ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2011


წინ ისევ წრეა

ამ გზას არა აქვს დასაწყისი
და დასასრული,
ეს მერამდენე დეკადაა წრეზე დავდივართ.
ჩამომაჯინე,
მომასვენე,
ამომასუნთქე,
ქალად კიარა მოკვდავადაც აღარ ვარგივარ.
გვალვისგან დამსკდარ ქანებივით
დასკდნენ ტერფები,
გული,
განწყობა,
არსებობა – გადამეღალა.
წინ ისევ წრეა.
ისევ ვივლი…
ვერ დაგეწევი.
ვერც უშენობას ვაღიარებ,
სულით მკვეხარა.
უნდა მოვიდე
გითხრა წრეა ყველა ნაბიჯი,
გითხრა, რომ აქ სვლამ, რა ხანია აზრი დაკარგა.
გითხრა,რომ უკვე ყველამ იცის ისე გავგიჟდი,
უსიტყვობისგან უკვე სულიც გადამეფატრა.
შენ სხვაგან გძინავს,
ზაფხული კი უკვე მხურვალე,
ღამეებს უთვლის რახანია პირველ დეკადას
და მიმეორებს: დაუძახე იმ ქარის ხმაზე,
სარკმელში შესვლა ფანჯრის ლეწვით ვისაც უყვარდა..
დაუძახე,
რაღას უცდი,
ხო, დაუძახე,
შენ დასაკარგი აღარა გაქვს აღარაფერი,
დრო არის მიხვდე,
ქვეყნად საშველს ვერსად მიაგნებ,
დროა,რომ მიხვდე,
წრიდან გასვლას სულ ტყუილად ელი.

და გადგვარდა ეს ზაფხულიც.
ვერ გადავურჩით,
დასავლეთიდან განშორების ქარის მოვარდნას..
რა დაგემართა შენ მაინც, რა,
შენ ის მითხარი..
სულ გამომიქრი,
ნაკვერჩხალსაც გაუქრა ყავლი,
ვზივარ საჩეჩელს ძველებურად ფერფლში ვურევ და
სულ რომ თვალებშიც შეგეყაროს,
მიცანი მაინც..
მიცანი ცოდვებ შემოცმული ვიწრო ბეჭებით,
სინდის ამომშრალ თვალებით და მეტყველ თითებით,
დამუნჯებამდე მიყვანილი სიტყვით ბაგეზე.
თვითმკვლელობისკენ ნუ მიბიძგებ,
ნუღარ მაქეზებ,
ეს ცოდვით სავსე სხეული რომ სულზე შევიხსნა,
(ამო)მიცანი და თუ გინდა მომეც შენიშვნა:
სულ ყველა ქცევა განმიკითხე,
გამასამრთლე.
მე მსჯავრდებული შეგავედრებ შენ მოსამართლეს
თითებს შერჩენილ სითბოს მარცვლებს,
სულმკვდარ განწყობას.
(ამო)მიცანი
და დაარქვი თუ გსურს – გართობა,
ანუ თამაში ჩემს დარდისგან ჩამწყდარ იმედზე.
მხოლოდ ამ წრეზე მარტო სვლისთვის ნუ გამიმეტებ.

რადგანაც, აქ გზას აღარა აქვს თავი და ბოლო,
ეს მერამდენე დეკადაა წრეზე დავდივართ.
გვალვისგან დამსკდარ ქანებივით
დასკდნენ ტერფები,
გადამექანცა ყველა კუნთიც ხეტიალისგან.
გული,
განწყობა,
არსებობა – თითქოს დავკარგე.
წინ ისევ წრეა.
ისევ ვივლი…
თუმც ვერ გიპოვნი
და არ მეყოფა
ძალა ალბათ, მშვიდად დავმთავრდე.
წინ ისევ წრეა
და განვლილ გზას არ სდის მირონი.

მე უბედო ვარ..
უბედობის ვარსკვლავზე გავჩნდი
და ზოგჯერ როცა ცაზე მიმქრალ ჩემს ვარსკვლავს ვამჩნევ.
მინდა მოვგლიჯო,
ჩამოვწყვიტო,
ჩავიწნა თმაში,
და საკუთარი უბედობით თმა დავიმშვენო,
შენ კი უბრალოდ თავის ერთი მოტრიალებით,
თუკი მომხედავ, (ამო)მიცნობ,
თუ დამინახავ,
ერთსღა მოგძახებ:
არც იფიქრო რამე მიშველო.

წინ ისევ წრეა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები