ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლო სეკრეტი
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2010


კარპე დიო

carpe diem- ალბათ, ყველას გაგიგიათ, ხო? ლათინური გამოთქმა,-დაიჭირე წამი. რატომ უნდა დაიჭირო წამი? მე მართლა მდომებია ბევრჯერ იმ წამის დაჭერა და არსად გაშვება. არა, ეს მერე კი არა, როცა იმ წამს მომდევნო წამი შეცვლიდა, არამედ ყოველთვის მაშინვე ვხვდები რომ ეს დასაჭერი წამია და მინდა ხოლმე შევინახო. ასეთი წამები ხომ ხშირად არ მოდიან, დიდი-დიდი ორ-სამ წელიწადში, ისიც სხვადასხვა ფორმით. როცა მართლა გრძნობ აი ბედნიერებისაგან სადაცაა გული გაგისკდება. უჩვეულო შეგრძნებაა, არ იცი რა ქნა. როგორ „დაასეივო“, მაგრამ გული ხომ ყველაფერს ინახავს. თავისით… არც გეკითხება. უბრალოდ უნდა და ასე იქცევა. მერე იმ წამს სხვა ცვლის, წვიმას – წვიმა მოყვება, გაზაფხულს გაზაფხული და შემდეგ ისევ დაზამთრდება.

… და სწორედ მაშინ. აი, როცა დაზამთრდება, იღვიძებს ის წამი და გათბობს. გათბობს ისეთივე სიმხურვალით, როგორც მაშინ როცა ეს მოხდა. მაშინ, როცა შენს გულში შეინახე. მერე რა რომ ეს უკვე იყო, მერე რა, რომ დამთავრდა. ის წამი ხომ შენახული გაქვს, სადღაც იქ კუნჭულში, სადაც შენს გარდა ვერავინ მიეკარება. და ისევ, როცა ის იღვიძებს, მაშინდელივით გაფრენა გინდება. მაშინდელივით იწევი თითის წვერებზე და გულწრფელად გჯერა, რომ სადაცაა და მოწყდები მიწას, გადაუფრენ ამ ოხრა ფერის ბებერ მიწას, გადაევლები ყველა ღობეს, თითის წვერებზე გადაირბენ ყველა ხიდს და შლი ხელებს… ოღონდ, დამატებით ხელებს, ის ორი ხელი ხომ ამ დროს ვინმეზე მყარად არის ჩახუტებული. ვინმზე კი არა და იმ წამზე, რომელიც დაჭერილი გყავს და არაფრის დიდებით არ უშვებ.

რამდენია ასეთი წამი? არა, არც ისე ბევრი. ბოლოს ერთი-ორი კვირის წინ შევინახე და ახლაც მათბობს. მათბობს როგორც მაშინ.

არავინ თქვას ასეთი გადასარჩენი არაფერი მაქვსო. ხომ შესულხარ ზამთრის გაყინული კორიდორიდან თბილ ოთახში. შეხვედი და უცებ ძალიან დაგცხა. სინამდვილეში კი იმ ოთახში ცივა. ვინც იქ დაგხვდა გათოშილები ერთმანეთს ეკვრიან, შენ კი გცხელა, იმიტომ რომ იქ, გარეთ უფრო ცივოდა და უცებ იგრძენი ეს სითბო. აი, ამ სითბოზე გეუბნები, აი, ამიტომ არ უნდა თქვა რომ გადასარჩენი წამი არ გაქვს. იმიტომ რომ გაყინულ კორიდორებში ბოდიალის შემდეგ ყველანი შევსულვართ თბილ ოთახში და იმ ყინვასთან შედარებით ეს ნამდვილი სამოთხე ყოფილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები