ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცი-ანი-დი
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2010


წერილი დედას

ხომ იცი არასოდეს მიყვარდა წერილების წერა. სკოლაშიც შენ მიწერდი ხანდახან დავალებებს, არ გინდოდა შენი შვილი ოროსანი ყოფილიყო. მარტო თავისუფალი თემის წერა მიყვარდა, ისიც იმიტომ, რომ მომწონდა, როგორც ჟღერდა ეს სიტყვა. ეს უკანასკნელიც შევიზიზღე, მაშინ, როცა თავისუფალი თემის სათაური “ჩემი ოჯახი” იყო. მთელი კვირა ვფიქრობდი რა დამეწერა… მთელ ოჯახს მე და შენ შევადგენდით, მხოლოდ მე და შენ. ჩვენს ოჯახში არც მამა იყო, არც და და, არც ძმა... ხანდახან ბებია მოდიოდა ხოლმე, თავისებურად აჩეჩავდა სახლს, გადაადგილებდა ნივთებს და ისევ მიდიოდა.
უცნაური ოჯახი გვქონდა. ჩვენთან სტუმრები არ მოდიოდნენ და არც ჩვენ დავდიოდით სტუმრად. ერთი სათამაშო მქონდა… მარტო ერთი და არც იმით ვთამაშობდი. ხატვა მიყვარდა და ჩემს ნახატებს არავის ვაჩვენებდი. ბევრი ლექსები ვიცოდი, ძალით, რომ მასწავლიდი ხოლმე. ბებო როცა მოდიოდა სკამზე მაყენებდა და მაყოლებდა.
ხოდა რას ვამბობდი… თუ ვწერდი… თავისულალი თემის ფურცელი თავისუფალი დავტოვე და ოროსანი გავხდი პირველად. მცხვენოდა შენი, ვიცოდი იტირებდი, გეწყინებოდა, მაგრამ მე მეტი ვერაფერი დავწერე ჩემი ოჯახის შესახებ და უბრალოდ მცხვენოდა შენი. ხომ შემეძლო დამეწერა, რომ შენ უამრავ ნამცხვრებს აცხობდი, მე კრემში ამოსვრილ მიქსერის ჯოხებს ვტლაკავდი და მერე იმ ნამცხვარს ვჭამდი, რომელიც ყველაზე მეტად მომინდებოდა. დილასაც, სანამ სკოლაში წავიდოდი ერთი ნამცხვარი მხვდებოდა თეფშზე და მიკვირდა სად გაქრა დანარჩენი. მეტს მაინც ვერ შევჭამდი, მაგრამ მიკვირდა და ვერ გეკითხებოდი.
იმ დღეს პირველად, რომ გავხდი ოროსანი, პირველად ვითამაშე ჩემი ერთადერთი სათამაშოთი და პირველად გაჩვენე ჩემი ნახატი, შენ, რომ დაგხატე. გაგეხარდა და მე კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ორიანი მივიღე.
მახსოვს, რომ სკოლაში დაგიბარეს და შენ იტირე. კიდევ დაგხატე, მოწყენილი და გაბრაზებული იყავი. შენ რომ გხატავდი მარტო ყავისფერ და ნაცრისფერ ფანქარს ვხმარობდი, არასოდეს ჩაგიცვამს გვირილებიანი კაბა.
მეორედაც დაგიბარეს სკოლაში. გული გაგისკდა ალბათ, ცრემლებისგან ატალახებული მტვრიანი სახე, რომ დამინახე. მეშინოდა შენც  არ გეტირა. ვეჩხუბე გოგლას, ნაბიჭვაროო, რომ მითხრა მაგიტომ. არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მაგრამ ისეთი ზიზღით მითხრა, მივხვდი ცუდი სიტყვა იყო. ვერ ვიტანდი ინგა მასწავლებელს, იმიტომ რომ მზრუნველი სახე შეგაგება და სანამ შენ მოხვიდოდი ისე მომწიწკნა თმა, რომ არც მაცადა მეთქვა ბოდიში. შენ იდექი და მკაცრი, ამაყი სახით ისმენდი შენიშვნებს ჩემი დისციპლინის შესახებ, მერე სახლში ერთად წამოვედით და მე ისევ ცრემლიანი სახით გიხსნიდი, რომ სხვა ბავშვებზეც ასე ამბობდა ინგა მასწავლებელი.
ზამთარი მოდიოდა, შენ ძველ ჯემპრს არღვევდი, ჩვენი სახლის ერთადერთ თბილ ოთახში და მერე იმ ძაფით წინდები მომიქსოვე, მე აღარ მციოდა, სამაგიეროდ შენ აღარ გქონდა სტუდენტობისდროინდელი კიდევ ერთი ჯემპრი. ორი კვირა მკლავდა ცნობისმოყვარეობა და ბოლოს გკითხე როგორც იქნა. გკითხე სად იყო მამა? წინდის ჩხირები გადადე და კალთაში ჩამისვი, ჩამეხუტე და მითხარი, რომ მამა მაშინ მოკვდა ომში, როცა მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი. მიყვებოდი , როგორი იყო მამა, ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რომ მამა მაღალი იყო და ძლიერი, რომ ვერავინ მოერეოდა. გულში მეამაყებოდა,  გოგლას მამას მოერეოდა მამაჩემი, ცოცხალი რომ ყოფილიყო.
მამას მხოლოდ 2 სურათი გქონდა , მიკვირდა, რომ მანმადე არ მაჩვენე… ახლაც მიკვირს, მაგრამ ამის კითხვაც ვერ გაგიბედე. როგორც აღმოვაჩინე, მე არ ვიყავი ნაბიჭვარი და მთავარი ეს იყო.
გახსოვს, მეორე და მესამე კლასში, ჩემთან ერთად მერხზე, რომ იჯდა ის გოგო… ყველა, რომ თაკოს ეძახდა, მარტო მასწავლებელი გაიძახებდა ხოლმე დაფასთან და თამარო ეუბნებოდა… მომწონდა თამარი, რომ ერქვა. ერთხელ, შენი გამოცხობილი ნამცხვარი ვაჩუქე, დილას, რომ უნდა შემეჭამა ის. კიკინებიანი იყო თამარი და ხუთოსანი. როცა სკოლას ვაცდენდი, გაკვეთილებს სულ თამარი მანიშნინებდა. მეწყინა, როცა ბატონები მქონდა და თამარი არ მოვიდა სხვა კლასელებთან ერთად ჩემს სანახავად, მაგრამ მაინც კარგი გოგო იყო  და თან ხუთოსანი.
8 წლის, რომ გავხდი შენ დიდი ნამცხვარი გამომიცხვე. ბედნიერი ვიყავი, ამხელა ნამცხვარი არასოდეს მქონდა ნანახი. მაშინ პირველად მოვიდნენ ჩვენთან სტუმრები. კლასელები და ბებია ერთად. რვავე სანთელი ჩავაქვრე, როგორც მასწავლე ისე მოვიქეცი, სურვილი ჩავიფიქრე. მინდოდა, რომ შენ გქონოდა გვირილებიანი კაბა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები