ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2010


გუშინ დღე იყო სასწაული

    ვიმეორებ 2008 წლის 29 აგვისტოს, ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ჩანახატს. ეძღვნება შალვა დოლიძის, დათო ელიზბარაშვილისა და სხვა გმირების ხსოვნას.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    29.08.2008 წ.
    აგვისტოს ხუთდღიან ომში ბევრი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა, რომელთა შორის ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი იყო, ხოლო დანარჩენი - ჩემი მეგობრების ნაცნობი და მეგობარი. რამდენიმე გვამი ამოუცნობიც კი დარჩა. ბიჭები (აცხონოს უფალმა მათი სულები) 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, მივაბარეთ მიწას. სწორედ მათ ხსოვნას ეძღვნება ეს მონათხრობი.

    გუშინ დღე იყო სასწაული...
    მეგობარი ჩამომივიდა ცხინვალიდან ცინკის კუბოთი...
    გუშინ დღე იყო სასწაული...
    მეგობარს გადავურეკე, ვიფიქრე იქნებ ცოტა მაინც სული მოვითქვა, თან მარიამობა და დაბადების დღე მივულოცე. ვკითხე - რას აკეთებ მეთქი...
    მიპასუხა - მეგობარი ჩამომივიდა ცხინვალიდან, ცინკის კუბოთიო...
    გუშინ დღე იყო სასწაული...
    საქართველოს უსახელო გმირები ჩამოუვიდნენ ცხინვალიდან, ცინკის კუბოებით...
    გუშინ დღე იყო სასწაული...
    ძმათა სასაფლაოზე ძმებს ვასაფლავებდით და ვტიროდით, ოღონდ უცრემლოდ, ჩვენი დაკარგული მეგობრების დედებსა და ცოლ-შვილს რომ არ დაენახათ ჩვენი ტირილი, თორემ მათი იმედიც დასამარხი გაგვიხდებოდა...
    გუშინ დღე იყო სასწაული...
    ეს უკვე მერამდეჯერ შევფიცეთ ძმების საფლავებთან -
    „ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!”
    გუშინ დღე იყო სასწაული...
    ისევ ისროდნენ... მაგრამ ეს უკვე ჩვენ არ გვესროდნენ, ეს ჩვენ დაღუპულ ძმებს პატივი მიაგეს...
    - ცეცხლი! - გაისმა ბრძანება და ამას გასროლა მოჰყვა... ცაში ისროლეს და ამ გასროლას ჩვენი გულებიდან ერთდროულად ამოხეთქილი გუგუნი შეუერთდა -
    „ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!”
    - ცეცხლი! - გასროლა...
    „ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!”
    - ცეცხლი! - გასროლა...
    „ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!”

    აჰა, გავიდა ეს დღე სასწაული...
    ღამემაც დღეს არ ჩამორჩა და სიზმარში, სატანჯველად იმ ბავშვების მზერა გამომიგზავნა, რომელთაც ომი შეეხო...
    ო. ღამევ ულმობელო...
    მესიზმრა ჩემი დაღუპული მეგობრის ბავშვის თვალები... წლის და თვეებისაა... თითოეულ ფორმიანში მამამისს ეძებდა, მზერით ჩაგვებღაუჭებოდა და თვალებით გვეკითხებოდა - მამაჩემი თქვენთან ერთად რატომ არ არისო...
    ო. ღამევ ულმობელო...
    მესიზმრა ხუთი-ექვსი წლის ბავშვის თვალები, რომელსაც გორის დაბომბვისას გადავეყარეთ... მანქანით ვიყავით გორში გასული, როდესაც საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი დაეცა. ჩვენც მაშინვე იქეთ მივაშურეთ. კორპუსის წინ სრული ქაოსი იყო... ორი ხანშიშესული ქალბატონი ძირს ეგდო, მათ ვეთარაფერს უშველიდი, უკვე დაღუპულები იყვნენ... ერთი კიდევ იქვე შორი-ახლოს მოსთქვამდა, აფეთქებას ფეხი მოეწყვიტა... ცოტა მოშორებით კი პატარა გოგონა იდგა, ტიროდა და ხელს ალმოდებული სახლისკენ იშვერდა. გოგონასთან მივირბინე და მისი იქედან გაყვანა ვცადე, მაგრამ გამიძალიანდა და მომატირა - იქ პაპა და ბაბოა, გამოიყვანეო. ბავშვი ზუსტად იმ ფანჯრებზე უთითებდა სადაც ჭურვი დაეცა... გოგონა ხელში ავიყვანე და ვუთხარი - დედიკი და მამიკო სად არიან, მათთან მიგიყვან მეთქი, რაზეც ბავშმა ტირილით მიპასუხა - დედა და მამა დიდი ხნის წინ მოკვდნენ, პაპა და ბაბო გამომიყვანეო... მერე კი... მერე გათენებულიყო და რაღაცამ გამაღვიძა... გამეღვიძა, მაგრამ თვალწინ ისევ ბავშვის თვალები მედგა... სანამ გონება მოვიკრიფე ჩემი დამემართა, იმიტო, რომ ეს ჩემი ბავშვის თვალები იყო... იცინოდა და მეხუტებოდა... ცრემლი წამსკდა... ბავშმა მკითხა რა დაგემართაო... გულში მაგრად ჩავიკარი და ერთად-ერთ რისი თქმაც მოვახერხე ეს იყო -
„არაფერი შვილო, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები