ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2011


,, ტოჟე მნე ლელთ ღუნია!''

    ტელევიზორის ხმაში ხათრიანი კაკუნი თითქოს შემომესმა კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, იმდენი მათხოვარი დადის ამ ქალაქის ბოლოში დილაადრიან, რომ ვერ ავუდივარ და  გინდათ, დამძრახეთ, კარს ყველას არ ვუღებ. 
    კაკუნი ბრახუნში გადაიზარდა. გავაღე - ჩემი მემაწვნე:
  - გამარჯობა, შვილო! მე კიდე ვიფიქრე, შინ არ იყავ.
  - გაგიმარჯოთ! მაპატიეთ, ინფორმაციას ვუსმენდი პოლიტიკაზე და ტელევიზორის ხმაურში ვერ გავიგონე.
  - იი-იიი, ეგ პოლიტიკოსები სუ ერთიანად გასაწყვეტები არიან, ჩვენიცა და სხვისიც, რო პატიოსანმა ხალხმა შვებით ამაისუნთქოი. ვინც გინდა მოიდეი, ვინც გინდა წავიდეი, სუ ტყუილია, ჩვენი შველა არ იქნება. ხარი დაკლეი - ზედ დაგვაკლეი, ცხვარი დაკლეი - ზედ დაგვაკლეი....
    - არა, რატომ, უკეთესის იმედი არ უნდა დავკარგოთ.
    - იმედი არა  და ისა კიდე! ხო იცი, შვილო, ეხლა უკვე ზამთრი ფასზე გადავდივარ, ნედლი ბალახი მაილია, იგრე კიდე - ძვირი ჯდება ძროხის შანახვა. ეგე - ჩემი იმედი, მანამ მაიწველის, მაიწველის, აღარ მაიწველის და რაღას ვიზამთ, დავკლამთ, ხორცი ხორცად მაინც შაგვერგება. რასაც ჩვენ არ გავტოკდებით, რასაც ჩვენ არ ვიქამთ, ვინ რას მოგვცემს?

    რა ვუპასუხე?! - არაფერი. გავიფიქრე: ,, ტოჟე მნე ლელთ ღუნია!'' , ხურდა გამოვართვი,  ღიმილით გავისტუმრე.
    ვზივარ კომპის წინ პურჩაყრილი ქილით და ჩემთვის მაწონსა ვჭამ.
    გვიანშემოდგომის დილაუზმოზე, ცოტა არ იყოს, ცივი კია, მაგრამ ამაზე მარგებელი არაფერი ყოფილა.

                                                                                                                              ( ,,ჩემი დილაუზმოს ჩანაწერები'')

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები