ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2010


უსათაუროდ

***

შენი თვალები-
კარიბჭენი ჯოჯოხეთისა.
რაა ჰადესი,
თუ მათ ხილვას ისევ ვეღირსე?!


***
ცხოვრებას ჩემთვის რძე დაუშრა და
ტირილსაც მიშლის,
წამსვე იმედის სატყუარას
ჩამაჩრის პირში.


***
ხელოვნური ყვავილები
ჩემს ბინაში,სულ ვშიშობ  რომ
სადაცაა დაჭკნებიან...


***
გამისკდება ახლა გული,
იები მგვრის აპათიებს.
არ ატიროთ გაზაფხული,
ჩემი ხათრით აპატიეთ!


***
ათასწლიან სევდის ხანას
ერთ ხანაში რომ დაიტევს,
მე ისეთ ლექსს ვეთაყვანე.


***
მიდის გზა,
მივდევ გზას,
საცაა მიმიყვანს.


***
დროის მახვილით
დასერილი გუმბათებიდან,
მთვარე ბაგრატში სალოცავად
ჩუმად შევიდა.



***
ნუთუ, ამქვეყნად
მისთვის მოვედი,
ყოველდღე მოვკლა
ჩემში პოეტი?


***
გარინდებულთა, ჟამს შებინდების,
ჩურჩულით უხსნის სიყვარულს ქარი.
კვდებიან ვნება-შიშით შვინდები,
როცა საკინძეს უხსნის  შეპარვით.



***
ჩვენმა თუთის ხემ მწიფე სურნელი,
არ მითხოვია -თავს მომახვია.
შენი თვალები მომასურვილა
და წავიცრემლე.
ჩემზე ახია!
ლამის გამსრისოს დარდმა ავყიამ,
ვერ მოვალ,
რა დროს სიამაყეა?!


***
ადვილად იტყვი"მიყვარხარ!"
როცა გაწუწულ გაზაფხულს,
ლოცვად ტაძარში მიყავხარ.


***
პირველმა თოვლმა ალბათ,
არც იცის,
რომ დააჩოქა,
ბაცი ნარცისი.


***
გახუნებული მარტოობის
ფერებს იმოსავს,
რაკი არავინ ეფერება
დამჭკნარ მიმოზას.


***
როგორც სიკვდილის და სიცოცხლის
ურჩი სამანი,
გდია ტალახში, ტოტი ლურჯი
იასამანის.


***
მოვკვდები და სამარეში ჩამატანენ
ალბათ იებს.
ო,იებო
მაპატიეთ!


***
სიცოცხლე ოდენ ჭიდილია.
სიკვდილში არის იდილია.


***
ო, განმიტევონ!-
ამ ფიქრებმა მოუსვენარმა
ვშიშობ, ძილშიაც არ მიმატოვა.
გაზაფხულია, მაისია,
მე კი, მესიზმრა
ჯერ გაუშლელი ყვავილების
თოვლმა დამთოვა.




***
ნუ გეშინია პაწაწინავ ზამთრის სიცივის.
მომეცი სუნთქვით დაგითბილო თეთრი ხელები.
აპრილი თოვლზე ნაფეხურებს ტოვებს სიცილით,
არ გესმის, როგორ აჩურჩულდნენ კვლავ ენძელები?


***
წყნარია წვიმა,
როგორც ცრემლები,
როცა უეცრად
გამახსენდები.


***
მის გარდა ყველა პოეტი
ვგავართ ერატოს მათხოვარს,
მან გალაკტიონს აჩუქა, ლირა,
ჩვენ არც კი გვათხოვა.


***
მე გადავთელე უსასრულო გზების სიგრძენი,
ამაოების კაეშანი მე შევიგრძენი.
ვლეწე მიწიერ სიამეთა ტკბილი ხუნდები
და ჩემივ ნებით მამის კალთას დავუბრუნდები.



***
ო, ტკბილო ცოდვავ,
მოსაკვეთად არ
მემეტება,
ბადაგ- სამსალით
ავსებული შენი კერტები!


1985-97წწ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები