ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2010


უნდა წავიდე სოფლად - ჩემი ბავშვობა მიცდის....

უნდა წავიდე სოფლად
ჩემი ბავშვობა მიცდის,
ჩემი კრიალა ზეცა
და ოხშივარი მიწის.
ჩემი თითები თხელი,
კაკლის წენგოსგან შავი,
მეზობლისაგან უშნოდ
გადაკრეჭილი თავი,
გამოჩორკნილი ჯოხი
დაჭრელებული ცერად,
ის მერანია ჩემი
და დამაქროლებს ველად.
ველები ვრცელზე ვრცელი,
გადაჭიმული ცამდე,
ყაყაჩოების სუნი
მე რომ მიზიდავს ასე...
სახლში, უძირო ჭაში,
ისევ ურჩხული სახლობს,
მე, ონავარი ბიჭი
ვერ ვეკარები ახლოს.
თოფი მაქვს მაღლა, სხვენზე,
ეშმა-ჭინკების მტერი,
ყოველ ცისმარე დილას
საგულდაგულოდ ვტენი.
გადავიკიდებ მხარზე
ლულას მივათრევ ფორთხვით,
ჩიტებს დავაწყობ მწკრივში,
ალაფს - ნაშოვარს ოფლით...
საღამოს ბებერ ბუხარს
გვერდებს უფიცხებს ალი,
ბებო მიკითხავს ზღაპარს
გარეთ კი დაძრწის ქარი.
მე უდარდელად ვფშვინავ,
ვერას დამაკლებს მტერი,
ფეხებთან მიწევს მურა
ჩემი ბომბორა მცველი.

უნდა წავიდე სოფლად
ჩემი ბავშვობა მიცდის,
ჩემი კრიალა ზეცა
და ოხშივარი მიწის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები