ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2011


შპიონი. სინათლის სვეტი.

                    შპიონი

გული ისე სუფთაა,მაგ თვალების პიონებს
აირეკლავს ცასავით და საოცრად ღელდება,
თითქოს სულში ჩაგყურებს მთვარე ღამის შპიონი,
ბნელდება...

შენს გარშემო ტრიალებს ახლა ჩემი სამყარო
და ოცნებამ მკათათვის სურვილები გათელა,
მე გრძნობები დავთესე და შტოდ ამოიყარა,
შენში ციცინათელობს!

მზეს სხივებზე ჰკიდია ჩემი ბედის სასწორი,
ჩემი მძაფრი სურვილი შენს წამწამზე ჰკიდია,
დედამიწა დავიდე ხელისგულზე,ავწონე,
შენი გული დიდია!

ანუ არ დამეტია გული თავად პეშვებში,
ახლა ჩემში თავსდება შენი გალაქტიკები,
ჩემი სულის ზეციდან შენს თვალებში ვეშვები,
იგემე!

წუხელ ყელზე შეგაბი თავად დროის ეჟვანი,
გულში ლექსი ტკაცუნობს,ტვინი-ცხელი ღადარი,
და თმა,როგორც სხივები მხრებზე ჩამოგეშალა,
შენი მსგავსი სად არის?

ამას ვამბობ და ახლა ჩემში სხივის სისწრაფით
დადის შენი სურვილი-მაგ თვალების გენია,
შენი გულის კედლებზე შეელეწა ზღვის ქაფი,
თავად ზღვა კი ჩემია!...
                            დ.მ.12.2010.






            სინათლის სვეტი

ციმციმა თვალთა,ვარსკვლავთა დართა,
რომელთა ნამთა ბრწყინვას მოველი,
ზეცათა კართან,ღრუბელთა კალთა
გადაჰფარვია თრთოლამორევით...
და დროთა-ჟამთა,მრავალთა წამთა
დაუსრულებლად შენი მშვენება,
ზეცათა თაღთა,უტურფეს ბაღთა,
სინათლის სვეტად შეეშენება.
და თითთა თლილთა,თვით ღმერთთა ქმნილთა
თვალს მტაცებს მათი თეთრად თრთოლება,
ბაგეთა ლალთა,თუ ვარსკვლავთ დართა,
არხევს სიოთა წამოქროლება.
და ტანთა მშვენთა,სიტურფე შენთა,
თვით ანგელოსთა არის სადარი,
თმათა ტალღათა ოქროთა ქაფთა,
ამ სამყაროში არ აქვს ბადალი.
სახეთა შენთა,სინათლის მფენთა,
ადგას ღვთიური შუქის ნათელი,
ვით ერთთა ღმერთთა,იმგვარად შენთა,
გინთია ცათა მზეთა სანთელი...
                          დ.მ.12.06.2004წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები