ვიფიქრე.
- მაინც რა მისტიკურ არსებად ჩამთვალე, ალბათ. ისე კი ვგავარ ხომ... ჯუჯას.
კრისტიმ გადაწყვიტა არ ეპასუხა კითხვაზე. მზერა ისევ აბაზანისკენ გადაიტანა.
- თქვენ მე მხედავდით მაშინაც კი, როცა...- არ დაამთავრა აზრი კრისტიმ.
- ხო მაგრამ, მე ხომ მოხუცი ვარ. თანაც მე ხომ ქალი, როგორც ქალი, არ ვიცი...- მოხუცს ხველა აუტყდა.
კრისტი ადგა. ბროლის გრაფინიდან წყალი დაუსხა ჭიქაში და მოხუცს მიაწოდა. მოხუცმა წყალი გამოართვა.
- შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენი წელია ჩემთვის წყალიც კი არავის მოუწოდებია, რაც ჩემი და გარდაიცვალა... ეს კი ისე დიდი ხნის წინ იყო...
კრისტის თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა. ტკივილი იგრძნო.
- მე მეგონა, კიდევ მქონდა დრო, მაგრამ, ალბათ, შევცდი, უფალი მეძახის... -წარმოთქვა მოხუცმა.
- არა, თქვენ მშვენივრად გამოიყურებით.- იცრუა კრისტიმ.
უცებ, ჩუმი, ლამაზი მელოდია გაისმა ოთახის მარცხენა მხრიდან. კრისტიმ იქით გაიხედა, საიდანაც მელოდია ისმოდა. კედელზე ხის დიდმა საათმა ოთხჯერ ჩამოჰკრა და დადუმდა.
- თითქმის თენდება,- თითქოს თავისთვის თქვა მოხუცმა,- გეძინება, ალბათ. დაგღალე, ხომ ?- საცოდავი ბავშვივით შეხედა კრისტის.
- არა, რა დამაძინებს, მთლად გამოვფხიზლდი,- უცებ უპასუხა კრისტიმ.
- მე მინდა, თუკი ძალა მეყოფა, მოგიყვე ის, რაც შენ არ იცი. თუ, რა თქმა უნდა, მომისმენ. კრისტი, თუ მე შენში შიშს, ზიზღს არ გამოვიწვევ, მინდა მომისმინო. არ მინდა ისე წავიდე, რომ ერთმა ადამიანმა მაინც არ იცოდეს, როგორია იცხოვრო მახინჯ სხეულში ლამაზი სულით. ალბათ, გაგიგია გამოთქმა: მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაო. მომისმენ?
- რა თქმა უნდა, მთელი გულისყურით ! მაგრამ თქვენ ისე სუსტად ხართ, ხომ არ ჯობია, დაგესვენათ და ხვალ...
- ხვალ გვიან იქნება.- გააწყვეტინა სიტყვა კრისტის მოხუცმა.
- კარგი, გისმენთ.- თქვა კრისტიმ.
- დედაჩემი, რომელიც სურათზე ნახე, ძალიან მდიდარ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. თვრამეტი წლისას უგონოდ შეჰყვარებია მამამისის ახალგაზრდა მოსამსახურე ვაჟი, მასაც ასევე ჰყვარებია დედაჩემი. ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმ სიყვარულის არასასურველი ნაყოფი კი მე ვარ. არასასურველი იმიტომ, რომ, როდესაც დედას მუცელი წამოზრდია, მამამისს არ დარჩენია შეუმჩნეველი. ყველაფერი გამოუკითხავს. ჩემი ბიოლოგიური მამა ვიღაცას მოუკლავს, დედასთვის კი უბრძანებია მუცელი მოეშორებინა. ალბათ, ხვდები, მაშინ ეს თითქმის შეუძლებელი იყო. დედა შინამოსამსახურეს ვიღაც ექიმბაშთან წაუყვანია. მას რაღაც წამლები მიუცია მისთვის, მაგრამ მე მაინც მოვევლინე ქვეყანას, აი, ასეთი, როგორიც ვარ. რამდენიმე წელიწადში, მამის დაჟინებული თხოვნით, დედა ცოლად გაჰყვა მამამისის მეგობრის ვაჟს. მათ ფინანსური პრობლემები ჰქონიათ ოჯახში, ამიტომ ჩემს აღმზრდელ მამას არ დაუწუნებია ქალი მახინჯი ბავშვით... მინდა დედაზე მოგიყვე. ის ხომ ერთადერთი ადამიანი იყო ქვეყანაზე, ვისაც ნამდვილად ვუყვარდი. ის ვერ ამჩნევდა თითქოს ჩემს სიმაღლეს, ჩემს უზარმაზარ ნაჭდევებიან წითელ ცხვირს, საზიზღარ კანს, ყურებს, კუზს თუ რამდენი ჩამოვთვალო. . .
- ჩემი ლამაზი ბიჭუნა,- ასე მეძახდა დედა.
პატარას კიდევ მჯეროდა, რომ ლამაზი ვიყავი, ისეთივე როგორც ყველა. მაგრამ მერე... მოხუცს ხველა აუტყდა.
კრისტიმ ჭიქით წყალი მიაწოდა.
- იქნებ, ცოტა დაგესვენათ,- სიბრალულს ვერ მალავდა კრისტი, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
  - არა,- მცირე პაუზის შემდეგ ძლივს თქვა მან,- მერე დაიწყო ჩემი გაუთავებელი წამება. რას არ მეძახდნენ ბავშვები. რამდენჯერ მიმირბენია ატირებული დედასთან. იგი მამშვიდებდა. რას არ იგონებდა, რომ დავემშვიდებინე. არც კი ვიცი, რისი იმედი ჰქონდა, რამდენჯერ მინახავს ჩუმად რომ ტიროდა ჩემი მორიგი საყვედურების შემდეგ. კარგად მახსოვს, ზღაპრებს მიკითხავდა, თითქმის ყველა ზღაპარი წამიკითხა რაც კი სახლში იყო, წითელქუდას გარდა. რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად ისე, როგორც წითელქუდა ეკითხება მგელს- რატომ გაქვს დიდი ცხვირი, რატომ გაქვს დიდი ყურები და ასე შემდეგ, თითქმის დღე არ გავიდოდა, არ მეკითხა იგივე საკუთარ ცხვირზე და ყურებზე. დედას სტკიოდა ისევე, როგორც მე. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი და მოევლინა ქვეყანას. იგი ძალიან ლამაზი იყო. მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ დედას ის არ უყვარდა ისე, როგორც მე. დასთან მთელ დღეებს ბებია ატარებდა. ერთხელ შევუსწარი, როგორ ეჩხუბებოდა ჩემი მამინაცვალი დედას იმისთვის, რომ მას ჩემი თავი ერჩივნა ჩემს დას. იმის მიუხედავად, თუ როგორ გამწირა ბედმა, დედა სათნოებას, სიკეთეს, სიყვარულს მყარად უდგამდა ფესვებს ჩემს არსებაში. არასდროს მახსოვს გავბოროტებულიყავი ვინმეს სიტყვის ან შემოხედვის დროს. ვიცოდი, რომ ამის უფლება არ მქონდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა უკვე გააზრებული მქონდა ჩემი სიმახინჯეც და ჩემი ცხოვრების აზრიც, დედა გარდამეცვალა. დავრჩი თხუმეტი წლის მარტო, ნუგეშის გარეშე. აღარ მყავდა ის, ვინც დამიამებდა ტკივილს, ვინც მეტყოდა, რომ მახინჯი კი არა, ლამაზი ვიყავი, ვეღარ მივიდოდი, უკვე დიდი ბიჭი  და ტირილით ვერ ვიჯერებდი გულს დედის კალთაში თავჩადებული. აღარ მყავდა დედა. . .
მოხუცი გაჩუმდა.
კრისტიმ დაინახა, როგორ ჩამოუგორდა  ცრემლი მას ლოყაზე. თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა მისთვის, დაემშვიდებინა, მაგრამ სანუგეშო სიტყვებს ვერ პოულობდა, ალბათ, ამიტომაც დუმილი არჩია.
  მცირე დუმილის შემდეგ მოხუცმა ძლივს გასაგონი ხმით თხრობა გააგრძელა.
- აღარ მყავდა დედა, მაგრამ მყავდა და, რომელსაც ვუყვარდი, რა თქმა უნდა, ისე არა, როგორც მშობელს. ალბათ, დედაჩემმა სიცოცხლეში, იმ პატარა დროში, რასაც ჩემს დას უთმობდა, მოასწრო, სიბრალული მაინც ჩაენერგა ჩემი დისთვის ჩემს მიმართ. მის თვალებში სიყვარულს თუ არა, დიდ სიბრალულს ყოველთვის ვხედავდი, მაგრამ აი, მამინაცვალი კი ზიზღის მეტს ჩემთვის ვერაფერს იმეტებდა. ჯერ დედაჩემის სხეული საფლავში არც იქნებოდა გაციებული, რომ მომიტრიალდა და მკვლელი, დედის მკვლელი მიწოდა. ის ფიქრობდა, რომ მე ვიყავი მისი სიკვდილის მიზეზი. რომ მე ვატკინე გული ჩემი სიმახინჯით საკუთარ მშობელს. მაგრამ მე ხომ არ მინდოდა ვყოფილიყავი ასეთი... მე... რა დავაშავე...
სიტყვა ხველამ შეაწყვეტინა მოხუცს. რადგან ჭიქა ისევ ხელში ეჭირა მას, მოსვა წყალი და თხრობა გააგრძელა.
- დედის სიკვდილის შემდეგ მამინაცვალმა სმა დაიწყო, დაბრუნებული მეც და ჩემს დასაც საშინლად გვიმწარებდა სიცოცხლეს. ამ ჯოჯოხეთს ორი წელი გავუძელით. შენ უკვე იცი, ჩვიდმეტი წლისამ მორგში დავიწყე მუშაობა და მთელი ცხოვრება იქ მიცვალებულებს შორის გავატარე. სახლში ალბათ, სულ რაღაც ათჯერ თუ დავბრუნდი. ისიც იმიტომ, რომ იქ ჩემი და ცხოვრობდა. მამინაცვალიც მალე გარდაიცვალა. ჩემი და უკვე თექვსმეტი წლის, ულამაზესი ქალიშვილი დამდგარიყო. ისეთივე კეთილი, სათნო და გულისხმიერი, როგორიც დედაჩვენი. იგი სულ მალე გაჰყვა ცოლად ერთერთ მდიდარ საქმოსან ვაჟს და ბედნიერი ოჯახიც შექმნეს. ჩემს დას ჩემი გამოჩენის ყოველთვის სცხვენოდა. ის არ იმჩნევდა ამას, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი. ვგრძნობდი და გული მტკიოდა. როდესაც მამინაცვალი გარდაიცვალა სახლი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, გავყიდეთ. ჩემი წილი ფულით ეს ბინა ვიყიდე. სიცოცხლის ბოლო დღემდე ჩემი და არ მტოვებდა, მოდიოდა, მილაგებდა, სადილს მიმზადებდა და რა ვიცი, რამდენი სულიერი ძალა მოუცია ჩემთვის მას. როგორც გითხარი ხუთი წლის წინ იგი გარდაიცვალა. საშინელება არის ის, რომ მას შვილი არ დარჩენია. გამიჭირდა, გამიჭირდა უსაზღვროდ და საერთოდ, რატომ გავჩნდი ქვეყნად. ქუჩაში ვერ გავდიოდი, გადავიქეცი ადამიან-მოჩვენებად. სახლში მოჰქონდათ ტომრებით ბურღული, თუ რა ვიცი რა არა. პური დიდი ხანია არ ვიცი რა გემოსია. თუმცა ამას წინათ, შენს სამზარეეულოში ერთი ნაჭერი პური მოგპარე. ვიცი არ გამიბრაზდები...- გაცინება სცადა მოხუცმა.
- არა, რა თქმა უნდა არა!- გაეღიმა კრისტის.
- შემდეგ გავყიდე ბინის ნახევარი, - გააგრძელა თხრობა მან - ის ნახევარი, რომელიც შენ გეკუთვნის. მე ვთხოვე, მე გადავიხადე ფული, რათა აბაზანა ისეთი ყოფილიყო, როგორიც არის!.. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცას ევლო გვერდით, ვიღაც ყოფილიყო, თუნდაც მას არ სცოდნოდა ჩემი არსებობა. მაინც, მაინც მინდოდა ჩემს ახლოს ყოფილიყო ვიღაც- დამნაშავის კილოთი აგრძელებდა მოხუცი თხრობას.
- მე შეგარჩიე შენ. მაკლერს უამრავი მსურველი მოჰყავდა. მე მას ტელეფონის საშუალებით ვუკავშირდებოდი და აი, როდესაც შენ მოხვედი, ბინაც გაიყიდა. შენი მოცემული ფული, რა თქმა უნდა, თითქმის ხელუხლებელია. ისევ შენ დაგჭირდება.
- მე? მე რატომ. ის ფული თქვენია, როგორ?... რას ამბობთ?... არა...- გაკვირვებისაგან არც კი იცოდა, რა ეთქვა კრისტის.
- მე აღარ მჭირდება ფული ! თუ არ ჩავთვლით ჩემი დასაფლავების ხარჯებს. მათი გაღება შენ მოგიწევს, კრისტი... მაპატიე, მაგრამ მე შენს მეტი არავინ მყავს... შენ მე არ აგირჩევივარ, მე შეგარჩიე შენ! მაპატიე... უმორჩილესად გთხოვ, მაპატიე.
- არა, რატომ მებოდიშებით, რატომ ლაპარაკობთ სიკვდილზე, თქვენ ხომ...- უნდოდა ეთქვა მშვენივრად ხართო, მაგრამ მოხუცმა არ აცალა.
- ვიცი, ვიცი რომ მოვკვდები. სიკვდილის წინ მინდა გითხრა, დესაუს უჯრაში საბუთებია. ეს ბინა და ყველაფერი, რაც კი მაბადია, შენია!
კრისტის ენა დაება, ამას კი არასოდეს ელოდა.
- ჩემი? კი მაგრამ მე! რით დავიმსახურე ეს ყველაფერი ?... - ძლივს თქვა მან.
- არაფრით. მე ასე მინდა! - ჩვეული ბრძანების კილო გაისმა მოხუცის ხმაში.- მე მინდა იცოდე, შენ ბედნიერი იქნები. მე მჯერა, ჩვენ არასოდეს დავშორდებით. შენ ორსულად ხარ! სულ მალე დედა გახდები. შენ ბედნიერი ხარ!
კრისტი არ ელოდა ასეთ აღსარებას. მუცელზე უნებურად ხელი დაიდო. გაახსენდა, რომ ბოლო დროს მართლა შეეცვალა გუნება-განწყობა. მოხუცის ნათქვამი რეალობასთან ახლოს იყო. ამ ამბავმა ძალიან გაახარა.
- მართლა?- თქვენ რა იცით, რომ. . .
- ვიცი!.. მე არასოდეს მიგატოვებ. მე მუდამ შენთან ვიქნები! ყველაფერს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე  იყოს. ისედაც ბევრი ვეწამე ამ ცხოვრებაში... მე ამის ღირსი ვარ.
მოხუცის ლაპარაკი ბოდვას ჰგავდა. კრისტიმ თითქმის ვერაფერი გაიგო. უცებ თითქოს გონება დაუბრუნდაო მოხუცს, კრისტის წყლიანი თვალებით გადმოხედა და ძლივს გასაგონად წარმოთქვა:
- შეგიძლია ბოლო თხოვნა შემისრულო?
- რა თქმა უნდა, მთხოვეთ!- დასთანხმდა იგი.
- ყავა მომიდუღე, - თქვა მოხუცმა.
- ყავა? - გაკვირვება ვერ დამალა კრისტიმ.
- დიახ, ყავა! ძნელია?
- არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მეგონა. . .
- წადი შენთან და მომიდუღე ყავა.- ჩვეული მშრალი ხმით თქვა მოხუცმა.
      კრისტი წამოდგა და აბაზანის კარისკენ გაემართა. უცებ შეჩერდა, მოხუცს შემოხედა. მისი სანთლის ფიგურასავით ფერმკრთალი, საშინლად დამახინჯებული სახე თითქოს ეთხოვებოდა მას. იგი ისეთი უსუსური, ისეთი ახლობელი ეჩვენა კრისტის, რომ ცრემლებმა თვალები დაუსველა და რადგან არ უნდოდა, მოხუცს შეემჩნია, აბაზანაში გავიდა. სამზარეულოში შევიდა თუ არა, ჯეზვეში ყავა ჩაყარა, შაქარი და წყალი დაუმატა და გაზქურაზე შემოდგა. სამზარეულოდან მშვენივრად ჩანდა აბაზანის სარკეები. რამდენჯერმე გაიხედა კრისტიმ იქითკენ. ეგონა რომ მოხუცი მას ელოდა. უცებ უცნაური აზრი დაებადა. იქნებ იგი უკვე აღარ იყო ცოცხალი? ეს აზრი რეალობასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ის, რომ მოხუცს ყავა უნდოდა. ქურა ჩააქრო, არც კი დაელოდა ყავის ადუღებას და მოხუცისკენ ჩქარი ნაბიჯით გასწია. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. მთელი თავისი არსებით უნდოდა,  მოხუცი ცოცხალი დახვედროდა. ფიქრობდა, დარჩენილ სიცოცხლის წუთებს მაინც გაულამაზებდა, მოუვლიდა, როგორც შესძლებდა, ისე, როგორც საკუთარ მოხუც ბაბუას. შესულმა, ფრთხილი ნაბიჯებით გასწია საწოლისკენ, უნდოდა დაეძახა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ სახელიც კი არ იცოდა. საწოლზე ჩამოჯდა. მოხუცს გადახედა. მის ფერკმრთალ სახეს მინდვრის იების ფერი ჰქონდა. იგი აღარ სუნთქავდა.
  კრისტის გულში რაღაც ჩასწყდა. ის ატირდა, წამოდგა. მივიდა სარკმელთან, ძლივს გამოაღო ფანჯარა. რაფაზე ჩამოჯდა. სადღაც შორს, Mმთებს იქით, უზარმაზარი მზე ნელ-ნელა ამოდიოდა ცის კამარაზე. იწყებოდა ახალი დილა. მაგრამ მოხუცისთვის აღარასოდეს გათენდებოდა.


* * *

  მოხუცის გარდაცვალებიდან რვა თვის შემდეგ ქვეყანას ახალი სიცოცხლე მოევლინა, კრისტის ვაჟის სახით. ცოლ-ქმარი უსაზღვროდ ბედნიერი იყო. ყველაფერი ისე იყო, როგორც მოხუცმა იწინასწარმეტყველა. ბედნიერება, სიყვარული და არაფერი, რაც უცნაური იქნებოდა კრისტის ცხოვრებაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვის დაბადებიდან მეორმოცე დღეს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. პატარამ რატომღაც ტირილი დაიწყო. კრისტიმ იგი ხელში აიყვანა და კარი გააღო. კარს იქით არავინ იდგა, დაბლა კი იების დიდი თაიგული იდო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები