ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2010


გადავფხიკე და...მოვიგე

გადავფხიკე და... მოვიგე,
ბედი - უკვესო აბედი.
დამსხდარან თავთან ორ რიგად
ფიქრები ჩემზე საყბედოდ.
სევდაც შემოდის ნარნარი
და მუდამ ფეხაკრეფილი.
მიზის იმედი სანგარში,
წლებისგან წვივმოტეხილი.
გადავფხიკე და...მოვიგე,
ლოდინის დიდი ულუფა.
სადილ-ვახშმადაც დრო მიდევს,
მიმასპინძლდება გულუხვად.
გადავფხიკე და...მოვიგე,
თავისუფლების ნისია.
ბედი - გამჩენის მორიგე,
მართმევს, რაც ისეც სხვისია...
გადავფხიკე და მოვიგე,
ცხოვრება - მუქი სათვალე.
სხედან ფიქრები ორ რიგად
და ნუგეშის ძაფს ართავენ...

*** 
ღამეა, სადღაც მარტოობის ისმის ძახილი,
სევდის ზონაში ნატვრის ხეებს ქერქი უხმებათ.
დაეხეტება ფიქრი გარეთ ქუჩის ძაღლივით
და სიმარტოვეს გაუწვება გამხდარ მუხლებთან.


     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები