ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2011


გამეორება - ტერეზასათვის

          ,,შეხედეთ ხეებს, ყვავილებსა და ბალახს, როგორ იზრდებიან დუმილში; შეხედეთ ვარსკვლავებს, მთვარესა და მზეს, როგორ მოძრაობენ დუმილში! ჩვენ გვჭირდება დუმილი, რათა მივწვდეთ სულებს".                                                                                                                             
                                                                                                                            დედა ტერეზა 


თავსაფარს შენსას,
ხელგამოწვდილ ბრბოში შერეულს,
თავსაფარს შენსას,
მოქათქათეს,
მადლმომფინარეს,
დასაზღვრულობის ნიშნად თუ ედო
კიდეებზე ლურჯი ზოლები...

ხედავდა ყველა,
ესმოდა ყველას,
რომ გადმოგეცა
სიბრძნე დიდი,
უხნიერესი
და მეც მჯეროდა,
მხოლოდ დუმილში მოძრაობდნენ
ეს ვარსკვლავები,
მზე და მთვარე,
მთელი სამყარო
და ვდუმდი,
ვდუმდი,
ვდუმდი ასე,
დაუსრულებლად.

და როცა ჩემში მიილია
ის ბოლო ბგერაც,
სიცოცხლესთან და
სიკვდილთან რომ მაკავშირებდა
უცებ ვიგრძენი,
როგორ ძგერდა უჯრედში ბირთვი;
როგორი ბიძგით მოძრაობდნენ ატომები.

ჟღერს პლანეტათა მთელი აღლუმი!
რიტმი,
რიტმი,
რიტმი,
დედაო!

უზენაესის გულისძგერასთან შეწყობილი
ეს სამყარო რარიგად ფეთქავს,
ამ დიად ხმაში რაა დუმილი! -
- ბგერათშორისი შესვენება,
ან მსმენელის გულმოდგინება.

დედა ტერეზა,
კმარა ჩემთვის!
ხმაში შერთული
მაღლით დავცქერი
მე
გაშეშებულ მდუმარეთა ნაივურ ორდენს
და ვიმეორებ:
- ჟღერა,
ჟღერა,
ჟღერა დიადი!

და ამ ჟღერაში ბგერადყოფნა -
- ყველაფერია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები