ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2011


Cherries Love

არასოდეს ჩადგე იქ,
საიდანაც მიწის ზუზუნი მკაფიოდ ისმის
და წუთი–წუთზე ქარიშხალი ამოვარდება.
არასოდეს აიხედო იმ წერტილისკენ,
საიდანაც დამაყრუებელი ქუხილითა
და დამაბრმავებელი ელვარებით,
გაგლეჯილი ციდან მეხად წამოვა
მზის დაგროვილი ტკივილები.

ღმერთს, ჩვენს ენაზე საუბარი დაავიწყდა.
ჩვენ კი, გავბრაზდით და ყველა ენა მივივიწყეთ
– სხეულის გარდა.
ვიცი,გვეტყვიან ცოდვის წისქვილს აყოლილხართ
წყლის ჭავლივითო.
ალბათ, მასეა.
აზვირთებული მდინარის დინებაზე სწრაფად მისდევენ
ღმერთის მიერ გადმოყრილ სხივებს,
უკვე ჩავლილი ადამიანები.

მე კი?! მე,დავადებ ხოლმე თავს და მივდივარ,
ერთს არ მოვიხედავ უკან,
ერთს არ ვიკითხავ,
როგორ გრძნობ თავს,
როცა სუნთქვასავით ჩვეულ რეჟიმად გადაგექცა
ადამიანების დაკარგვა
ყოველგვარი ახსნა– განმარტებების გარეშე...
მერე ვჩერდები შენი სურვილების პირისპირ
და სხეულის ენაზე ვუყვები ზღაპარს –
მთის მდინარეებს.
და თითქმის ყველა ჩაყვინთვაზე
ვუთქვამ სურვილს,
ნაპირისაკენ მთელი გამრიყოს.
თუმც,არავინაა ვისკენაც ხელებს გავაწვდენდე,
არავინაა ხმის გამგონი.
არავინაა დამნახველი.

თმის სარჭებად მეხლებიან ლიფსიტები ტალღოვან თმებში,
ყურებისაკენ მოიწევენ და ბუტბუტებენ,
რომ ჩვენ თუ აღარ,
ალუბლები დაიბრუნებენ – მხუთავ ზაფხულებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები