ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2011


გუბე


წყალნი წავლენო და…
ისე შეგუბდა, როგორც  სული,
ვერ ამოტეხა ჩემი სხეულის ლურჯი ყინული,
რომ  გაზაფხულის  მდინარესავით  გადმოველახე
და  წაეღო  ნაფოტები, ლამი თუ  ჭუჭყი… 
სხვა დანარჩენიც, 
ქვიშის  ორიოდ  მარცვალის გარდა,  როგორიცაა:
ვთქვათ,  რომ არ მშურდა,
ვთქვათ, რომ არ მძულდა,
ვთქვათ, თანაგრძნობა, მიტევება  და ასე შემდეგ…
სინანული, ბოლოსდაბოლოს.

ის კი, წყალი…
მიდგა, მოდგა და აქ დადგა  –  ნაგუბარზე,
გულის ადგილას რომ აღმომაჩნდა
და რა მოხდება, ერთხელ მაინც,
ეს  სიბლანტე  მდინარედ იქცეს,
გადმოვიდეს  ნაპირებიდან  და  წაიღოს ყველაფერი:
ვთქვათ,  ტალახი,  ანდაც ქვები – სხვისკენ ნასროლი.
ვთქვათ,  გულგრილობა,  როცა  არ შემძრა  შიმშილისგან  უცხოს  სიკვდილმა.
ვთქვათ,  დღეები, როცა    სისხლი (დადებითი, ჯგუფი – მესამე) 
ისე, უბრალოდ,  არ გავიღე  და ასე შემდეგ.

წაიღოს  წყალმა ეს ყველაფერი და  მომაშოროს!
ბევრი იდინოს, თავის თავს დაწმენდს და
გამჭვირვალე,
აახმიანებს  სხვა კალაპოტებს,
ვერცხლის თევზების  სამკაულებსაც  დაიყრის ტანზე,
ფრინველებს მზისკენ აახედებს,
მცენარეებს გაახასხასებს,
ადამიანებს დაარწყულებს, ბოლოსდაბოლოს.

მერე ჩემს ფსკერსაც მოვაშორებ წყალმცენარეებს,
იქნებ  ვიპოვო ქვიშის თუნდაც ერთი მარცვალი,
ან  უკეთეს შემთხვევაში, 
კეთილშობილი  წითელი მარჯნის  პატარა ტოტი.
მისი  შუქის ანარეკლმა  ერთი ბილიკიც რომ გაანათოს,
ესეც საქმეა.

წყალნი წავლენო და…
კი არ წავიდა, ისე შეგუბდა,  როგორც  სული,
ქვიშაც კი არ ჩანს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები