ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2011


ელიოზას ბაღი

რაღაცით ღილს ჰგავდა ელიოზი. პერანგზე თუა, შეიძლება არც შეიკრა, აგწყდება და დისკომფორტს განიცდი. დააკერებ - დადიხარ ისევ არხეინად გაღეღილი, იცი – რამე რომ იყოს, ადგილზეა.
ჯვანჯიშვილი იყო გვარად. დიდი ვერაფერი თავმოსაწონი. არც იქამდე მსმენია და არც მის შემდეგ, ასეთი ჩამომავლობა.
მისი საგვარეულო, გენეალოგიური ნუსხა, ბალახამდე თუ გაქაჩავდა ოდენ, ისიც - ბამბუკის გამოკლებით.
პაპაშენს რა ერქვაო? – ჰკითხეს ერთხელ. დაფიქრდა, დაფიქრდა და: - ელიოზიო – უპასუხა.
დაახეთქა, თორემ მეტი არაა ჩემი და თქვენი მტერი, ეს რომ სცოდნოდა. წარმოშობაზეც არ ჰქონდა დამაიმედებელი პასუხი – ქალაქელები ვართო – ამტკიცებდა.
ცხოვრობდა მინდვრის თაგვივით მარტო, ნახევრადსარდაფში. ერთი ციცქნა ოთახი იყო, მისი მისაღები, სამზარეულო, საძინებელი და სახელოსნო – რაც მთავარია.
- რისი სახელოსნოო? – იკითხავთ.
ვისაც რა ჰქონდა შინ, დასაშლელ-ასაწყობ-საკერ-სახეხ-შესაკეთებელი, ადრე თუ გვიან, ელიოზის სახელოსნოში ამოჰყოფდა თავს. “კერასინკიდან” დაწყებული, ქალის, თვალწასული წინდით დამთავრებული. ოქროს ხელები ჰქონდა ელიოზს.
მეეზოვეობაც ევალებოდა შეთავსებით. მოურავი უფრო ეთქმოდა, მე თუ მკითხავთ. ეს იყო, ბატონი ჰყავდა მეტისმეტად ბევრი, პატრონი – არავინ, დედამიწის ზურგზე.
- ონკანი გაფუჭებულა ეზოში, ელიოზ!
- კარი ჩამეკეტა ელიოზ!
- ბაშვები სად არიან, ელიოზ?!
- ძაღლი რატომ ჰყეფს, ელიოზ?!
- კატას მტრედი შეუჭამია ელიოზ!
- ფანჯრები ჩამიმსხვრიეს ამ შობელძაღლებმა, ელიოზ!
- ბურთი გაგვიხეთქა, დაგვიწებე ელიოზ!
- წვიმს! ქრის! ცხელა! ცივა! ელიოზ! ელიოზ! ელიოზ! – ნიადაგ ჟღერდა ეზო-უბანში.
რომ გითხრათ ბევრს სვამდაო, არ ვიქნები მართალი. თუმცა სადილზე (ტრადიციულად, ვახშმის დროს რომ უწევდა), ერთ ბოთლ 8 ნომერს, უეჭველად გამოუყვანდა წირვას და ნახევრადსარდაფიდან, დარდიან -

“ოდესაც გიცქერ, ტკბილად ძგერს გული,
შენდამი ტრფობით გაგიჟებული,
ოდეს გცილდები, მწარედ ვსტირი მე,
შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე”-ს მოჰკრავდით ყურს, იმის ბეჭედი იყო, “მოურავს” – “შაბაში” ჰქონდა გამოცხადებული.

თავის სასიყვარულო ისტორია ან დრამა, არასდროს დასცდენია ელიოზს და ვის უგალობდა, ყოველ საღამოს, ძილის წინ, ვერაფერს გეტყვით. ერთი ესაა: ნატა ვაჩნაძის და დინა დურბინის სურათები ჰქონდა სასთუმალთან გამოკრული. უეჭველად, ან ერთს ეტრფოდა, ან მეორეს. შეიძლება, ორივეს ერთად. რას გაუგებდი ელიოზს?

ბავშვების გასაჭირის გაზიარება და მებაღეობა სიამოვნებდა ყველაზე მეტად. რა-რა და, მაგ მხრივ კი იყო დალხენილი. პატარები წარამარა აკითხავდნენ: ეს გაგვიფუჭდა-ეს გაგვიკეთესთვის, ეზოც დიდი იყო და ყვავილ-ხე-ბუჩქის დასარგავად, მრავლად მოიძებნებოდა ალაგი. სად იყო მაშინ ამდენი მანქანა, გარაჟი ხომ, მით უფრო. ელიოზიც რგავდა და ახარებდა მცენარეებს. იქ სუროს აუშვებდა კედელზე, აქ – ჩინურ ვარდს. ოლეანდრი, იასამანი, ზამბახი, ტიტა, გვირილა, შროშანი,- რა არ ხარობდა ეზოში. კვიპაროსებიც დარგო, მაგნოლია, ურთხმელი, ცაცხვი, ვერხვი, კედარი. სად შოულობდა, ან საიდან მოჰქონდა ათასი ჯურის ნერგები, ფლორამ თუ უწყის მხოლოდ.

პირველ სართულზე, ელიოზის ზემოთ, არფიკა ცხოვრობდა. გონებასთან და კდემამოსილებასთან საკმაოდ არხეინად მყოფი, სომხის ქალი. თავის დროს ალბათ ლამაზიც ეთქმოდა შავთვალა, მკერდსავსე არფენიკ ბაღჩოევნას, თუმცა ბალზაკის ასაკის მატარებლის უკანასკნელ ვაგონზე შემომჯდარი, შიგადაშიგ ახლაც ახერხებდა თავის ჩალხანების პოვნას.
ვისთანაც გაუთავებელი ჩხუბი და დავიდარაბა ჰქონდა ელიოზს – სწორედ ის არფიკა გახლდათ. მიზეზი? გამუდმებით ერთი და იგივე. დილაობით, ღამის ქოთნის საერთო ტუელტში ჩამოტანა ეზარებოდა ბაღჩოევნას და მსუბუქად მოსაქმებულს, უთენია, ელიოზის დარგულ კვიპაროსს მიუშვებდა ხოლმე.
ელიოზსაც კარგად ჰქონდა საეჭვო ჩხრიალზე ყური გამეცადინებული და ატყდებოდა ვაი-უშველბელი.
- ქალო! არა ხარ ახლა ღირსი, ეგ “გარშოკი”, მამაშენის ბოხოხივით, თავზე ჩამოგაფხატო?! რამდენჯერ უნდა გითხრა, ხე გახმება მეთქი! თანაც აყროლებ აქაურობას!
- აი, შენი აყროლბული თავი გახმა ელიოზ! რას გინდა?! გიჟია, ოხერი?! ერთხელაც იქნეს გამაგიჟო და ზღრენები, სულ შენ თავზე მოვყარო! – ოოო, ახლა კი დროა წერტილი დავუსვა ელიოზ-არფიკას ბატალიებს. თქვენთანაა უხერხული, თორემ მსგავს ფოლკლორს, მზის ამოსვლასავით იყვნენ შეჩვეული ძველი სახლის ბინადარნი.

ამ "ტვიქსივით" წყვილზე, მეტ-ნაკლები წარმოდგენა, შეგექმნათ უკვე. ვეცდები, სხვა მეზობლებიც გაგაცნოთ. რა ვიცი, ეგებ დაგაინტერესოთ, ან - დაგვჭირდეს მომავალში?
ანჯაფარიძეებით დავიწყოთ. ანბანის რიგი არ დაგვერღვევა, თან - ყველაზე დიდი ბინა, მათ ეკავათ სახლში.
ღვაწლმოსილი ეთნოგრაფი და ნუმიზმატი გახლდათ, ოჯახის თავი - ანტონ ანჯაფარიძე. პროფესორი, კათედრის გამგე, და ა.შ. რეგალიებით. მეუღლე, ქალბატონი ელენე, სამი შვილის დედა, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. უფროსი ვაჟი, ფიზიკოსი. 33 წლის კაცი, მეცნიერებათა დოქტორი იყო უკვე და მოსკოვიდან ასიოდე კილომოტრის მოშორებით, დუბნაში იკვლევდა ბირთვულ ფიზიკის, მავნე შესაძლებლობებს. ქალიშვილი -ცისანაც, პროფესორი ბრძანდებოდა, მამის დარად და ძმასავით, ჩრდილოეთის მიმართულება ჰქონდა აღებული საასპარეზოდ. ფორტეპიანოს ასწავლიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. ნაბოლარა, - გურამი იყო მხოლოდ, მამისეულ კერას შერჩენილი. თუმცა, მასაც უწევდა შიგადაშიგ, ხანგრძლივი მივლინებები. სხვადასხვა ეთნოსის შესწავლის სურვილი და ნუმიზმატიკისადმი ლტოლვა, მამისგან გამოჰყვა, უმცროს ანჯაფარიძეს. მაგრამ მათ დასაპყრობად, შედარებით სხვა გზა აირჩია. ქურდი იყო, კანონიერი.
ანჟაფარიძეებისგან მარჯვნივ, სტომატოლოგ - მოისეი ფრიდმანის ჯალაბი იყო წარმოდგენილი. ძველი სახლის ყველაზე შეძლებული ოჯახი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ურიის ვალი ჰქონდა," მთელ სამეზობლოს.


გაგრძელება იქნება, ალბათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები