ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2011


‎როგორ მეგონა (2011-09-18 22:52:48)

‎როგორ მეგონა,
რომ ყველა გზა უკვე გავლიე
და ფინიშამდე როგორც იქნა ფორთხვით მისულმა,
ბოლო კარის წინ ატუზული ნატვრის ხის ტოტებს
თავადაც რომ ვერ გავიაზრე ისე შევბანტე –
ჩემი შენამდე მობრუნება, ანუ წამოსვლა ისევ იმ გზებზე,
იმ მდინარედ ადიდებულ ჩემსავ ცრემლებზე.
ქანებად დამსკდარ ფიქრებსა
და აბლაბუდებში.

როგორ მეგონა,
ნატვრას – ნატვრად დატოვებდნენ ხმელი ტოტები
და მარტოობის ჩვენი წიგნი
გზა და გზა ვხიე,
ფურცელ–ფურცელ დავურიგე მეზობლის ქალებს
და
საჭორაო,
საქილიკო,
დასაცინი
გავიხადე საქვეყნოდ თავი.

როგორ მეგონა,
შენთვის ჩემი აღსარებები,
ისეთივე ჟღერადი იყო,
ისე მარტივი –
გაზაფხულის ცელქი წვიმისაც კი ახლდა სუნი.
როგორ მეგონა,
ვერასოდეს გაიგებდი ამ სიმარტივეს,
არ გაიგებდი.
გაიფენდი
– გზად და ბილიკად – ყველა ჩემს ტკივილს,
ჩემს ვერ ნათქვამ შენთვის სიყვარულს.
როგორ მეგონა...

ახლა კი ვდგავარ,
ხმელი ტოტი მიჭირავს ხელში,
წითელი ბანტით.
მეორე ხელში წერილი მაქვს,
გზად მომეწია.
ჰო, ვერასოდეს ვაღიარე რომ წერტილი ხარ,
სადაც ყოველთვის ვიკვეთები და მომერიდა,
უბრალოდ ისე მომერიდა შენთან დავბრუნდე.
ახლა მგონია,არც არასდროს მანდ არ ვყოფილვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები