ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2011


წერილი ჩემს ძმას (ჟანრი "სხვა" )

მოდი და–ძმობანა ვითამაშოთ რა,
მერე რა, თუ გავიზარდეთ და ახლა უკვე ლამბადას ნაცვლად,
ცხოვრების რიტმზე ვცეკვავ.
მერე რა, თუ თოჯინების ბღუჯა თმის ვარცხნის ნაცვლად,
საათობით ვუზივარ სარკეს.
მერე რა, თუ "დათოო, გაიღვიძე მოვიწყინეს" ნაცვლად,
ახლა შენი დილა იწყება ფრაზით –
"გავიქეცი მაგვიანდება"..

და ოთახის კარზე გულის გამაწვრილებელი კაკუნის ნაცვლად
სახლის კარს იჯახუნებ.

მე კი, ამჯერად უკვე დიდი სასაცილო დაიკო ვარ,
აღარც ისეთი ფუმფულა და წითელი ლოყები მაქვს,
ჩემს თეთრ სახეს კი ყოველ დილით ტონალურს ვუსვამ
ფერმკრთალობა რომ ვერ შეატყონ..
აღარც ისე დავბაჯბაჯებ,
ახლა უფრო – ქალურად –
ქუსლიანებზე აყუდებული დავდივარ და
ზოგჯერ იმდენად მტკივა ფეხები,
რამდენჯერ მინატრია შუა ქუჩაში
ხელში ამიტატო ან მხრებზე შემისვა..
ახლა ზღაპრებსაც აღარ ვკითხულობ,
უფრო რომანებს ან ლიტ.ჟურნალებს..
სახლობანას მაგივრად
საკუთარ ნერვებზე ვერთობი
და ხანდახან, კვირაში რამდენიმე წუთით
შენი შვილის შემყურეს მახსენდება,
რომ მეც ბავშვობიდან მოვდივარ,
ლაღი ბავშვობიდან,
იმ ბავშვობიდან რომელშიც ყველა დიდი თუ პატარა გაუცნობიერებლად
დედობაზე და სახლზე ოცნებობდა..
..

ახლა დედაზე ხშირად შენ მოგაქვს შოკოლადები

სამსახურის შემდეგ დაღლილ დაქანცულს,
თითქოს ცდილობ,
ტკბილი სიტყვების ნაკლებობით გამოწვული
სიცარიელე შემივსო..
ახლა უკვე,
აღარავის აღარ ვპასუხობ "– მერე დათოს?" 
– როდესაც რამეს მჩუქნიან –
ალბათ იმიტომ რომ ძირითადად ის ვინმე შენ ხარ..
ამ დაუსრულებელი საჩუქრებით ცდილობ უშენობაში გასული დრო შემიმსუბუქო..
მე კი ხშირად როდესაც სამსახურიდან მოსული შენს ოთახში იკეტები,
მინდა მოვიდე, იქამდე ვაკაკუნო ოთახის კარზე სანამ ჯუჯღუნით არ გაიღვიძებ და
გითხრა: "დათოო, გაიღვიძე მოვიწყინე..
მოდი და–ძმობანა მეთამაშე რა.."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები