ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2011


გამიზეპირე

გამიზეპირე, ითამაშე ამ ერთხელ სარკე,
ითამაშე რომ ჩემი მე ხარ – ჯერ ვერ ნაპოვნი.
გამიცანი იმაზე ადრე, ვიდრე შევძლებ
გასაღები მოვარგო სულის იმ კლიტეს,
ოდესღაც რომ ბანზე ამიგდეს..

გამიზეპირე, ყველა ქცევით, ყველა მიმიკით,
ყველა სიტყვით,წყენით, ტკენით,
ნაგროვები სევდის ქისებით.
შემოაღწიე ჩემი სულის ჭუჭრუტანებში,
შემოძვერი და იმოქმედე ისე მარტივად –
ქვეცნობიერზე ზე ცნობიერმაც ვერ გაიგოს,
რომ ჩვენ ვთამაშობ..

გამიზეპირე, მოძრაობიდან – უძრაობამდე,
სიცოცხლის უნარიანი და მშვიდი, მძინარი.
იბატონე ჩემს სიზმრებზე, ჩემს ცხადზე.
გამიზეპირე და იქამდე მმართე,
სანამ – უშენობას არ შემასწავლი..

გავითავისებ,
როგორ ვძლიო მარტის ამინდებს,
რომ ქვეყნად ყველა შენ არა ხარ – ვინც კი გამიგებს
და კარს გამიღებს და სასაუბროდ განწყობილი მზერით შემხედავს,
მზერას ვინც კი გამითანაბრებს.
გამიზეპირე, წამართვი თავი,
მხოლოდ იმიტომ რომ დამაბრუნო ჩემივე მესთან..

და შემისწავლე თმის ღერიდან ფეხის გულამდე,
მასწავლე, როგორ გავიმაგრო სიარულისას –
ფეხის გული,რომ ვიდგე მყარად.
მასწავლე როგორ, დავივარცხნო თმები,
რომ ვერ აბურდონ ქარად მოვარდნილმა სხვისმა თითებმა..

გამიზეპირე, და მიგრძენი რომ ისეთი ვარ,
რომ ვერ მხედავ, რომ არ მხედავ ან ვერც იფიქრებ..

მე დავიღალე ყოველ ღამით თხრობით რომ გყვები,
გამიზეპირე და უბრალოდ
– ადექი და გაყავი გზები!

ჰო,აი,ასე..ანუ წადი..
მასწავლე წასვლა..
შენი გაშვება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები