ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2011


La paix de l'âme

კარის შეღებამდე,
ჭრიალი მესმის ხოლმე,
ქარის მოვარდნამდე
მისი ამოკვნესა.
მხოლოდ წვიმაა,
რომელსაც ჯერ ვხედავ და
შემდეგ ისმის მისი დაცემა,
ანუ წკარუნი
და შენ ხარ კიდევ,
სიჩუმეში ჩუმად მდგომი
სულმოჟღარუნე..
ან მე გგრძნობ ასე,
ყველა სუნთქვით და ყველა ფეთქვით.
წამწამების ჩამოქნევით,
სახის მიმიკით,
ქვეცნობიერში მეპარება ხანდახან ეჭვი,
რომ ეს დუმილი
სულ ყოველთვის "ხო"–საც არ ნიშნავს,
რომ ამ სიჩუმემ ჩვენში ბზარი უნდა დაბადოს,
ნუ გამაგიჟებ,
დაგუბებულ სიტყვებამდე ერთხელ მიმიშვი..
მთელ ჩემს სურვილებს ჩამოგაყრი ბეჭებზე,ტანზე
და როგორც წყალში ხურდას ყრიან,
სადმე წასვლამდე
და სურვილები იკვეთება დაბრუნებასთან,
დავიჯერებ, რომ ყველა ვნება მიაგნებს იმ გზას,
ხელის მტევნებს რომ მოგაწურავ ნატიფ სახეზე.
აკორდებივით თითებს ყელთან,
შეუთავსებენ ცხელი სუნთქვის აკომპანიმენტს
ჩვენი ფილტვები..


..
მატარებელს გაასწრო
რელსების ხმამ - სოფლის ჭალებისკენ,
შენ სარკმელს გასცქერი,
მე ფიქრს გითვლი თვალის კუთხეებზე,
ხელები ნერვებისგან მიკანკალებს,
შავი ფიქრიდან რომ გამოხვალ,
სულის სიმშვიდისაც მითხარ რამე..
ჯანდაბას მერე ყველაფერი,
დროც თუ ჩავხერგეთ,
სადმე ,იქ, სადაც,
ჩვენ ორივე შევქმნით - ერთობას.
წუთი კი აღარ გაიქცევა,
რომ გაერთობა,
ჩვენი ცქერით
და იმ მუსიკით,
სხეულში მდგომი ყველა ნოტი
თავს რომ აიღებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები