ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2010


შემგროვებელი

ბევრნი არიან.
იმდენად ბევრნი,
თაროზე აღარ მეტეოდნენ
და რომ ესუნთქათ,
მეორე თაროც შემოვაშველე.
ზოგი - ხისაა,
ზოგი - თიხის,
ზოგიც ლამის გამჭვირვალე ფაიფურია.

ეს - პირველი,
ბავშვობაში ფეხი რომ მომტყდა
და კლინიკაში
გახვრეტილ კოჭზე
უზარმაზარი გირი დამკიდეს,
ამხანაგებმა მომიყვანეს.

პირმრგვალ სახეზე
ყველას ღიმილი შეჰყინვია,
შუქჩამქრალში კი ხან დაობენ,
ხან ზუზუნებენ,
ხანაც: - ა-აა-აააააააააააააააააა -
- ხმაშეწყობით ამღერდებიან.

ფრთებდამტვერილებს
ბუმბულით ანდა ფუნჯის წვერით
ვწმენდ სათითაოდ:

- რაო, პატარავ, დაიღალე?
ფრთის კიდე ალბათ მაშინ მოგტყდა,
ჩემს საშველად რომ იჩქაროდი
და მავთულებში გაიხლართე.

შენ, ლურჯფრთიანო,
სულ უდროო დროს იცი ხოლმე
მხარზე დაჯდომა.
ლხინს არ შემარგებ,
რაღაც,
ხიფათი მოგელისო,
ვინ იცის,
იქნებ ცრუობ კიდეც...

ბროლის ნამცეცავ,
შენ ხომ თვითონ მისახედი ხარ!

საყვირიანს ვაიმედებ:
- შენი დროც მოვა!

წეღან ერთი მივარდებოდა
და კიდევ კარგი,
ხელი დროზე შევაშველე.

,,- ეჰ, ამასავით მეც რომ მყოლოდი..."
ეს ვისი ხმაა?
რა უცნაური ნათება მოაქვს!

მარად მდუმარე
ორჭოფულად მიღიმის მამა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები