ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2011


"ფარფელვილიჯ" - 1853 (სხვა)

ძვირფასო ჟან,
შენ მწერდი რომ, ერთი სული გაქვს როდის აცივდება
და თეთრი, ფითქინა თოვლი გადაფარავს საგრაფოს,
რომ აღარ მოგიწიოს ყვავილებთან და ბუჩქებთან დაუსრულებელი დგომა,
რომ იმკურნალო შრომისგან დაკოჟრილ ხელებზე
და რომ თვეების უნახავ სოფელში გამოგიშვან დასასვენებლად.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენს სოფელში წელიწადის ყველა დროს ისე ცივა,
თითქოს მუდმივი ზამთრის ძილი შეჰპარვია გარემოს
და მდინარეებიც ისეთი ცივია,როგორც საგრაფოს იანვრის ღამეები.
ზოგჯერ მაინც საშინლად მინდა უფრო აცივდეს.
თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ,
საკუთარი გაყინული ხელები
და დასუსხული თვალები,ზამთრის ყინვებით გავამართლო.

რამდენჯერ მიოცნებია,
შენთან ერთად აღმოვჩენილიყავი საგრაფოს ულამაზეს ბაღში,
და მეგრძნო-რომ მხოლოდ მაშინ კი არ ხარ ჩემთან
როცა ძალიან გცივა
და როცა ადამიანებისგან და შენიღბული სილამაზისგან იღლები...

მერე გონებაში გამივლია პარალელი
შენსა და ჩვენს თანასოფლელ ბიჭებს შორის,
რომელთაც ჩემს ღიმილად უღირთ მთელი დედამიწა,
და მარტო იმიტომ რომ ჩემი გული მოიგონ:
დაუზარლად ეხმარებიან დედაჩემს
და თითქმის ყოველ საღამოს თავპირს უმტვრევენ
რომელიმე თანატოლს,ღელის ბოლოს,
და მიზეზი? იმ უკანასკნელმა ან გზა დამითმო,
ან კოკა წამომაღებინა წყაროდან.

იცი ჟან,
დედა ამბობს რომ მისტერ ჩემბერის ვაჟი,-
საკმაოდ სიმპატიური ყმაწვილია
და რომ მის გვერდით ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიქნები,
იმასაც ამბობს რომ მისტერ ჩემბერი
თავისი მიწების მეოთხედს დაპირებია ბიძია იანს
და მოკლედ,მათ სურვილი აქვთ...
მიხვდები ალბათ რისი სურვილიც აქვთ ჟან.

აი მე კი,თავს იმ ვერცხლის სარკესავით ვგრძნობ
ბავშვობაში მიტოვებული ქოხიდან რომ გამოვიტანეთ და გავყიდეთ.

ხო.მახსოვს.
მაშინ შეგპირდი არასოდეს და არსად ვიტყოდი
რომ ის სარკე ჩვენ მოვიპარეთ.
თუმცა ზუსტად ისე ვარ,
არავის ვეკუთვნი თითქოს და მაინც მყიდიან...
ყველასთვის საჭირო ნივთი ვარ და მაინც.-
გამოუსადეგარ ადგილას უნდა ჩამომკიდონ.

როგორ მინდა,ჩვენი სოფლის რომელიმე მდინარის სიღრმეში
ვიწვე და გელოდებოდე,
მერე ამომიყვანდი და გამალღობდი,
მომიყვებოდი ათას სანტერესო ამბავს
ადამიანებზე და მცენარეებზე.
დამაჯერებდი რომ სიყვარული ისაა,-
რასაც ჩვენ ვაკეთებთ და არა ის რასაც ჩაგვჩიჩნებენ.
მომატყუებდი რომ ოდესმე წამიყვანდი საგრაფოში
და ოქროსფერთმიან ტყუპ გოგოებს გაგიჩენდი.

და მაინც, არაფრით არ მოდის ზამთარი ჟან, სულ არაფრით
და თითქოს დრო იმხელაზე გაიწელა
სადაცაა შუაზე გაიპობა,
მერე კი უკვე შენ შენი დრო გექნება და მე ჩემი,
მერე ვეღარ მომატყუებ რომ სულ ჩემთან ხარ
და აღარ დავიჯერებ,
რომ შენი გულის ფეთქვა ჩემს სახელს ჩაგძახის

გემშვიდობები იმ იმედით რომ დედამიწაზე კატაკლიზმები დაიწყება,
რომ ყველა უბედურება ერთად დაატყდება თავს სამყაროს
და საგრაფოს ბაღებში ნაადრევად გათოვდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები